შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ – რას სთავაზობს DYPA ათენში მცხოვრებ ქართველებს?
უფასო პროფესიული კონსულტაციები, ახალი ცოდნა და საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა
საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრობთ, პროფესიული განვითარება გსურთ ან, უბრალოდ, ახალი შესაძლებლობების ძიებაში ხართ? ათენში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ ისარგებლონ საბერძნეთის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის (DYPA) საგანმანათლებლო და საკონსულტაციო პროგრამებით, რომელთა ნაწილი სრულიად უფასოა.
ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა JobReady by DYPA-ს ღონისძიებამ წარმოაჩინა, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართა ათენში, Divani Caravel Hotel-ში, საბერძნეთის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის – DYPA-ს ორგანიზებით.
ერთდღიან ღონისძიებაზე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ მიეღოთ პროფესიული კონსულტაციები, დასწრებოდნენ სხვადასხვა თემატურ სემინარს და შეხვედროდნენ საკუთარ სფეროში გამოცდილ სპეციალისტებს.
პროგრამა რამდენიმე მიმართულებას სთავაზობდა მონაწილეებს: ჯგუფურ საკონსულტაციო შეხვედრებს, CV-ის გაუმჯობესებას, სამუშაო გასაუბრებისთვის მომზადებას, თანამედროვე ციფრული და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გაცნობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიზნესკუთხე, სადაც დაინტერესებულ მონაწილეებს საკუთარი ბიზნესიდეების განხილვა და მათი განხორციელების შესაძლებლობების შეფასება შეეძლოთ.
ჩემი არჩევანი – ბიზნესკუთხე
პირადად მე არჩევანი ბიზნესკუთხეზე შევაჩერე, რადგან მსურდა, პროფესიონალებისგან მიმეღო ინფორმაცია იმპორტის სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე. კერძოდ, მაინტერესებდა რამდენად რეალურია ცნობილი ბერძნული ბრენდის პროდუქციის საქართველოში შეტანის შესაძლებლობა, რა ნაბიჯების გადადგმაა ამისთვის საჭირო და რა საკითხები უნდა გავითვალისწინო მსგავსი ბიზნესიდეის განხორციელების დაწყებამდე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ სპეციალისტებთან საუბარი და ჩემს კითხვებზე მათი პროფესიული რჩევების მიღება. ეს კონსულტაციები გეხმარება, საკუთარი იდეა მხოლოდ სურვილის დონეზე არ დატოვო და მისი რეალიზაციისთვის საჭირო გზების ძიება დაიწყო.

რატომ არის ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანი ქართველებისთვის?
ჩემთვის სასიამოვნო და, ამავდროულად, საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ჩემი დაკვირვებით, ღონისძიებაზე ერთადერთი ქართველი მონაწილე ვიყავი.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ქართველებს მსგავსი ინიციატივების მიმართ ინტერესი არ აქვთ. ათენში უამრავი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, ეძებს ახალ შესაძლებლობებს და ცდილობს, საკუთარი მომავალი უკეთ დაგეგმოს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მოწვევა ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე. სწორედ ამიტომ მინდა, ჩემს თანამემამულეებს ერთი მნიშვნელოვანი რამ შევახსენო: ყურადღებით შეამოწმეთ DYPA-სგან მიღებული ელექტრონული წერილები და შეტყობინებები! შესაძლოა მათ შორის ისეთ ღონისძიებაზე მიწვევა ან შემოთავაზება აღმოაჩინოთ, რომელიც თქვენს პროფესიულ თუ ბიზნესინტერესებს შეესაბამება.
JobReady by DYPA-ს მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი მიზანი მხოლოდ სამუშაოს მაძიებლების დახმარება არ არის. ისინი ადამიანებს ცოდნის მიღების, პროფესიული უნარების გაუმჯობესების, ახალი იდეების განვითარების შესაძლებლობას აძლევენ და საკუთარი უნარ-ჩვევების უკეთ გამოყენებისთვის თავდაჯერებულობას მატებენ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროფესიონალებთან ინდივიდუალური კონსულტაციები და მსგავსი უშუალო შეხვედრები ხშირად საკმაოდ ძვირი ღირს, DYPA-ს ღონისძიების ფარგლებში კი მონაწილეებს ამ მომსახურებით სარგებლობა სრულიად უფასოდ შეგვეძლო.
შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ!
საბერძნეთის დასაქმების სამსახურის მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამუშაოს ეძებენ, პროფესიის შეცვლაზე ფიქრობენ ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურთ.
განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტი მხოლოდ ვაკანსიების შეთავაზებით არ შემოიფარგლება და ადამიანებს ცოდნის მისაღებად, პროფესიული განვითარებისა და საკუთარი იდეების განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერას სთავაზობს.
ჩემი სურვილია, რომ ათენში მცხოვრებმა რაც შეიძლება მეტმა ქართველმა იცოდეს ასეთი შესაძლებლობების შესახებ და აქტიურად გამოიყენოს ისინი. ნუ გამოტოვებთ საინტერესო შეთავაზებას მხოლოდ იმის გამო, რომ მის შესახებ დროულად ვერ შეიტყვეთ. ყურადღებით ადევნეთ თვალი DYPA-ს განცხადებებსა და ელექტრონულ შეტყობინებებს – ზოგჯერ ერთი უფასო სემინარიც კი შეიძლება იქცეს იმ ორიენტირად, რომელიც ახალი პროფესიული გზის არჩევაში ან საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაგეხმარებათ.
თეა გაგუა
ავტორის ფოტოები



