გაფუჭებული პენალტი და მატჩის მიწურულს გაშვებული გოლი – ერთა ლიგის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების მარცხის შემდეგ სანიოლი სვანაძემ შეცვალა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონი მარცხით დაიწყო. 25 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი სტუმრებმა მატჩის დამატებითი დროის მე-9 წუთზე გაიტანეს.
შეხვედრამ უჩვეულო გარემოში ჩაიარა – „დინამო არენაზე“ მატჩი UEFA-ს სანქციის გამო „დახურულ კარს მიღმა“ ჩატარდა. ტრიბუნებზე მხოლოდ 6000-მდე ქართველი სკოლის მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებსაც მატჩზე დასწრების უფლება სპეციალურად მიეცათ. ასევე, განსაკუთრებული ნებართვით, თამაშს 60-მდე ჩრდილოირლანდიელი გულშემატკივარიც ესწრებოდა.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი 65-ე წუთზე მოხდა, როდესაც საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიის მეკარემ, პირს ჩარლზმა არცთუ ისე ძლიერად დარტყმული პენალტის მოგერიება მარტივად შეძლო. მანამდე ჩარლზმა გიორგი მიქაუტაძის ახლო მანძილიდან დარტყმაც მოიგერია.
პენალტის გაცუდების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა ანგარიშის გახსნის რამდენიმე შანსი, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. საბოლოოდ კი კიდევ ერთხელ გამართლდა მარტივი ჭეშმარიტება – თუ არ გაიტან, გაგიტანენ. შეხვედრის ბედი დამატებულ დროში, ფაქტობრივად, ბოლო შეტევაზე გადაწყდა.
გოლი 90+9 წუთზე
ჩრდილოეთ ირლანდიამ გამარჯვების გოლი დამატებული დროის მეცხრე წუთზე გაიტანა. მართალია, მსაჯმა ძირითად დროს 6 წუთი დაუმატა, მაგრამ თამაშის შეჩერების გამო 6 წუთის გასვლის შემდეგაც არ დაასრულა შეხვედრა, რაც ქართველებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ტრაი ჰიუმის ჩაწოდების შემდეგ ში ჩარლზმა ბურთს ფეხი დაუხვედრა და გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების კარი ვეღარ იხსნა. ამ გოლმა სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.
ამრიგად, მატჩის მთავარი გმირები ძმები ჩარლზები აღმოჩნდნენ: პირს ჩარლზმა 65-ე წუთზე კვარაცხელიას პენალტი მოიგერია, მისმა ძმამ, ში ჩარლზმა კი 90+9 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
UEFA-ს ოფიციალური მონაცემებით, ეს საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი დაპირისპირება იყო ერთა ლიგაზე. შეხვედრის შემდეგ B2 ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ სამი ქულა აიღო, საქართველოს კი პირველი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს. ჯგუფში საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად უკრაინა და უნგრეთიც არიან.
საქართველოსთვის ერთა ლიგის ეს ციკლი ზედიზედ ოთხი შეხვედრით იწყება – 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მატჩის შემდეგ გუნდი 28 სექტემბერს ასევე თბილისში უკრაინას უმასპინძლებს. შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ოქტომბერს უნგრეთთან გასვლითი შეხვედრა და 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასვლითი მატჩი ელოდება.
სანიოლი: „ვფიქრობ, სამართლიანი არ არის, დღეს რომ წავაგეთ“
მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების სათამაშო გეგმა სწორი იყო, თუმცა პირველ ტაიმში გუნდმა სათანადო აქტიურობა ვერ გამოიჩინა. მისი შეფასებით, მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაში გააუმჯობესა და გამარჯვებისთვის საჭირო მომენტებიც შექმნა.
„თუ პირველი ტაიმი საშუალო დონის იყო, მეორე ნახევარი კარგად ჩავატარეთ. მიქაუტაძეს 2-3 კარგი მომენტი ჰქონდა. ხვიჩამ პენალტი ვერ გამოიყენა. 4-5 ხელსაყრელი ეპიზოდი გვქონდა“, – თქვა სანიოლმა.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელისთვის ერთა ლიგაზე დებიუტი შედგა. ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია) და საბა ხარებაშვილი (ბაშაქშეჰირი, თურქეთი) დააყენა. 18 წლის ხარებაშვილი პირველი ტაიმის შემდეგ იგი გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, ხოლო 23 წლის გიორგი კვერნაძემ მოედანზე 77 წუთი გაატარა.
ვილი სანიოლი ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხს მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვა: ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სანიოლის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტს ქართველი სპეციალისტი, 45 წლის რამაზ სვანაძე დაიკავებს. იგი ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა და ისტორიულ წარმატებასაც მიაღწია – 2024 წელს პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტურნირის საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.
ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე აქამდე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა. ფედერაციის ცნობით, მის ნაცვლად ახალგაზრდულ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძის ასისტენტი გიორგი ადამია გაუძღვება.
სვანაძის სამწვრთნელო დებიუტი ეროვნულ ნაკრებში უკვე 28 სექტემბერს შედგება, როდესაც საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში უკრაინას უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მატჩი ერთდროულად იქნება პირველი შეხვედრა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით და შესაძლებლობა, ერთა ლიგის საწყის ტურში მიღებული მარცხის შემდეგ ჯგუფში ქულები მოიპოვოს.
ნუცა ყაველაშვილი



