მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

El Niño „გოძილა“ უპრეცედენტოდ ძლიერდება – რა ელოდება მსოფლიოს და შეეხება თუ არა ეს მოვლენა საქართველოს?

მსოფლიოს კლიმატური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი მოვლენა – El Niño (ელ-ნინიო) სწრაფად ძლიერდება და, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) პროგნოზით, წლის ბოლოს შესაძლოა ძალიან ძლიერი ფაზის პიკს მიაღწიოს. ორგანიზაციის ინფორმაციით, თითქმის 100%-იან ალბათობა არსებობს იმისა, რომ El Niño 2027 წლის თებერვლამდეც შენარჩუნდება.

რეკორდული მაჩვენებლების გარდა, მეცნიერებსა და მეტეოროლოგებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რა გავლენას მოახდენს უახლოეს თვეებში რეკორდულად ძლიერი El Niño მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის პირობებზე.

საქმე ისაა, რომ მართალია El Niño წყნარ ოკეანეში იწყება, მისი გავლენა მხოლოდ ამ რეგიონით არ შემოიფარგლება. როდესაც ეკვატორული წყლები უჩვეულოდ თბება, ოკეანიდან ატმოსფეროში მეტი სითბო გადადის, რაც გლობალურ ტემპერატურაზე და ნალექების განაწილებაზე მოქმედებს.

ამჟამინდელი El Niño ვითარდება იმ ფონზე, როდესაც ოკეანეების ტემპერატურა ისედაც რეკორდულად მაღალია. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძლიერი El Niño ზოგიერთ მოწყვლად რეგიონში სიცხის, გვალვისა და ძლიერი ნალექების რისკს კიდევ უფრო გაზრდის და გლობალური ტემპერატურის ზრდას დამატებითი ბიძგი მისცემს. სწორედ მისი განსაკუთრებული სიძლიერის გამო დამკვიდრდა მედიაში სახელწოდებები „El Niño გოძილა“ და „სუპერ El Niño“.

ამ მოვლენის ზოგიერთი შესაძლო გავლენა უკვე შეინიშნება. მაგალითად, ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის (Met Office) შეფასებით, ინდოეთში მუსონური ნალექები ნორმაზე ნაკლები იყო, ხოლო სამხრეთ აფრიკის ნაწილში გვალვის რისკი გაიზარდა. ეს მოვლენები პირდაპირ El Niño-ს შედეგია თუ არა, გადაჭრით თქმა საფრთხილოა, რადგან რეგიონულ ამინდზე ერთდროულად მრავალი კლიმატური ფაქტორი მოქმედებს.

ქართველი მკითხველისთვის კი მთავარი კითხვა სხვაა: შეიძლება თუ არა წყნარ ოკეანეში მიმდინარე ამ პროცესმა საქართველოზეც მოახდინოს გავლენა და როგორი ზამთარი გველოდება?

რა ხდება ახლა წყნარ ოკეანეში

El Niño არის კლიმატური მოვლენა, რომლის დროსაც ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღლა იწევს. ეს ცვლილება მხოლოდ ოკეანის კონკრეტულ მონაკვეთს არ ეხება – ის ატმოსფერულ ცირკულაციასაც ცვლის და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ტემპერატურისა და ნალექების განაწილებაზე ახდენს გავლენას.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) 3 სექტემბრის განახლებული მონაცემებით, El Niño უკვე მყარად არის ჩამოყალიბებული და უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. ორგანიზაციის პროგნოზით, მოვლენა ძალიან ძლიერი ინტენსივობის ფაზაში შევა და მაქსიმუმს დაახლოებით 2026 წლის ბოლოს მიაღწევს. მისი კლიმატური გავლენა კი 2027 წელსაც გაგრძელდება.

NOAA-ს (აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია) 10 სექტემბრის შეფასებაც მსგავს სურათს აჩვენებს: ორგანიზაციის მონაცემებით, 90%-ს აჭარბებს ალბათობა იმისა, რომ 2026-27 წლების შემოდგომა-ზამთარში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში El Niño ძალიან ძლიერი იქნება. ამავე დროს, ეკვატორული წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ანომალიები +3°C-ს აჭარბებდა.

NOAA-ს იმავე პროგნოზში ნათქვამია, რომ 75%-იანი ალბათობით, 2026 წლის ოქტომბერ-დეკემბერში El Niño ისტორიულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს – ანუ 1950 წლიდან დაფიქსირებულ წინა El Niño-ებს სიმძლავრით გადააჭარბოს.

WMO-ს მონაცემებით, Niño 3.4-ის ინდექსი, რომელიც El Niño-ს შეფასების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია, 2026 წლის ივლისში ნორმაზე დაახლოებით 2°C-ით მაღალი იყო, ხოლო ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში ყოველკვირეული მნიშვნელობები დაახლოებით +2,2–+2,6°C-მდე გაიზარდა.

რატომ შეიძლება წყნარ ოკეანეში ცვლილებამ სხვა ქვეყნებზეც იმოქმედოს

El Niño ტროპიკულ რეგიონებში ძლიერი ღრუბლიანობისა და ნალექების წარმოქმნის ზონებს ცვლის. ამის შედეგად იცვლება ატმოსფერული ცირკულაციაც, მათ შორის, მაღალ სიმაღლეებზე არსებული ქარები და ჰაერის მასების გადაადგილების მიმართულებები.

ამიტომ ერთ რეგიონში El Niño-ს დროს შეიძლება გვალვის რისკი გაიზარდოს, მეორეში კი – ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობების ალბათობა.

ძალიან ძლიერი El Niño ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის ყველა ქვეყნის კლიმატზე მოახდენს ძალიან ძლიერ გავლენას. WMO პირდაპირ აღნიშნავს, რომ მოვლენის სიმძლავრე ცალკეულ ქვეყანაში შედეგების სიმძიმეს არ განსაზღვრავს. გავლენაზე სხვა კლიმატური ფაქტორებიც მოქმედებს, მათ შორის, ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეების მდგომარეობა.

სად არის რისკები ყველაზე მაღალი

El Niño-ს ყველაზე მკაფიო გავლენა, ტრადიციულად, წყნარი ოკეანის მიმდებარე და ტროპიკულ რეგიონებში შეინიშნება. სხვადასხვა რეგიონში შესაძლოა გაიზარდოს ძლიერი გვალვის, უხვი ნალექის, სიცხისა და სოფლის მეურნეობაზე ზეწოლის რისკი.

ამიტომ მეცნიერები განსაკუთრებით აკვირდებიან იმ ქვეყნებს, სადაც ამინდის ასეთი ცვლილებები შეიძლება სასურსათო უსაფრთხოებასა და წყლის რესურსებზე აისახოს.

ექსტრემალურ სიცხესთან, გვალვასთან, წყალდიდობასა ან დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.

როგორი ზამთარი ელოდება ევროპას

Copernicus-ის კლიმატის ცვლილების სამსახურის 10 სექტემბრის სეზონური პროგნოზი მიუთითებს, რომ 2026-27 წლების ზამთრისთვის საშუალოზე მაღალი ტემპერატურის ალბათობა ევროპის ტერიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილშია გაზრდილი. ამავე პროგნოზში ევროპის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, კონტინენტის ჩრდილოეთ და სამხრეთ კიდეების გარდა, საშუალოზე მეტი ნალექის სიგნალიც ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში El Niño-ს გავლენა, როგორც წესი, უფრო სუსტი და არაპირდაპირია, მოვლენამ შესაძლოა ევროპის ზამთრის ამინდზეც იმოქმედოს. ამასთან, მსოფლიოს სხვა რეგიონებში გვალვებმა და მოსავლის შემცირებამ შესაძლოა ევროპაში იმპორტირებული პროდუქტების მიწოდების ჯაჭვები დაარღვიოს.

გავლენა მხოლოდ კლიმატით არ შემოიფარგლება. თუ El Niño-სთან დაკავშირებული ამინდის ექსტრემალური მოვლენები სოფლის მეურნეობის წარმოებას შეამცირებს, შედეგი შესაძლოა საერთაშორისო ბაზრებზე ფასებსა და პროდუქციის მიწოდებაზეც აისახოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საქონლის შემთხვევაში, რომლის წარმოებაც რამდენიმე კონკრეტულ რეგიონზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული.

El Niño-ს გაძლიერებისთვის მოსამზადებლად ზოგიერთი ქვეყანა უკვე იღებს პრევენციულ ზომებს. მაგალითად, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა 21 სექტემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა შტატი შესაძლო წყალდიდობების, მეწყრების, სანაპირო ზოლის დაზიანებისა და ზამთრის ძლიერი შტორმებისთვის წინასწარ მოემზადოს.

შეიძლება თუ არა, რომ El Niño-მ საქართველოზეც იმოქმედოს

პირდაპირი პასუხია: გარკვეული გავლენა შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ El Niño საქართველოში კონკრეტულად თბილ, მშრალ ან უხვნალექიან ზამთარს გამოიწვევს.

საქართველო El Niño-ს ყველაზე მკაფიოდ გამოხატული გავლენის ძირითად ზონებში არ მდებარეობს. ჩვენი ქვეყნის ამინდზე ერთდროულად მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას – ატლანტის ოკეანესა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები, ჰაერის მასების გადაადგილება, კავკასიის რელიეფი და სხვა ფართომასშტაბიანი ატმოსფერული ცირკულაციები.

საქართველოს კლიმატიც საკმაოდ განსხვავებულია რეგიონების მიხედვით: დასავლეთ საქართველოში ჰავა უფრო ნოტიოა, აღმოსავლეთში კი კლიმატი შედარებით კონტინენტურია. ამიტომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ერთი და იმავე ფართომასშტაბიანი კლიმატური პროცესის შედეგიც შესაძლოა განსხვავებული იყოს.

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო სეზონურ კლიმატურ პროგნოზებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კლიმატური პროგნოზირების ფორუმის (SEECOF) ფარგლებში აქვეყნებს. ამ ეტაპზე საქართველოსთვის 2026-27 წლების ზამთრის კონკრეტული ოფიციალური სეზონური პროგნოზი ჯერ არ არსებობს იმ ფორმით, რომ El Niño-სთან კავშირის დადგენა შესაძლებელი იყოს.

თუ მომდევნო სეზონების რეგიონული პროგნოზები საქართველოსთვის საშუალოზე მაღალ ტემპერატურას დაადასტურებს, შესაძლებელი იქნება საუბარი უფრო თბილ ზამთარზე, მათ შორის, ხანგრძლივი ყინვისა და მდგრადი თოვლის პერიოდების შემცირების ალბათობაზე.

როდის გვეცოდინება მეტი?

El Niño-ს პიკი, როგორც წესი, ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდში დგება. მიმდინარე მოვლენის მაქსიმალურ ინტენსივობას WMO წლის ბოლოს ელოდება, ხოლო გავლენის გაგრძელებას 2027 წლის დასაწყისშიც პროგნოზირებს.

საქართველოს ამინდის შესახებ უფრო ზუსტი სურათი მომდევნო თვეებში გამოჩნდება, როცა ახალი სეზონური პროგნოზები გამოქვეყნდება და სპეციალისტები დამატებით მონაცემებს მიიღებენ.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close