მსოფლიოტექნოლოგიები

ბატისკაფ „ტიტანის“ ნამსხვრევები ზედაპირზე ამოიტანეს, დაღუპულებს ეძებენ (ვიდეო)

„ტიტანის“ ერთ დაღუპულ მგზავრსა და „ტიტანიკის“ ჩაძირვისას დაღუპულ ცოლ-ქმარს შორის ნათესაური კავშირი აღმოაჩინეს

ბატისკაფ „ტიტანის“ ნამსხვრევები, რომელიც ატლანტის ოკეანეში აფეთქდა ჩაძირულ „ტიტანიკთან“ ჩასვლის მცდელობისას, ზედაპირზე ამოიტანეს. ამის შესახებ მედია წერს. ხომალდის ნაწილები კანადის სანაპირო დაცვის პირსზე აიტანეს სენტ ჯონსში. ბატისკაფის წყლიდან ამოტანილ ნაწილებს შორისაა რამდენიმე საგანი – მეტალის ნაჭრები და აპარატურა. 

ტურისტული წყალქვეშა  ნავი „ტიტანი“ ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაქრა. მას შემდეგ, რაც სუბმარინმა OceanGate-თან კავშირზე გამოსვლა შეწყვიტა, მისი ჩაყვინთვის ადგილზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო, თუმცა 3 დღის განმავლობაში მაშველებმა ბატისკაფის (ოკეანოგრაფიული, ზღვის სიღრმეების საკვლევი აპარატი) მიახლოებითი მდებარეობაც კი ვერ დაადგინეს.  NBC-ს ცნობით, ჰაერის მარაგი წყალქვეშა ნავზე 22 ივნისს, 15:08 საათზე (თბილისის დროით) დამთავრდა, რის შემდეგაც კომპანია OceanGate-მა „ტიტანის“ ეკიპაჟის (5 ადამიანი) დაღუპვა გამოაცხადა. მოგვიანებით აშშ-ის სანაპირო დაცვის კონტრადმირალმა ჯონ მოგერმა დაადასტურა ეკიპაჟის ყველა წევრის დათუპვა და თქვა, რომ ბატისკაფის 5 დიდი ნაწილი აღმოაჩინეს, რაც მის აფეთქებას ადასტურებს. ამერიკის სანაპირო დაცვის ვარაუდით, „ტიტანი“ „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილიდან დაახლოებით 500 მეტრში აფეთქდა.

მეორე დღეს, 23 ივნისს Wall Street Journal-მა, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საიდუმლო აკუსტიკურმა სისტემამ, რომელიც წყალქვეშა მოწინააღმდეგეების აღმოჩენისთვისაა განკუთვნილი, ნამდვილად დააფიქსირა სუბმარინის აფეთქების ხმა  რამდენიმე საათის შემდეგ იმ მომენტიდან, როდესაც „ტიტანმა“ კუნძულ ნიუფაუნდლენდის მახლობლად წყლის ქვეშ ჩასვლა დაიწყო.

ვარაუდობენ, რომ ბატისკაფის კორპუსმა ოკეანის დიდ სიღრმეში ჩასვლისას წყლის უზარმაზარი მასის წნევას ვერ გაუძლო და აფეთქდა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის კონტრადმირალ ჯონ მოგერის თქმით, ნამსხვრევებს, რომლებიც ატლანტის ოკეანეში იპოვეს, დაზიანების ისეთი კვალი აქვს, რომელიც ხომალდის „შიგნით მიმართული კატასტროფული აფეთქებისთვის“ არის დამახასიათებელი.

„იქ, ოკეანის ფსკერზე გარემო წარმოუდგენლად მკაცრია. ნამსხვრევები ხომალდის კატასტროფულ აფეთქებას მოწმობენ“, – აქვეყნებს CNN სანაპირო დაცვის კონტადმირალ ჯონ მოგერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კატასტროფის ზუსტი მიზეზების  და ქრონოლოგიის დასადგენად დროა საჭირო.

ტურისტულ წყალქვეშა ნავ „ტიტანზე“ 5 ადამიანი იმყოფებოდა: კომპანიის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, 61 წლის სტოკტონ რაში, 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულეიმანი და ფრანგი მკვლევარი, 77 წლის პოლ-ანრი ნარჟოლე

მოგვიანებით New York Times-მა კომპანია OceanGate-ის მფლობელ სტოკტონ რაშსა და „ტიტანიკზე“ 1912 წელს დაღუპულ ერთ-ერთ მგზავრს შორის ნათესაური კავშირი აღმოაჩინა. სტოკტონის ცოლი, ვენდი რაში საცალო ვაჭრობის მაგნატ ისიდორ შტრაუსის, Macy’s-ის თანამფლობლის და მისი ცოლის, იდას შვილიშვილიშვილის შვილია. მათ ერთად დაახლოებით 40 წელი იცხოვრეს და „ტიტანიკთან“ ერთად დაიღუპნენ.

ითვლება, რომ შტრაუსები „ტიტანიკის“ ბორტზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანები იყვნენ, მაგრამ თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად კატასტროფის დროს ძალიან ღირსეულად, შეიძლება ითქვას, გმირულადაც მოიქცნენ. საზღვაო ოფიცერმა მეუღლეებს შესთავაზა, სამაშველო კანჯოზე ადგილი დაეკავებინათ, მაგრამ ისიდორმა უარი თქვა, რადგან უნდოდა, რომ სხვა მამაკაცებთან ერთად გაეზიარებინა ხვედრი. მან კანჯოზე თავისი ადგილი დათმო სიტყვებით, რომ უკვე დიდხანს იცხოვრა და ბევრი ნახა. მისი გადაწყვეტილების შემდეგ არც ცოლმა მოისურვა კანჯოში ჩაჯდომა საყვარელი ქმრის გარეშე. მან თქვა: „ჩემს ქმარს ვერ მივატოვებ. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და ერთად მოვკვდებით“.

იდამ თავის მოსამსახურეს – ელენს საკუთარი ბეწვის მანტო მისცა და კანჯოში თავისი ადგილი დაუთმო. მოგვიანებით ქმრის – ისიდორ შტრაუსის ცხედარი ტრაგედიის ადგილიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტთან, კანადის ქალაქ გალიფაქსთან აღმოაჩინეს და ნიუ-იორკში გადაასვენეს. იდას ცხედარი კი ვერ იპოვეს – ქალი სამარადისოდ ოკეანეში დარჩა.

ვენდი რაში – დაბადებით ვენდი ჰოლინგს ვეილი – შტრაუსების ერთ-ერთი ქალიშვილის შთამომავალია. ვენდი სტოკტონ რაშს 1986 წელს გაჰყვა ცოლად. ბოლო 2 წლის განმავლობაში იგი 3-ჯერ მონაწილეობდა OceanGate-ის ექსპედიციებში „ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად. მისი მეუღლე ისიდორ შტრაუსივით ელიტურ მოგზაურობას ემსხვერპლა.

ბატისკაფის პრობლემები

The New York Times-ის თანახმად, პროფესიონალურმა საზოგადოებამ გააფრთხილა OceanGate-ი, რომ შეშფოთებულია კომპანიის ექსპერიმენტული მიდგომის გამო. საზღვაო ტექნოლოგიების საზოგადოების ერთ-ერთმა კომიტეტმა, რომელშიც ოკეანის ინჟინრები და ტექნოლოგები შედიან, 2018 წელს წერილი გაუგზავნა სტოკტონ რაშს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა, რომ კომპანია თავისი პროექტების განხორციელებისას რისკებს არ აფასებს და შესაბამისი სააგენტოების ექსპერტებთან კონსულტაციებს არ გადის, რაზეც OceanGate-ის მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა რაშმა უპასუხა, რომ ინდუსტრიის რეგულირება „ინოვაციას აფერხებს”.

ტელეკომპანია NBC იტყობინება, რომ დაკარგულ ბატისკაფს „ციკლური დაღლილობის“ ნიშნები ჰქონდა. ამის შესახებ თავად სტოკტონ რაშმა ისაუბრა GeekWire-თან ინტერვიუში 2020 წელს. ამრიგად, ხომალდს ჩაყვინთვა მაქსიმუმ 3000 მეტრამდე შეეძლო, ხოლო ჩაძირული „ტიტანიკი“ 3800 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს . ოკეანოგრაფიულ ლაბორატორიაში 2019 წლის დეკემბერში პრეზენტაციისას OceanGate-მა ასევე მიუთითა, რომ მოწყობილობის ჩაყვინთვის მაქსიმალური სიღრმე არის 3000 მეტრი, თუმცა კომპანიის ვებგვერდზე დღესაც წერია, რომ „ტიტანს“ შეუძლია წყალქვეშ 4 ათასი მეტრის სიღრმეზე ჩასვლა, თავად ხომალდი კი აგრძელებს ექსპედიციებს „ტიტანიკის“ ნამსხვრევებისკენ.

ფილმ „ტიტანიკის” რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში თავისი ემოციების შესახებ ისაუბრა „ტიტანის“ ისტორიასთან დაკავშირებით. კემერონის თქმით, ბევრმა ექსპერტმა, რომლებმაც იციან, როგორ მუშაობს წყლისქვეშ ღრმად ჩასვლისთვის განკუთვნილი აპარატები,  ბატისკაფის ოპერატორ კომპანიას შენიშვნებით მიმართა. მათ წერილები მისწერეს OceanGate Expeditions-ს, სადაც ნათქვამია, რომ  ბატისკაფს სერტიფიკატი სჭირდებოდა და მას ზედმეტად ექსპერიმენტული უწოდეს იმისათვის, რომ ოკეანის ფსკერზე ადამიანებთან ერთად ჩასულიყო.

– ეს უფროსების სათამაშოა. ბევრი ექსპერტი წინასწარ იყო ძალიან შეშფოთებული და ზოგიერთი ყველაზე მაგარი ინჟინერი, რომელიც სპეციალიზებულია წყალქვეშ ღრმად ჩასვლაზე, პირდაპირ დაუკავშირდა ამ კომპანიას, – თქვა რეჟისორმა, – ასე რომ, გამაოცა „ტიტანიკის“ კატასტროფასთან მსგავსებამ, რომლის კაპიტანი რამდენჯერმე გააფრთხილეს გემის სვლის მიმართულებით, მის გზაზე აისბერგის არსებობის შესახებ, ამის მიუხედავად, ის მთელი სისწრაფით წინ მიდიოდა უმთვარო ღამეში, რის  შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა“.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. დაკარგული წყალქვეშა ნავის, „ტიტანის“ ნამსხვრევებში, რომლებიც ოთხშაბათს სენტ-ჯონსში აიტანეს, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილებია აღმოჩენილი. ამის შესახებ აშშ-ის სანაპირო დაცვა იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ნაპოვნ ადამიანის სხეულის ნაწილებს ამერიკელი სამედიცინო პროფესიონალები ოფიციალურ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

„ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა გავიგოთ, რამ გამოიწვია „ტიტანის“ კატასტროფული დაღუპვა, ეს დაგვეხმარება, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს“, – განაცხადა საზღვაო საგამოძიებო საბჭოს (MBI) მეთაურმა, კაპიტანმა ჯეისონ ნოიბაუერმა.

ამავე თემაზე:

ჩაძირული „ტიტანიკის“ სანახავად წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი „ტიტანი“ გაუჩინარდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close