24-საათიანი მარშრუტები ათენში შაბათობით – მეტრო, ავტობუსები და ტრამვაი

ათენში შაბათობით საზოგადოებრივი ტრანსპორტი 24 საათის განმავლობაში მუშაობს – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ღამით უწევს მგზავრობა. რომელი მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსის ხაზებია ხელმისაწვდომი და რა ინტერვალით მოძრაობენ ისინი?
ათენში შაბათობით საზოგადოებრივი ტრანსპორტის 24-საათიანი მუშაობა უკვე მუდმივ პრაქტიკად იქცა. სისტემა 2025 წლის სექტემბერში ამოქმედდა და ერთი წლის თავზე ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზაცია OASA აცხადებს, რომ ინიციატივამ გაამართლა – ამ პერიოდში ღამის მომსახურებით 2 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
შაბათობით მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს მეტროს მე-2 და მე-3 ხაზები, ასევე, ტრამვაის T6 და T7 ხაზები. გარდა ამისა, 24-საათიან რეჟიმში გადადის 11 ავტობუსის მარშრუტი. ამ ყველაფერს ემატება ის ხაზები, რომლებიც ათენში ისედაც 24 საათის განმავლობაში ან ღამის რეჟიმში მუშაობს.
რომელი მეტროს ხაზები მუშაობს ღამით?
მეტროს მე-2 ხაზზე შაბათობით ღამის განმავლობაში მატარებლები მოძრაობს შემდეგი ინტერვალებით:
- 22:00-დან 00:20-მდე – დაახლოებით ყოველ 10 წუთსა და 50 წამში;
- 00:20-დან 05:30-მდე – ყოველ 15 წუთში;
- 05:30-დან 07:00-მდე – ყოველ 12 წუთსა და 30 წამში;
- 07:00-დან 10:00-მდე – დაახლოებით ყოველ 10 წუთსა და 50 წამში.
მე-3 ხაზზე 22:00-დან 00:20-მდე მატარებლები დაახლოებით ყოველ 9 წუთში მოძრაობს, 00:20-დან 05:30-მდე კი – ყოველ 15 წუთში. დილის საათებში ინტერვალი კვლავ მცირდება. აეროპორტის მიმართულებით მატარებლების მოძრაობის გრაფიკი განსხვავებულია და ღამის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი დაახლოებით 36 წუთია.
მნიშვნელოვანია, რომ 24-საათიანი რეჟიმი არ ვრცელდება მეტროს პირველ ხაზზე, რომელიც პირეოსს კიფისიასთან აკავშირებს. შესაბამისად, პირველ ხაზზე მგზავრობისას ჩვეულებრივი განრიგი უნდა გაითვალისწინოთ.
ტრამვაიც მთელი ღამე მოძრაობს
შაბათობით 24 საათის განმავლობაში მუშაობს ტრამვაის T6 და T7 ხაზები.
22:00-დან 00:30-მდე ორივე ხაზზე ტრამვაი დაახლოებით ყოველ 15 წუთში მოძრაობს. 00:30-დან 05:30-მდე ინტერვალი 25 წუთამდე იზრდება, ხოლო დილის 05:30-დან 10:00-მდე კვლავ მცირდება დაახლოებით 12 წუთამდე.
ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ათენის სამხრეთის მიმართულებით გადაადგილებისთვის, მათ შორის, გვიან ღამით სამუშაოდან, რესტორნებიდან ან სხვა ადგილებიდან დაბრუნებისას.
11 ავტობუსის ხაზი მთელი ღამის განმავლობაში
შაბათობით 24-საათიანი მუშაობს რეჟიმზეა შემდეგი ავტობუსის მარშრუტები:
- 049 – პირეოსი – ომონია;
- 221 – პანეპისტიმიუპოლი – აკადემია;
- 224 – კესარიანი – ელ. ვენიზელუ;
- 421 – აგიოი ანარგიროი – აგია პარასკევი;
- 550 – პალეო ფალირო – კიფისია;
- 608 – გალაცი – აკადემია – ზოგრაფოს სასაფლაო;
- 703 – პირეოსი – აგიოი ანარგიროი – აგიოს ელეფთერიოსი;
- 842 – პერამა – კორიდალოსის სადგური;
- A15 – ლარისის სადგური – დასოსი;
- B11 – ვათის მოედანი – ილიონი – პეტრუპოლი;
- B12 – ატიკის სადგური – ანო ლიოსია.
ამ ხაზებს ემატება ის ავტობუსები, რომლებიც კვირის ყველა დღეს 24 საათის განმავლობაში ან ღამის რეჟიმში მუშაობს. მათ შორისაა 040-ის მარშრუტი პირეოსიდან სინტაგმის მოედნამდე, მე-11 ტროლეიბუსი, ასევე, აეროპორტის მიმართულებით მოძრავი X93, X95, X96 და X97. ღამით ასევე მუშაობს 400, 500, 790 და X14 ხაზები.
***
OASA-ს მონაცემებით, შაბათობით 24-საათიანი რეჟიმის შემოღებამ ათენში ღამის გადაადგილების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა. ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი იყო გვიან ღამით კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულების შემცირება და, შესაბამისად, გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესება.
OASA-მ განაცხადა, რომ გეგმავს 24-საათიანი მუშაობის გაფართოებას ახალი ავტობუსის ხაზების დამატებით.
ნინო ბაჯელიძე



