რას უნდა ელოდოს მსოფლიო 2027 წელს? გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი ათ მთავარ ტენდენციას გამოყოფს – პოლიტიკური დაპირისპირებიდან და ფინანსური კრიზისის საფრთხიდან დაწყებული, კლიმატის ცვლილებით, კოსმოსური ტექნოლოგიებითა და ჰოლივუდის მომავლით დამთავრებული.
ბრიტანულმა ჟურნალმა The Economist-მა 17 ნოემბერს მომავალი წლის ყოველწლიური სპეციალური გამოცემის – The World Ahead 2027 („მსოფლიო 2027 წელს“) – წარდგენა მოაწყო. გამოცემაში თავმოყრილია პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალური ტენდენციები, რომლებმაც, რედაქციის შეფასებით, შესაძლოა მომავალი წლის მსოფლიო დღის წესრიგი განსაზღვროს.
სპეციალური ნომრის გარეკანი შავ, წითელ და თეთრ ფერებში შესრულებული სიმბოლოებისგან შემდგარი კოლაჟია. მასზე გამოსახულია სამხედრო ტექნიკა, რაკეტები, პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ამსახველი ნიშნები, ფინანსური გრაფიკები და ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლოები.

The Economist-ის რედაქცია 2027 წლის ათ მთავარ თემას გამოყოფს. გამოცემის მთავარი გზავნილია, რომ მსოფლიო პოლიტიკური და ფინანსური რყევების, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების შედეგებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის წინაშე აღმოჩნდება.
1. ტრამპის შემდეგი ეპოქა და ბრძოლა პოლიტიკური მემკვიდრეობისთვის
The Economist-ის ერთ-ერთი მთავარი პროგნოზი აშშ-ის პოლიტიკურ მომავალს უკავშირდება. გამოცემის შეფასებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების მოახლოებასთან ერთად, ვაშინგტონში უკვე დაიწყება ბრძოლა მისი შესაძლო მემკვიდრის გარშემო.
თუმცა, რედაქციის აზრით, ტრამპი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში გავლენის შენარჩუნებას შეეცდება და პოლიტიკურ აქტიურობას არ შეამცირებს. პირიქით, მოსალოდნელია ახალი აღმასრულებელი განკარგულებები, სასამართლო დავები, საგარეო პოლიტიკური ინიციატივები და ხმაურიანი გადაწყვეტილებები.
The World Ahead 2027-ის რედაქტორი ტომ სტენდიჯი მიიჩნევს, რომ ტრამპი თავისი პოლიტიკური მემკვიდრეობის განსაზღვრას და გავლენის შენარჩუნებას შეეცდება. შესაბამისად, პოსტტრამპისეული ეპოქის დასაწყისი სულაც არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ ასპარეზს მშვიდად დატოვებს.
2. ირანთან ომის შედეგები და ახალი საფრთხეები ახლო აღმოსავლეთში
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ირანთან ომის შედეგებია. The Economist-ის შეფასებით, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ვითარებას, საერთაშორისო ენერგეტიკულ ნაკადებს და მოკავშირეებთან ვაშინგტონის ურთიერთობას შეცვლის.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს სასუქების შესაძლო დეფიციტზეც, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული და სავაჭრო მარშრუტების შეფერხება სოფლის მეურნეობის წარმოებაზეც აისახება.
3. დაძაბულობა ტაივანის გარშემო: რამდენად რეალურია ჩინეთის სამხედრო საფრთხე?
The Economist-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგნოზი ჩინეთსა და ტაივანს უკავშირდება.
გამოცემა იხსენებს ცნობებს, რომელთა მიხედვითაც ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს 2027 წლისთვის ტაივანის შესაძლო ხელში ჩაგდების ოპერაციისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფა დაავალა.
თუმცა ჟურნალის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ომის ხასიათს ცვლის: შედარებით მცირე სახელმწიფოებსაც შეუძლიათ, ეფექტიანი წინააღმდეგობა გაუწიონ გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს. უკრაინისა და ირანის მაგალითები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე შეიარაღება, უპილოტო სისტემები და შედარებით იაფი სამხედრო ტექნოლოგიები.
ამიტომ, როგორც გამოცემა აღნიშნავს, კვლავ ღიად რჩება კითხვა, როგორ იმოქმედებს ეს ფაქტორები ჩინეთის გადაწყვეტილებებზე ტაივანის საკითხზე.
4. საფრანგეთის არჩევნები და მემარჯვენე პოპულიზმის გაძლიერება ევროპაში
2027 წლის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენად The Economist-ი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს მიიჩნევს.
გამოცემის შეფასებით, თუ არჩევნებში საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ლიდერი მარინ ლე პენი გაიმარჯვებს, ამან შესაძლოა ევროკავშირის პოლიტიკური ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალოს და საფრანგეთ-გერმანიის თანამშრომლობა გაართულოს.
ეს თანამშრომლობა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მიიჩნევა. შესაბამისად, პარიზში პოლიტიკური კურსის ცვლილება მთელ ევროპაზე აისახება.
დამატებით რისკს საფრანგეთის სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა ქმნის. მაღალი სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის პრობლემები, გამოცემის აზრით, შესაძლოა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზეც აისახოს.
5. სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი და ფინანსური კრიზისის საფრთხე
The Economist-ი იძლევა გაფრთხილებას, რომ ფინანსური არასტაბილურობის საფრთხე მხოლოდ საფრანგეთით არ შემოიფარგლება.
მრავალი განვითარებული ქვეყანა იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე რეალურად შეუძლია, მაშინ როდესაც სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა იზრდება. ეს ვითარება, გამოცემის შეფასებით, შესაძლოა ფინანსური ბაზრების ახალი რყევების მიზეზი გახდეს.
ობლიგაციების ბაზარზე ზეწოლის გაძლიერებამ შეიძლება სახელმწიფოების ვალის მომსახურება გააძვიროს და ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავოს.
6. ხელოვნური ინტელექტი: ტექნოლოგიური პროგრესი და ახალი საფრთხეები
ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად, The Economist-ის პროგნოზით, საზოგადოებაში უკმაყოფილებაც გაიზრდება.
გამოცემის ყურადღების ცენტრშია არა მხოლოდ AI-ის გავლენა სამუშაო ადგილებზე, არამედ პოლიტიკური, ფინანსური და კიბერუსაფრთხოების რისკებიც.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ტექნოლოგიური კომპანიების მზარდი ვალები და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის გამოყენებული რთული, ნაკლებად გამჭვირვალე ფინანსური სქემები. გამოცემის აზრით, ამ სფეროში გადაჭარბებულმა ინვესტიციებმა და ვალის ზრდამ შესაძლოა ბაზარზე კრიზისის რისკი გაზარდოს.
ამასთან, The Economist-ი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა დასაქმებასა და გარემოზე ზოგჯერ გადაჭარბებულად ფასდება.
7. 2027 წელი შესაძლოა რეკორდულად ცხელი აღმოჩნდეს
კლიმატის ცვლილებაც მომავალი წლის ათ მთავარ თემას შორისაა.
ბრიტანული გამოცემა ვარაუდობს, რომ 2027 წელს მსოფლიო კვლავ შეიძლება რეკორდულ სიცხეს, გვალვებს, ტყის ხანძრებსა და ექსტრემალურ სიცხის ტალღებს შეეჯახოს. დამატებითი რისკის ფაქტორი შესაძლოა ძლიერი ელ-ნინიო გახდეს – კლიმატური მოვლენა, რომელიც გლობალურ ტემპერატურასა და ამინდის პირობებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ამავე დროს, ენერგეტიკული ბაზრების არასტაბილურობის ფონზე, გამოცემა განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართ ინტერესის ზრდას პროგნოზირებს.
8. „ოზემპიკის ეფექტი“ – როგორ ცვლის წონის დასაკლები პრეპარატები ეკონომიკას
The Economist-ის პროგნოზში მედიცინასა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებასაც დაეთმო ადგილი.
წონის დასაკლები პრეპარატების, მათ შორის, „ოზემპიკის“, გავრცელება უკვე ცვლის ადამიანების ცხოვრების წესსა და სამომხმარებლო ჩვევებს. გამოცემის შეფასებით, წონის დაკლების შემდეგ ადამიანები შესაძლოა უფრო მეტ თანხას ხარჯავდნენ ტანსაცმელზე, კოსმეტიკასა და ფიტნესზე.
ამასთან, ფარმაცევტული კომპანიები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ისეთი პრეპარატების შექმნით, რომლებსაც დაბერების პროცესის შენელება შეეძლებათ.
9. კოსმოსის ათვისება გაიაფდება – SpaceX ახალ ეტაპზე გადადის
კოსმოსური ტექნოლოგიების სფეროში The Economist-ი გაშვებების გაიაფებასა და კერძო სექტორის როლის ზრდას პროგნოზირებს.
გამოცემის მოლოდინით, SpaceX-ის ხომალდი Starship-ი თანამგზავრების რეგულარულად გაშვებას დაიწყებს. ასევე მოსალოდნელია პირველი კერძო კოსმოსური სადგურის გაშვება.
კიდევ ერთი იდეა, რომელიც შესაძლოა უფრო რეალისტური გახდეს, ორბიტაზე მონაცემთა დამუშავების ცენტრების განთავსებაა. ეს ტექნოლოგიური მიმართულება მომავალში კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
10. ჰოლივუდი ძველ ისტორიებს უბრუნდება – მაგრამ სურს თუ არა ეს მაყურებელს?
The Economist-ის ათეულში კინოინდუსტრიაც მოხვდა.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ჰოლივუდის მცდელობაზე, ხელახლა გააცოცხლოს ცნობილი კინოფრენჩაიზები, მათ შორის, „ვარსკვლავური ომები“, რომელსაც 2027 წელს 50 წელი უსრულდება.
თუმცა პოპულარული YouTube-ავტორების მიერ შექმნილი დაბალბიუჯეტიანი ფილმების წარმატება დიდ კინოსტუდიებს ახალი კითხვების წინაშე აყენებს: კვლავ სურს თუ არა მაყურებელს უკვე ნაცნობი ისტორიების გაგრძელება, თუ მას სრულიად ახალი იდეები უფრო იზიდავს?
რას უნდა ველოდოთ 2027 წელს?
The World Ahead 2027-ის მთავარი თემები ცხადყოფს, რომ The Economist-ის ყურადღების ცენტრშია არა ერთი კონკრეტული კრიზისი, არამედ ერთმანეთთან დაკავშირებული გლობალური პროცესები: ომების შედეგები, პოლიტიკური ძალების გადანაწილება, სახელმწიფო ვალების ზრდა, ტექნოლოგიური გარდაქმნები და კლიმატური საფრთხეები.
The World Ahead 2027-ის სტატიები ათ მთავარ თემაზე The Economist-ის ვებგვერდზე 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. სპეციალური ნომერი ჟურნალის 21 ნოემბრის ბეჭდურ გამოცემაში შევა, 26 ნოემბრიდან კი მისი ცალკე შეძენაც იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ The World Ahead ყოველწლიური ანალიტიკური გამოცემაა და მასში წარმოდგენილი შეფასებები შესაძლო სცენარებსა და ტენდენციებს ასახავს.
ნინო ხოშტარია
დაკავშირებულ თემაზე: El Niño „გოძილა“ უპრეცედენტოდ ძლიერდება – რა ელოდება მსოფლიოს და შეეხება თუ არა ეს მოვლენა საქართველოს?



