ფონიჭალის ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა – აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 19 ნოემბერს საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფაქტობრივად დასრულებულია.
ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანიც არის.
საბედნიეროდ, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი შვიდი ადამიანიდან ერთის, სამი წლის გოგონას ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. ბავშვი ნანგრევებში თითქმის რვა საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ექვსი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამაშველო ღონისძიებების შედეგად ხუთი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 31 წლის მამაკაცს სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზებიც.
სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.
„პირველ რიგში, მინდა, მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის არის, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მძიმე მათი ოჯახების წევრებისა და ახლობლებისთვისაა“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ცნობილია დაღუპულთა ვინაობა
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ვინაობა უკვე ცნობილია. მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
დაღუპულთა შორის არიან ხუთი შვილის დედა ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის ქალიშვილი ნუცა ფხალაძე. არსებული ინფორმაციით, ნინო ჭელიძის სამი შვილი სკოლაში იყო, მეუღლე კი – სამსახურში. აფეთქების დროს მათთან ერთად სახლში იმყოფებოდა ნინოს უმცროსი შვილი, სამი წლის თაია, რომლის ნანგრევებიდან ცოცხლად გამოყვანა მაშველებმა თითქმის რვასაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ შეძლეს.
ტრაგედიას ემსხვერპლა ვერიკო ვანიშვილი არასრულწლოვან შვილთან ერთად.
დაღუპულთა შორისაა 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი, რომელიც, ახლობლების ინფორმაციით, ფილოლოგი და კერძო რეპეტიტორი იყო. აფეთქების დროს ბინაში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა მოახერხეს.
კიდევ ერთი დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ჯაბა საყევარაშვილია.
სამაშველო სამუშაოები დასრულდა, ადგილზე გამოძიება გრძელდება
აფეთქება 19 ნოემბერს, 08:47 სთ-ზე მოხდა ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში, მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში. აფეთქებამ შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა – ჩამოინგრა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
მაშველებმა თავდაპირველად ნანგრევებიდან სამი წლის გოგონა ცოცხალი გამოიყვანეს. მოგვიანებით კი, სამწუხაროდ, ექვსი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. საბოლოოდ, ნანგრევებში მოყოლილი შვიდი ადამიანიდან მხოლოდ ერთი გადარჩა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. კრიმინალისტები დაათვალიერებენ ტერიტორიას და შეაგროვებენ ყველა საჭირო მტკიცებულებას, რათა მომხდარის გარემოებები დადგინდეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს, მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე.
აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან 28 ოჯახი, რომელთა ბინებიც საცხოვრებლად სახიფათოდ შეფასდა, დროებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ექსპერტიზის პირველადი შეფასებით, ექვსი სადარბაზოდან ორი პრობლემურია, დანარჩენ ოთხში კი ცხოვრება უსაფრთხოდ მიიჩნიეს.
რა გახდა აფეთქების მიზეზი
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გამათბობელი გახდა.
მისი განმარტებით, ბინის მეპატრონე, 31 წლის მამაკაცი, წინა საღამოს გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და გაზის ონკანი მოშვებული დარჩა. დილით, როდესაც მან გამათბობლის ხელახლა ჩართვა სცადა, მთელი ღამის განმავლობაში დაგროვილი ბუნებრივი აირი აფეთქდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. აფეთქების ზუსტი გარემოებები და პასუხისმგებელი პირების საკითხი გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა ორგანიზაციისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის წარმომადგენლები.
22 ნოემბერს საქართველო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
ნინო ხოშტარია



