მსოფლიოპოლიტიკაnews

დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს – მძიმე დარტყმა ტრამპსა და რესპუბლიკელებს

არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად ცვლის ვაშინგტონში პოლიტიკურ ვითარებას

აშშ-ში 3 ნოემბერს გამართული შუალედური არჩევნების შედეგად დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაში – სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე – უმრავლესობა მოიპოვა. ეს რესპუბლიკელებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის სერიოზული პოლიტიკური მარცხია, რადგან მომდევნო ორი წლის განმავლობაში თეთრ სახლს კონგრესში დემოკრატიული უმრავლესობის წინააღმდეგ მოუწევს მუშაობა.

არჩევნების შედეგები 4 ნოემბრის დილისთვის უკვე ნათელი გახდა. დემოკრატებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს არა მხოლოდ ტრადიციულად კონკურენტულ საარჩევნო ოლქებში, არამედ ისეთ შტატებშიც, სადაც რესპუბლიკელები წლების განმავლობაში მყარ პოზიციებს ინარჩუნებდნენ.

Associated Press-ის ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, დემოკრატებმა სენატში, სულ მცირე, შვიდი მანდატი გადაიბარეს რესპუბლიკელებისგან. მათ წარმატებას მიაღწიეს კანზასში (სადაც დემოკრატებს ბოლოს 100 წლის განმავლობაში კონგრესის არჩევნებში გამარჯვება არასდროს მოუპოვებიათ), აიოვაში, ტეხასში, ოჰაიოში, მეინში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, აგრეთვე, ისეთ მნიშვნელოვან შტატებში, როგორიცაა ჯორჯია და მიჩიგანი. ამ შტატების ნაწილი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვანი უპირატესობით მოიგო.

წარმატებული აღმოჩნდა დემოკრატების კამპანია წარმომადგენელთა პალატაშიც: პარტიამ ორ ათეულზე მეტ საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა, მათ შორის, ისეთ ოლქებში, სადაც 2024 წელს ტრამპმა ხმების ორნიშნა უპირატესობა მიიღო.

გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატებმა – კეიშა ლენს ბოტომსმა (ჯორჯიაში), ემი აქტონმა (ოჰაიოში), როდ სენდმა (აიოვაში) და ჯინა ინოხოსამ (ტეხასში) გამარჯვება მოიპოვეს და თანამდებობას რესპუბლიკელი გუბერნატორებისგან გადაიბარებენ.

რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები

დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს ამომრჩეველთა უკმაყოფილების მკაფიო გამოხატულებად აფასებენ. წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქვეყანაში ცხოვრების გაძვირება და მაღალი ფასები იყო. ამასთან, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ირანთან ომმა და ხელისუფლებაში არსებული კორუფციის შესახებ შეშფოთებამ.

Associated Press-ის საარჩევნო გამოკითხვის მონაცემებით, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკურ სირთულეებზე პასუხისმგებლობას ტრამპის ადმინისტრაციას აკისრებს. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ კონგრესმა პრეზიდენტის უფლებამოსილებები უფრო ეფექტიანად აკონტროლოს.

შედეგად, დემოკრატებმა შეძლეს იმ ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაც, რომლებიც 2024 წელს რესპუბლიკელებს უჭერდნენ მხარს. მათი წარმატება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ტეხასსა და აიოვაში, ასევე, სხვა ტრადიციულად კონსერვატიულ შტატებში.

რას ნიშნავს კონგრესზე კონტროლის დაკარგვა ტრამპისთვის

არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად ცვლის ვაშინგტონში პოლიტიკურ ვითარებას. აქამდე რესპუბლიკელებს კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა ჰქონდათ, რაც ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას უმარტივებდა.

ახლა ვითარება საპირისპიროა: დემოკრატები შეძლებენ პრეზიდენტის საკანონმდებლო დღის წესრიგის დაბლოკვას, მისი ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მთავრობის საქმიანობის უფრო მკაცრ საპარლამენტო კონტროლს.

კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებს საშუალებას მისცემს, დაიწყონ გამოძიებები ადმინისტრაციის საქმიანობაზე, მოითხოვონ ოფიციალური დოკუმენტები და გამოიძახონ თანამდებობის პირები მოსმენებზე.

ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილებებს კარგავს ან მისი ადმინისტრაცია მუშაობას შეწყვეტს, თუმცა კანონპროექტების მიღება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გატარება გაცილებით გაუძნელდება.

ახალი კონგრესის მუშაობა 2027 წლის 3 იანვარს დაიწყება. ამ დროიდან დემოკრატებს ორივე პალატაში უმრავლესობა ოფიციალურად ექნებათ.

როგორ გამოეხმაურა ტრამპი რესპუბლიკელების მარცხს

დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგები აღიარა და დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა. ტელეკომპანია Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დამარცხებას პირად დარტყმად არ აღიქვამს.

„დემოკრატებმა კარგი სამუშაო შეასრულეს. ისინი თავდაუზოგავად იბრძოდნენ. … მე ამას საკუთარ თავზე დარტყმად არ აღვიქვამ. ჩვენ გვქონდა პრეზიდენტობის ისტორიაში საუკეთესო ორი წელი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

წინასაარჩევნოდ ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, წარმოიდგინეთ, რომ ბიულეტენებზე მეც ვარ აღნიშნულიო, თუმცა ახლა საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს – მარცხს თავად რესპუბლიკელ კანდიდატებს აბრალებს და არა საკუთარი ადმინისტრაციის პოლიტიკას. მისი თქმით, არჩევნების შედეგები კონკრეტული კანდიდატების სისუსტითაც აიხსნება.

თუმცა პრეზიდენტის სხვა ნაბიჯმა ვაშინგტონში უკვე ახალი პოლიტიკური დაპირისპირების მოლოდინი გააჩინა. არჩევნების შემდეგ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც წითელი კეპია გამოსახული წარწერით „Veto“ („ვეტო“).

დამკვირვებლები ამ პუბლიკაციას დემოკრატების მისამართით გაფრთხილებად მიიჩნევენ: პრეზიდენტი არჩევნებამდეც პირდაპირ ამბობდა, რომ თუ დემოკრატები გაიმარჯვებდნენ, ყველაფერს ვეტოს დაადებდა.

დემოკრატების გამარჯვება და ახალი პოლიტიკური რეალობა აშშ-ში

შუალედური არჩევნების შედეგები ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი ორი წლისთვის სრულიად ახალ პოლიტიკურ გარემოს ქმნის. დემოკრატები შეძლებენ, აქტიურად დაუპირისპირდნენ პრეზიდენტის ინიციატივებს და გააძლიერონ მისი ადმინისტრაციის საქმიანობის ზედამხედველობა.

რესპუბლიკელებისთვის ეს მარცხი განსაკუთრებით მტკივნეულია იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, რესპუბლიკელებმა კი კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

ორი წლის შემდეგ კი ამომრჩეველმა პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეცვალა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში თეთრ სახლსა და კონგრესს შორის დაპირისპირება, დიდი ალბათობით, აშშ-ის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

ნანა ძნელაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close