საზოგადოებასაბერძნეთი

MARKET PASS საბერძნეთში: ვინ მიიღებს 1000 ევრომდე დახმარებას და საჭიროა თუ არა განაცხადი

საბერძნეთში საშობაო დღესასწაულებამდე ახალი სასურსათო დახმარების პროგრამის – Market Pass-ის ამოქმედება იგეგმება. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახები საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად სპეციალურ ვაუჩერებს მიიღებენ. საშუალო ყოველთვიური დახმარება დაახლოებით 60 ევრო იქნება, თუმცა ზოგიერთმა ბენეფიციარმა პირველი ჩარიცხვისას შესაძლოა 1000 ევრომდე მიიღოს – წინა პერიოდში დარიცხული თანხების გათვალისწინებით.

პროგრამის საერთო ბიუჯეტი 400 მილიონი ევროა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებიდან გამოიყოფა მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

საბერძნეთის სოციალური ერთიანობისა და ოჯახის მინისტრის, დომნა მიხაილიდუს განცხადებით, მთავრობის მიზანია, პირველი გაზრდილი დახმარება მოქალაქეებმა შობის დღესასწაულებამდე მიიღონ. ახალი სისტემა ძველისგან იმით განსხვავდება, რომ ბენეფიციარებს აღარ დაურიგდებათ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტების პაკეტები – ისინი თავად გადაწყვეტენ, რა შეიძინონ და რომელ მაღაზიაში გამოიყენონ ვაუჩერი.

რა არის MARKET PASS და როგორ იმუშავებს ახალი პროგრამა

სასურსათო დახმარების ახალი სისტემა საბერძნეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში დაამტკიცა. ის ევროკავშირის პროგრამის „ადამიანური რესურსები და სოციალური თანმიმდევრობა 2021-2027“ (ESPA) ფარგლებში ხორციელდება.

400 მილიონი ევროს დაფინანსებით გათვალისწინებული დახმარება სპეციალური ელექტრონული ან სხვა დამტკიცებული ფორმის ვაუჩერებით გაიცემა. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პროგრამაში ჩართულ სავაჭრო ობიექტებში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბენეფიციარები თავად შეარჩევენ მათთვის საჭირო პროდუქტებს. ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ მსხვილ სუპერმარკეტებში, არამედ მცირე ადგილობრივ, მათ შორის, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებსა და სხვა სასურსათო სავაჭრო ობიექტებშიც.

დახმარების მიზანია, ერთი მხრივ, მოწყვლადი ოჯახების მსყიდველუნარიანობის გაზრდა, მეორე მხრივ კი, მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტების მხარდაჭერა.

გასათვალისწინებელია, რომ ვაუჩერის თანხა ნაღდი ფულის სახით არ გაიცემა და მისი განაღდება შეუძლებელი იქნება. თანხის გამოყენება მხოლოდ საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად იქნება ნებადართული. პროგრამით არ დაიფარება თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლური სასმელებისა და აზარტული თამაშებისთვის საჭირო პროდუქციის შეძენა.

ვის ეკუთვნის ახალი სასურსათო დახმარება

ამ ეტაპზე პროგრამის ძირითადი სამიზნე ჯგუფია ოჯახები, რომლებიც საბერძნეთის მინიმალური გარანტირებული შემოსავლის (Ελάχιστο Εγγυημένο Εισόδημα – EEE) მიმღებები არიან. ეს დახმარება ადრე სოციალური სოლიდარობის შემოსავლის (ΚΕΑ) სახელით იყო ცნობილი.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ახალი ვაუჩერების მიღება დაახლოებით 116 000 ოჯახს შეეძლება.

თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო ვაუჩერების მიღების უფლება და წინა პერიოდზე დაგროვილი თანხის მოთხოვნის უფლება ერთი და იგივე არ არის.

ახალი ვაუჩერების მიღება შეეძლებათ იმ პირებს, რომლებიც მინიმალური გარანტირებული შემოსავლის პროგრამის მოქმედი ბენეფიციარები იქნებიან, თუმცა წინა პერიოდზე დაგროვილი დახმარების მისაღებად დამატებითი პირობა მოქმედებს: ოჯახს სასურსათო დახმარების პროგრამაში მონაწილეობა ჯერ კიდევ წარსულში უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული.

სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავს, ვის შეიძლება დაერიცხოს მხოლოდ მიმდინარე დახმარება და ვის – დაგროვილი თანხებიც.

გარდა ამისა, საბერძნეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი სისტემის მიხედვით, პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ უკიდურეს სიღარიბეში მყოფ სხვა პირებსა და ოჯახებსაც, შესაბამისი სოციალური სამსახურების მიერ მათი მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში.

მიიღებენ თუ არა ბენეფიციარები 1000 ევროს

ეს საკითხი პროგრამის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

მინისტრ დომნა მიხაილიდუს მიერ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი თვის საშუალო ვაუჩერის ღირებულება დაახლოებით 60 ევრო იქნება, თუმცა პირველი ჩარიცხვა შესაძლოა მნიშვნელოვნად მეტი აღმოჩნდეს, რადგან მასში წინა პერიოდზე დაგროვილი დახმარებაც შევა.

სწორედ ამიტომ ზოგიერთმა ბენეფიციარმა შესაძლოა პირველ ეტაპზე დაახლოებით 1000 ევრო მიიღოს.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოჯახს ერთნაირი თანხა დაერიცხება. საბოლოო ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ პერიოდზე, რომლისთვისაც ოჯახს დახმარება ეკუთვნის, ასევე, პროგრამის საბოლოო წესებსა და ბენეფიციარის სტატუსზე.

ბერძნული მედიის ცნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირს 2024 წლის მარტიდან მოყოლებული ჰქონდეს დაფიქსირებული სასურსათო დახმარების მიღების სურვილი და ახალი სისტემის ამოქმედების მომენტშიც მინიმალური გარანტირებული შემოსავლის მოქმედი ბენეფიციარი იყოს.

მათ, ვისაც სასურსათო დახმარებაში მონაწილეობა ადრე არ დაუფიქსირებია, შესაძლოა ახალი ვაუჩერების მიღების უფლება ამ სისტემის ამოქმედებიდან წარმოეშვათ, თუმცა წინა პერიოდზე თანხა არ დაერიცხოთ.

საჭიროა თუ არა ახალი განაცხადის შევსება

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ პირებისთვის, რომლებიც მინიმალური გარანტირებული შემოსავლის მოქმედი ბენეფიციარები არიან და სასურსათო დახმარების პროგრამაში მონაწილეობა უკვე აქვთ დაფიქსირებული, ცალკე განაცხადის შევსება საჭირო არ იქნება.

მათი მონაცემების გადამოწმება და პროგრამაში ჩართვა არსებული ადმინისტრაციული სისტემის მეშვეობით ავტომატურად უნდა განხორციელდეს.

მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური გარანტირებული შემოსავლის მისაღებად შემუშავებულ განაცხადის ფორმაში გათვალისწინებულია სასურსათო დახმარების ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილის დაფიქსირების შესაძლებლობაც.

შესაბამისად, ვისაც ამ დახმარების მიღება სურს, უნდა გადაამოწმოს, აქვს თუ არა თავის განაცხადში მითითებული აღნიშნული ინფორმაცია და კვლავ აკმაყოფილებს თუ არა მინიმალური გარანტირებული შემოსავლის მიღების პირობებს.

ამასთან, ახალი პროგრამის საბოლოო წესები, დოკუმენტების ჩამონათვალი და გადახდის ზუსტი თარიღები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. შესაბამისი დეტალები მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით (ΚΥΑ) უნდა განისაზღვროს.

როდის დაიწყება ვაუჩერების გაცემა

საბერძნეთის მთავრობის მიზანია, პირველი გაზრდილი დახმარება ბენეფიციარებმა შობის დღესასწაულებამდე მიიღონ.

ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საბოლოო პირობების დამტკიცება ნოემბერში იგეგმება, რის შემდეგაც გადახდის თარიღიც დაზუსტდება.

სასურსათო დახმარების ახალი სისტემა მნიშვნელოვანი ცვლილებაა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის: წინასწარ შედგენილი პროდუქტების პაკეტების ნაცვლად, მათ თავად შეეძლებათ საჭირო პროდუქციის შერჩევა და შესაძენად ვაუჩერის გამოყენება.

საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე კი ბენეფიციარებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 1000 ევრო პირველი ჩარიცხვის შესაძლო მაქსიმალური საორიენტაციო თანხაა და არა ყველასთვის გარანტირებული დახმარება.

ნინო ბაჯელიძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close