მაშველებმა ომალოში, მთაში დაკარგული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაიწყეს.
სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს.
მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



