მსოფლიოპოლიტიკა

უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მორიგე სამხედრომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტსა და მის თანმხლებ პირებს შენიშვნა მისცა (ვიდეო)

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი და მისი თანმხლები პირები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის შემდეგ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მორიგე ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ჯგუფს ხმამაღლა შეახსენა, რომ მემორიალთან სიჩუმისა და პატივისცემის დაცვა აუცილებელია. ამის შესახებ AP იუწყება.

ინციდენტი 11 ნოემბერს, ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა. ჰეგსეტი მეუღლესთან, ჯენიფერ რაუჩეტთან და თავდაცვის უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად მემორიალის წინ ფოტოების გადასაღებად შეჩერდა. ჯგუფში იმყოფებოდნენ მისი აპარატის უფროსი რიკი ბურია, აპარატის უფროსის მოადგილე პატრიკ უივერი და უფროსი მრჩეველი ტემი რადაბო.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფოტოების გადაღების შემდეგ ჯგუფი მემორიალს ტოვებს. ამ დროს ერთ-ერთი დამსწრის სიცილის ხმა ისმის, რასაც მორიგე სამხედრო მოსამსახურის მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

„ყველა ვიზიტორმა ნებისმიერ დროს უნდა შეინარჩუნოს სიჩუმე და პატივისცემის ატმოსფერო!“ – ხმამაღლა მიმართა ჯარისკაცმა შეკრებილებს და მათ წესების დაცვისკენ მოუწოდა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო მედიაში გავრცელდა და მალევე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კადრებში ჩანს, რომ ჰეგსეტი ჯარისკაცის შენიშვნას ისმენს, თუმცა ჯგუფი ადგილს ტოვებს.

როგორ გამოეხმაურა ინციდენტს პენტაგონი

ამ ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა პენტაგონის მთავარმა პრესსპიკერმა შონ პარნელმა. მისი განცხადებით, სამხედრო მოსამსახურემ სტუმრებს წესების დაცვა სწორად და სათანადო ფორმით შეახსენა.

„მდივანი და მთელი უწყება ყოველთვის პატივს სცემდნენ და მომავალშიც პატივს მიაგებენ იმ მსხვერპლს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკის უსაფრთხოების დასაცავად გაიღეს. ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნისას ჯარისკაცმა ყველას სწორად და თავაზიანად შეახსენა, რომ სათანადო ქცევის წესები დაეცვათ“, – განაცხადა პარნელმა.

მისი პასუხი, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ სამხედრო უწყება მორიგე ჯარისკაცის მოქმედებას გამართლებულად მიიჩნევს.

რატომ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი განსაკუთრებული ადგილი

უცნობი ჯარისკაცის საფლავი (Tomb of the Unknown Soldier) არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპატიო მემორიალია. ის იმ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც ომებში დაიღუპნენ და რომელთა ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა.

მემორიალი 1921 წლის 11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების წლისთავზე გაიხსნა. იქ დაკრძალულია პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული უცნობი ამერიკელი ჯარისკაცი. 1958 წელს მემორიალს მეორე მსოფლიო ომისა და კორეის ომის დროს დაღუპული უცნობი სამხედროების სამარხებიც დაემატა.

მემორიალს ვიეტნამის ომის უცნობი ჯარისკაცისთვის განკუთვნილი ცარიელი აკლდამაც აქვს. 1984 წელს იქ დაკრძალული ნეშტი მოგვიანებით, დნმ-ის ანალიზის შედეგად, მაიკლ ბლასად ამოიცნეს და მისი ოჯახის თხოვნით სხვა სასაფლაოზე გადაასვენეს. 1999 წელს ცარიელი აკლდამა ხელახლა აკურთხეს ვიეტნამის ომის დროს დაკარგული ამერიკელი სამხედროების პატივსაცემად.

მემორიალის 24-საათიანი დაცვა

უცნობი ჯარისკაცის საფლავის დაცვის საპატიო მოვალეობა აშშ-ის არმიის მესამე ქვეითი პოლკის, ე. წ. „ძველი გვარდიის“ (The Old Guard) სამხედროებს აკისრიათ. ისინი მემორიალს წელიწადის ნებისმიერ დროს, ყოველდღე, 24-საათიან რეჟიმში იცავენ, ამინდის მიუხედავად.

ეს ტრადიცია 1948 წლიდან გრძელდება, თუმცა მემორიალთან სადღეღამისო სამხედრო დაცვა ჯერ კიდევ 1937 წელს დაწესდა.

საფლავის მცველის სტატუსის მოსაპოვებლად სამხედროებს მკაცრი კრიტერიუმებით არჩევენ, შემდეგ კი ისინი ინტენსიურ მომზადებას გადიან. მათ ზედმიწევნით უნდა იცოდნენ არა მხოლოდ დაცვისა და საზეიმო ცერემონიების წესები, არამედ მემორიალის ისტორიის დეტალებიც.

მორიგეობისას მცველები განსაკუთრებული სიზუსტით ასრულებენ რიტუალს: საფლავის წინ შავ ხალიჩაზე 21 ნაბიჯს დგამენ, ჩერდებიან, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით 21-21 წამის განმავლობაში დგანან, შემდეგ კი უკან ბრუნდებიან. 21 ნაბიჯი და 21-წამიანი შეჩერებები აშშ-ის უმაღლეს სამხედრო პატივს – 21-ზალპიან სამხედრო სალუტს უკავშირდება.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი არა მხოლოდ კონკრეტული ომების მსხვერპლთა კი არა, ყველა იმ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიმბოლოა, ვინც ქვეყნის სამსახურში დაიღუპა და ვისი ნეშტიც ამოუცნობი დარჩა.

სწორედ ამიტომ, მემორიალთან სიჩუმისა და სათანადო ქცევის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ეს მოთხოვნა ყველასთვის ერთნაირია – იქნება ის რიგითი ვიზიტორი თუ ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

ნანა ძნელაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close