ჩვენ შესახებ

ჩვენი პროფესიონალი ჟურნალისტების გუნდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ემიგრაციის თემატიკაზე ყოველკვირეულ გაზეთში „გეორგიანი ეფიმერიდა“ („ჯორნალე ჯორჯიანო, ქართული გაზეთი“), რომელიც საბერძნეთში იბეჭდებოდა  და საბერძნეთსა და იტალიაში ვრცელდებოდა.
საიტი nostal.ge, უპირატესად, ემიგრანტებისთვისაა შექმნილი, თუმცა ვებრესურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის, ცხადია, საქართველოშიც. ეს ძალიან კარგია, რადგან ქართველი ემიგრანტების პრობლემებს თუ წარმატებებს, მათ ტკივილს თუ სიხარულს, მათ სულისკვეთებას საქართველოშიც გაიგებენ და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიც; და ერთგვარად, ჩვენი საიტის მეშვეობით, საქართველოსთან მათი კავშირის კიდევ ერთი ძაფი გაიბმება.
nostal.ge სრულიად დამოუკიდებელი საიტია, ყოველგვარი პარტიული მიკუთვნებისა და პოლიტიკური ინტერესების გარეშე. ჩვენი მთავარი ღირებულებებია: გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების და ღირსების, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის დაცვა, პროფესიონალიზმი და სანდოობა.
საიტის სახელწოდება შემთხვევით არ შეგვირჩევია: ცნობილია, რომ ქართველებს (ყოველ შემთხვევაში, მათ უმეტესობას), სხვა ერებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით უჭირთ მშობლიური ფესვებისგან მოწყვეტა და უცხო ნიადაგზე ყოფნა, ნოსტალგია უკიდურესად ქართული განცდაა. თუმცა ახლა სიტყვა „ნოსტალგია“ უფრო ფართო მნიშვნელობითაც იხმარება: ბავშვობის, მშობლიური სახლის მონატრებასაც ნიშნავს და კიდევ ბევრი ძვირფასი რამის მონატრებას, რაც ჩვენგან შორსაა… ამიტომაც ჩვენი საიტის თემატიკა მრავალფეროვანია, თუმცა უპირატესი მაინც ემიგრანტული თემებია.
ჩვენი მთავარი მიზანია, შეძლებისდაგვარად მივაწოდოთ სანდო ინფორმაცია უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს საკანონმდებლო, სამედიცინო, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე, რომელიც მათ უცხო გარემოში ადაპტაციაში, საკუთარი ადგილის პოვნაში დაეხმარება, რათა სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი და მარგინალობის განცდა არ ჰქონდეთ. უამრავი საშუალება არსებობს, რომ უცხოეთშიც იპოვოთ საკუთარი მოწოდება და, ძირითადი სამუშაოს პარალელურად, თქვენი უნარები განავითაროთ, თქვენი ინტერესები დაიკმაყოფილოთ – მაგ., როგორც საბერძნეთში: სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლა უფასოა, ჩაბარება არც ისე ძნელია, თანაც ბინადრობის უფლების მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა (ამის თაობაზე ჩვენს საიტზე წაიკითხავთ უფრო დაწვრილებით). სადაც ცხოვრობთ, ამჟამად ის გარემოა „თქვენი“ და ეცადეთ, იმ გარემოში გახდეთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ამაში კი ჩვენც დაგეხმარებით, როგორც შეგვიძლია! თუმცა მუდამ გახსოვდეთ სამშობლო, რომელიც დაგელოდებათ!
წარმატებებს გისურვებთ!
nostal.ge-ს გუნდი
Back to top button
Close