პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი სასაზღვრო რეგიონებში დასახლების მსურველებს 10 000 ევრომდე აფინანსებს

საბერძნეთის მთავრობა ქვეყნის სასაზღვრო და დემოგრაფიული პრობლემების მქონე რეგიონებში მუდმივად გადასახლების მსურველებს 10 000 ევრომდე ფინანსურ დახმარებას სთავაზობს. განაცხადების ელექტრონული პლატფორმა, მთავრობის გეგმის მიხედვით, 2026 წლის ოქტომბერში გაიხსნება.

ამის შესახებ საბერძნეთის სოციალური ერთიანობისა და ოჯახის საკითხების მინისტრმა დომნა მიხაილიდუმ ტელეარხ ANT1-ის ეთერში განაცხადა. ინფორმაცია ბერძნულმა გამოცემა Imerisia-მაც გაავრცელა.

პროგრამის მიზანია იმ რეგიონების დემოგრაფიული გაძლიერება, სადაც მოსახლეობის შემცირება განსაკუთრებით მწვავე პრობლემად რჩება. ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას უკავშირებს ასევე ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებს, რათა ადამიანებისთვის ასეთ რეგიონებში მუდმივი საცხოვრებლის არჩევა უფრო რეალური გახდეს.

ვის შეუძლია 10 000 ევრომდე დახმარების მიღება

მიხაილიდუს განცხადებით, პროგრამა თავდაპირველად ევროსის რეგიონში, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვართან დაიწყო და ეტაპობრივად სხვა ტერიტორიებსაც მოიცავს.

„მიგრაციისა და გადასახლების პროგრამა ევროსიდან დავიწყეთ. ის ახალ რეგიონებში ფართოვდება და ოქტომბერში პლატფორმას გავხსნით. საბერძნეთის სასაზღვრო რეგიონებში გადასახლებისთვის ადამიანებსა და ოჯახებს 10 000 ევრომდე დახმარებას გავუწევთ“, – განაცხადა მინისტრმა.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ საცხოვრებელ ადგილზე სამუშაოს წინასწარ არსებობა სავალდებულო პირობა არ იქნება. ხელისუფლება ასევე ცდილობს, პროგრამით ისარგებლონ იმ ბერძნებმა, რომლებიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობენ და საბერძნეთში დაბრუნებას გეგმავენ.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბერძნეთისთვის, რადგან პროგრამა მხოლოდ მოსახლეობის გადაადგილებას კი არ ემსახურება, არამედ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად.

რომელი რეგიონები ჩაერთვება პროგრამაში?

პროგრამა უკვე გაფართოვდა და საბერძნეთის რამდენიმე რეგიონული ერთეული მოიცვა, მათ შორის, კასტორია, ფლორინა, კილკისი, სერესი, პელა და დრემა.

2026 წლის სექტემბრის ახალი გადაწყვეტილებით, პროგრამას ემატება ეპირის რამდენიმე მუნიციპალიტეტიც. კერძოდ, საუბარია იოანინის რეგიონული ერთეულის რვა მუნიციპალიტეტიდან შვიდზე, ასევე სულისა და ფილიატეს მუნიციპალიტეტებზე. პროგრამაში ახალი ტერიტორიების ჩართვა ოფიციალურად გაფორმდება შესაბამისი ერთობლივი დადგენილებით.

საბერძნეთის სოციალური ერთიანობისა და ოჯახის საკითხების სამინისტროს ინფორმაციით, გაფართოებული პროგრამა ითვალისწინებს 6 000-დან 10 000 ევრომდე დახმარებას, რომლის ოდენობაც ოჯახისა და შინამეურნეობის შემადგენლობის მიხედვით შეიძლება გაიზარდოს.

პროგრამის ერთ-ერთი პირველი მიმართულება იყო ევროსის რეგიონი. იქ ხელისუფლება უკვე სთავაზობდა 10 000 ევრომდე დახმარებას იმ ოჯახებს, რომლებიც კონკრეტულ დასახლებებში მუდმივად გადასახლებას გადაწყვეტდნენ.

განსაკუთრებული მხარდაჭერა კასტელორიზოსთვის

სასაზღვრო და კუნძულოვანი რეგიონების მხარდაჭერის ცალკე მაგალითია კასტელორიზო – კუნძული ეგეოსის ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან.

მინისტრის განცხადებით, კასტელორიზოზე მცხოვრები საჯარო სექტორის თანამშრომლებისა და კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის გათვალისწინებულია წლიური 5 000 ევროს ოდენობის დახმარება, ხოლო თითოეულ ბავშვზე დამატებით 1 000 ევრო.

ხელისუფლება კუნძულზე მხოლოდ ფინანსურ წახალისებას არ გეგმავს. საუბარია ახალი სერვისების განვითარებაზეც, მათ შორის, ბაგა-ბაღისა და სკოლის შექმნაზე. ასევე გათვალისწინებულია დამატებითი სტიმულები განსაკუთრებით საჭირო პროფესიის ადამიანებისთვის, მათ შორის, ექიმებისთვის.

საბერძნეთში დაბრუნების მსურველთათვისაც

პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უცხოეთში მცხოვრები ბერძნების სამშობლოში დაბრუნებაა.

საბერძნეთის ხელისუფლების განმარტებით, მიზანია არა მხოლოდ სასაზღვრო რეგიონებში უკვე მცხოვრები მოსახლეობის შენარჩუნება, არამედ ახალი ოჯახების მოზიდვა და ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების დაბრუნების წახალისებაც. სწორედ ამიტომ პროგრამის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა საინტერესო იყოს იმ ბერძნებისთვისაც, რომლებიც წლების განმავლობაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ და სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ.

მინისტრის თქმით, დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ფინანსური დახმარებით შეუძლებელია და საჭიროა ერთდროულად ფინანსური სტიმულები, ინფრასტრუქტურა, მომსახურებები და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა.

ელექტრონული პლატფორმა განაცხადების მისაღებად ოქტომბერში უნდა ამოქმედდეს. პროგრამის კონკრეტული პირობები და განაცხადის პროცედურა შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ დაზუსტდება.

ნინო ბაჯელიძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close