იტალიასაზოგადოება

იტალია: კალაბრია ახალ მცხოვრებლებს 10 წლით უფასო სახლებს სთავაზობს – რემონტის ხარჯებს რეგიონი დაფარავს

პროგრამაში მონაწილეობა არა მხოლოდ იტალიის, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ

იტალიის სამხრეთში მდებარე კალაბრიის რეგიონის მთავრობამ ახალი მცხოვრებლების მოსაზიდად უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო – მსურველებს შეუძლიათ, ერთ-ერთ პატარა დასახლებაში საცხოვრებლად გადავიდნენ და 10 წლის განმავლობაში მუნიციპალური სახლით ქირის გადახდის გარეშე ისარგებლონ. უფრო მეტიც, საცხოვრებლის სრულად განახლების ხარჯებს რეგიონული ბიუჯეტი დაფარავს.

პროგრამა „Ripopola Calabria“ კალაბრიის რეგიონის პრეზიდენტმა რობერტო ოკიუტომ წარადგინა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობისგან დაცლილი სოფლების გამოცოცხლებას, აღადგინოს გამოუყენებელი მუნიციპალური შენობები და პატარა დასახლებებში ახალი მცხოვრებლები მიიზიდოს.

ინიციატივა 2021–2027 წლების განვითარებისა და სოციალური ერთიანობის გეგმის (Piano Sviluppo e Coesione) ფარგლებში ფინანსდება.

როგორ მუშაობს პროგრამა

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახალ მცხოვრებლებს თავიანთ საკუთრებაში არსებულ, ამჟამად გამოუყენებელ საცხოვრებლებს სთავაზობენ, ხოლო მათი სრულად განახლების ხარჯებს კალაბრიის რეგიონი საკუთარ თავზე იღებს.

სარემონტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 2 000 ევრო, ერთი საცხოვრებლისთვის კი დაფინანსების ზედა ზღვარი 280 000 ევროა.

სახლის შერჩევის შემდეგ ბენეფიციარს მისი 10 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება ექნება. ეს არ ნიშნავს საცხოვრებლის საკუთრებაში მიღებას: გაფორმდება უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულება და ბენეფიციარი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არჩეულ სახლში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს.

რომელ დასახლებებშია სახლები ხელმისაწვდომი

პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 50 საცხოვრებელიკალაბრიის ხუთივე პროვინციის 26 მუნიციპალიტეტში.

შემოთავაზებულ ვარიანტებს შორისაა:

  • 55 კვადრატული მეტრის ბინა ჩელარაში (Cellara), კოზენცის პროვინციაში;
  • სამოთახიანი, 104 კვადრატული მეტრის ბინა ამატოში (Amato), კატანძაროს პროვინციაში;
  • 72 კვადრატული მეტრის სახლი კაკურის (Caccuri) ცენტრალურ ნაწილში, კროტონის პროვინციაში.

პროგრამაში ჩართულია, აგრეთვე, ტორანო-კასტელო, როვიტო, დიპინიანო და სხვა პატარა დასახლებები.

საცხოვრებლების სრული კატალოგის ნახვა შესაძლებელია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე. თითოეულ სახლს ახლავს ფოტოები, გეგმა და ტექნიკური მონაცემები.

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა

პროგრამა განკუთვნილია სრულწლოვანი პირებისთვის, რომლებიც, სულ ცოტა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კალაბრიის რეგიონის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და მზად არიან, შერჩეულ მუნიციპალიტეტში მუდმივად საცხოვრებლად გადავიდნენ.

განაცხადების შეფასებისას დამატებითი უპირატესობა ენიჭებათ:

  • კალაბრიელ ემიგრანტებს, რომლებსაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურთ;
  • შვილებიან ოჯახებს, მათ შორის, მარტოხელა მშობლებს;
  • ახალგაზრდა წყვილებს;
  • დისტანციურად მომუშავე პირებს;
  • თვითდასაქმებულებს;
  • კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

განაცხადების განხილვის შემდეგ თითოეული საცხოვრებლისთვის ცალკე საჯარო რეიტინგი შედგება და სახლები ამ რეიტინგის შესაბამისად განაწილდება.

როგორ უნდა შეავსოთ განაცხადი და რა ვადაა განსაზღვრული

მსურველებმა განაცხადი ონლაინ, პროგრამის ოფიციალური პორტალის საშუალებით უნდა წარადგინონ. თითოეულ კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საცხოვრებლების კატალოგიდან მაქსიმუმ სამი სახლი შეარჩიოს და უპირატესობის მიხედვით დაალაგოს.

განაცხადის შესავსებად საჭიროა ციფრული იდენტიფიკაცია – SPID, ელექტრონული პირადობის მოწმობა (CIE) ან სისტემის მიერ აღიარებული eIDAS-ის შესაბამისი ციფრული იდენტობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 18 დეკემბერი, 17:00 საათი.

გასათვალისწინებელია, რომ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ იტალიის, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, თუ მათ იტალიაში ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი აქვთ და კონკურსის დანარჩენ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებენ.

პროგრამის პირობების, მონაწილე მუნიციპალიტეტების, საცხოვრებლების კატალოგისა და განაცხადის წარდგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ოფიციალურ ვებგვერდზე: https://ripopola.regione.calabria.it/

კალაბრიის რეგიონის პრეზიდენტმა რობერტო ოკიუტომ პოტენციურ ახალ მცხოვრებლებს პირდაპირ მიმართა: „ჩამოდით კალაბრიაში საცხოვრებლად, რადგან აქ ცხოვრება ლამაზიც არის და მომგებიანიც“.

ნინო ხოშტარია

p. s. ოფიციალური პირობებით, საცხოვრებლები ავეჯით არ ბარდება – ეს ხარჯი სარემონტო დაფინანსებაში არ შედის. ასევე, მათი გაქირავება ან ტურისტული მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის მხოლოდ განაცხადის გაგზავნა საკმარისი არ არის: საჭიროა იტალიაში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის (ე. წ. permesso di soggiorno – ბინადრობის ნებართვა) ქონა და პროგრამით გათვალისწინებული ციფრული იდენტიფიკაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

    Tags

    Related Articles

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *

    Back to top button
    Close