ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალიის 2027 წლის ბიუჯეტი: ახალი შეღავათები, დახმარებები და გადასახადების შემცირება

ჯორჯა მელონის მთავრობამ იტალიის 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. 26 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური გეგმა ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს, ოჯახების მხარდაჭერას, ახალგაზრდების დასაქმების წახალისებას, პენსიონერთა დახმარებასა და ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდას.

როგორც „კორიერე დელა სერა“ წერს, თავდაპირველი ზოგიერთი ხმაურიანი დაპირება მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროექტში საერთოდ ვერ მოხვდა, სხვები კი პირვანდელ გეგმასთან შედარებით შეიცვალა.

2027 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:

ავტომობილის ყოველწლიური გადასახადის გაუქმება

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ავტომობილების მფლობელებს ეხება. მთავრობა კანონმდებლებს სთავაზობს, გაუქმდეს ავტომობილის ყოველწლიური გადასახადი – ე. წ. Bollo auto 80 კვტ-მდე სიმძლავრის (დაახლოებით 109 ცხენის ძალა) მსუბუქ ავტომობილებზე და მოტოციკლებზე. ჯორჯა მელონის განცხადებით, ეს იტალიაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 70%-ს მოიცავს.

გასათვალისწინებელია, რომ შეღავათი თითოეულ ფიზიკურ პირზე მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებას შეეხება, აქედან გამომდინარე, მოტოციკლზე შეღავათით მხოლოდ ის პირი ისარგებლებს, რომელსაც 80 კვტ-მდე სიმძლავრის ავტომობილისთვის შეღავათი არ მიუღია.

საშემოსავლო გადასახადის შემცირება

ცვლილებები შეეხება დასაქმებულებსაც. მთავრობა საშემოსავლო გადასახადის (IRPEF) 33%-იანი განაკვეთის მოქმედების ზედა ზღვრის 50 000-დან 55 000 ევრომდე გაზრდას გეგმავს.

ეს ნიშნავს, რომ 2027 წელს 55 000 ევრომდე წლიური დასაბეგრი შემოსავლის მქონე პირებისთვის შესაბამის საგადასახადო კატეგორიაში 33%-იანი განაკვეთი გავრცელდება. შეღავათით მიღებული მაქსიმალური ეკონომია წელიწადში 500 ევრო იქნება.

თავდაპირველად განიხილებოდა ზღვრის 60 000 ევრომდე გაზრდა, თუმცა საბოლოო პროექტში 55 000 ევრო ჩაიწერა.

ასევე, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში არ გაითვალისწინეს მე-13 ხელფასის (tredicesima) დაბეგვრის გაუქმების დაპირება.

შეღავათი თვითდასაქმებულებისთვის

ბიუჯეტის პროექტით, იტალიაში Partita IVA-ს მქონე თვითდასაქმებულთათვის ე. წ. Forfettario-ს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობისთვის წლიური შემოსავლის ზედა ზღვარი 85 000-დან 100 000 ევრომდე იზრდება.

ამ რეჟიმში გადასახადის განაკვეთი 15% რჩება (რომელიც 5%-მდე მცირდება ახლად დაწყებული საქმიანობისთვის, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში). დღგ-ისგან (IVA) გათავისუფლების ზღვრის 100 000 ევრომდე გაზრდაზე ევროკომისიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირის შესაბამის წესებთან შეთანხმების მიზნით.

საგადასახადო შეღავათები ახალგაზრდა დასაქმებულებისთვის

კერძო სექტორში დასაქმებული 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომელთა წლიური შრომითი შემოსავალი 28 000 ევროს არ აღემატება, გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი – კერძოდ, 2027 წელს ხელფასის მატების ნაწილი, მაქსიმუმ 2500 ევრო, მხოლოდ 1%-ით დაიბეგრება. ამასთან, 30 წლამდე დასაქმებულებისთვის დამატებითი სარგებლის (fringe benefit) გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი 1000-დან 2000 ევრომდე იზრდება.

შეღავათები ბინის გამქირავებლებისთვის

ცვლილებები შეეხება საცხოვრებელი ფართის მფლობელებსაც, რომლებიც ბინებს შეთანხმებული ქირის განაკვეთით (canone concordato) აქირავებენ.

ასეთ შემთხვევაში ე. წ. Cedolare secca-ს გადასახადის განაკვეთი 10%-დან 5%-მდე შემცირდება, ხოლო თუ ბინის დამქირავებელი 35 წლამდე ასაკის იქნება, გადასახადის განაკვეთი მხოლოდ 1%-ით განისაზღვრება.

ეს შეღავათი შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს როგორც იტალიაში უძრავი ქონების მფლობელი ოჯახებისთვის, ისე მათთვის, ვინც საცხოვრებელს ქირაობს. თუმცა შეღავათით სარგებლობა შესაბამის ხელშეკრულებასა და კანონით განსაზღვრული პირობების დაცვას მოითხოვს.

300-ევროიანი სამედიცინო ვაუჩერი პენსიონერებისთვის

მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტში 300 ევროს ღირებულების სამედიცინო ვაუჩერსაც ითვალისწინებს 75 წელს გადაცილებული იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა წლიური პენსია 28 000 ევროს არ აღემატება.

ვაუჩერი განკუთვნილი იქნება იმ სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დასაფინანსებლად, რომლებსაც იტალიის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა (Servizio Sanitario Nazionale – SSN) სრულად არ ფარავს.

ამასთან, მთავრობა ჯანდაცვის ეროვნულ ფონდს დამატებით 3,4 მილიარდ ევროს გამოუყოფს. შედეგად, 2027 წელს ჯანდაცვის საერთო დაფინანსება 146,3 მილიარდ ევროს მიაღწევს.

მშობლის ანაზღაურებადი შვებულების გაზრდა

ბიუჯეტის პროექტი მშობლის ანაზღაურებადი შვებულების გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. პირველი ბავშვის შემთხვევაში მშობლებს ხელფასის 80%-იანი ანაზღაურებით ოთხი თვის განმავლობაში შეეძლებათ სარგებლობა, მეორე ბავშვის დაბადებისას შვებულების ეს პერიოდი – ხუთ თვემდე, ხოლო მესამე და მომდევნო ბავშვის დაბადებისას ექვს თვემდე გაიზრდება.

სახელმწიფო დანაზოგი ახალშობილებისთვის

ახალშობილებისთვის 2027 წლიდან სახელმწიფო დაგროვებითი ანგარიშის გახსნას გეგმავს.

ინდივიდუალურ დაგროვებით ანგარიშს იტალიის სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი (INPS) გახსნის ახალშობილის სახელზე. სახელმწიფო ამ ანგარიშზე ყოველწლიურად 100 ევროს ჩარიცხავს მანამ, სანამ ბავშვი სრულწლოვანებას მიაღწევს. ანგარიშის შევსება მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებსაც შეეძლებათ. თანხა გათავისუფლებული იქნება ყოველგვარი გადასახადისგან, არ დაექვემდებარება დაყადაღებას და მისი განკარგვა საკუთარი სურვილისამებრ შეეძლება ანგარიშის მფლობელს 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.

გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ საგანგებო შემთხვევები – ასეთ სიტუაციაში თანხის გატანისთვის მეურვეს მოსამართლის ნებართვა დასჭირდება.

რა იგეგმება საპენსიო სისტემაში?

საპენსიო სისტემის ცვლილებებისთვის 2027-2029 წლებში ყოველწლიურად 850 მილიონი ევროს გამოყოფაა გათვალისწინებული.

მმართველი კოალიციის პარტია „ლიგა“ (Lega) პენსიაზე ვადამდე გასვლის შესაძლებლობების გაფართოებას ითხოვს. ერთ-ერთი განხილული ვარიანტია 64 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შესაძლებლობის შემოღება, თუმცა კონკრეტული პირობები და ამ მექანიზმით სარგებლობის კრიტერიუმები ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის.

ვინ დააფინანსებს ახალ საბიუჯეტო ზომებს?

მთავრობა ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილის დაფინანსებას ბანკების, სადაზღვევო და ენერგეტიკული კომპანიების დამატებითი შენატანებით გეგმავს.

ფინანსურმა სექტორმა ბიუჯეტში 5 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეიტანოს, ხოლო ენერგეტიკული კომპანიებისგან დაახლოებით 700 მილიონი ევროს მიღებაა გათვალისწინებული.

რა არის მნიშვნელოვანი იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში რამდენიმე ისეთი ცვლილებაა, რომლებიც იტალიაში მცხოვრებ ქართველებსაც შეიძლება შეეხოს: Partita IVA-ს მქონე თვითდასაქმებულებს, ახალგაზრდა დასაქმებულებს, ბინის გამქირავებლებსა და დამქირავებლებს, ასევე, იმ ოჯახებს, რომლებიც მშობლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობენ.

თუმცა კონკრეტული შეღავათის მიღების შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება თითოეული პირის შემოსავალზე, ასაკზე, დასაქმების ფორმასა და კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებზე. საბოლოო პასუხი კი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტი ბიუჯეტს დაამტკიცებს და შესაბამისი წესები გამოქვეყნდება.

როდის შევა იტალიის 2027 წლის ბიუჯეტი ძალაში?

მთავრობის მიერ დამტკიცებისა და რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კანონპროექტი უკვე იტალიის პარლამენტს გადაეცა. განხილვის პროცესი დეპუტატთა პალატაში დაიწყო. პარლამენტმა საბიუჯეტო კანონი არაუგვიანეს 31 დეკემბრისა უნდა დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში დროებითი საბიუჯეტო რეჟიმის (esercizio provvisorio) ამოქმედების საჭიროება დადგება.

საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში გაიმართება მოსმენები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ პროფესიული ორგანიზაციის წარმომადგენლები. განხილვებში ჩაერთვებიან სენატის საბიუჯეტო კომიტეტის წევრებიც.

აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები ასახულია საბიუჯეტო გეგმის პროექტში (Documento programmatico di bilancio – DPB), რომელიც იტალიამ ევროკომისიას უკვე 15 ოქტომბერს გადაუგზავნა.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close