ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთში 2027 წლიდან დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი 10%-ით გაეზრდება – ვის ეკუთვნის დანამატი

საბერძნეთში კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის ე. წ. სამწლიანი დანამატების სისტემა კვლავ მოქმედებს. ვის ჩაეთვლება სამუშაო სტაჟი, ვინ მიიღებს ხელფასის 10%-იან დანამატს და რა უნდა იცოდნენ ქართველმა ემიგრანტებმა?

საბერძნეთში კერძო სექტორში დასაქმებულთა ნაწილს 2027 წელს ხელფასი მოემატება. ე.წ. სამწლიანი დანამატების (ბერძნულად – τριετίες) სისტემის აღდგენის შემდეგ, იმ მომუშავე ადამიანებს, რომლებსაც შესაბამისი სამუშაო სტაჟი დაუგროვდათ, ხელფასზე 10%-იანი დანამატის მიღების უფლება ექნებათ.

თუმცა ეს ზრდა ყველა დასაქმებულს არ შეეხება და არც იმას ნიშნავს, რომ 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ანაზღაურება ყველას ავტომატურად 10%-ით გაეზრდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამუშაო სტაჟს, დასაქმებულის კატეგორიასა და ხელფასის ოდენობას, რომელსაც იგი უკვე იღებს.

ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებიც კერძო სექტორში მუშაობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი 2027 წელი

საბერძნეთში სამწლიანი დანამატების სისტემა 2012 წლის 14 თებერვლიდან შეჩერებული იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ თარიღის შემდეგ დაგროვილი სამუშაო სტაჟი ხელფასის შესაბამისი დანამატის მისაღებად აღარ ითვლებოდა.

თითქმის 12-წლიანი პაუზის შემდეგ სისტემა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან კვლავ ამოქმედდა. შესაბამისად, იმ დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2012 წლის თებერვლამდე აღიარებული სამუშაო სტაჟი არ ჰქონდათ, ახალი ათვლის პერიოდი სწორედ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო.

ასეთი მუშაკები პირველ სამწლიან სამუშაო სტაჟს 2027 წლიდან დააგროვებენ. მათთვის, ვინც შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დაგროვება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო, პირველი სამწლიანი პერიოდი 2027 წლის 1-ელ იანვარს სრულდება. იმ ადამიანებისთვის კი, რომლებიც მოგვიანებით დასაქმდნენ, შესაბამისი თარიღი სამუშაოს დაწყების დროის მიხედვით განისაზღვრება.

მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური ხელფასის შემთხვევაში სამუშაო სტაჟი შეიძლება სხვადასხვა დამსაქმებელთან და სხვადასხვა სპეციალობით მუშაობის პერიოდსაც მოიცავდეს. შესაბამისად, აუცილებელი არ არის, დასაქმებულს სამივე წელი ერთსა და იმავე კომპანიაში ჰქონდეს ნამუშევარი.

ვის ეკუთვნის ხელფასის 10%-იანი დანამატი

საბერძნეთის მოქმედი წესებით, სამუშაო სტაჟის მიხედვით ხელფასის ზრდა დასაქმებულთა კატეგორიის მიხედვით სხვადასხვანაირად განისაზღვრება.

  • მოსამსახურეებისთვის (υπάλληλοι): ყოველ სამწლიან სამუშაო სტაჟზე ხელფასის დანამატი 10%-ია. დანამატი გათვალისწინებულია მაქსიმუმ სამი სამწლიანი პერიოდისთვის, ანუ საერთო ჯამში, 30%-იანი დანამატი 9 წლის აღიარებული სტაჟისთვის.
  • მუშებისთვის (εργατοτεχνίτες – ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ ან ტექნიკურ სამუშაოს ასრულებენ, რედ.): ყოველ სამ წელზე დანამატი 5%-ია. დანამატი გათვალისწინებულია მაქსიმუმ ექვსი სამწლიანი პერიოდისთვის, ანუ ჯამში 30% – 18-წლიანი აღიარებული სტაჟისთვის.

ეს წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მუშაკებისთვის, რომლებიც კანონით დადგენილ მინიმალურ ხელფასს იღებენ. უფრო მაღალი ანაზღაურების შემთხვევაში გასათვალისწინებელია შრომითი ხელშეკრულების პირობები და ისიც, უკვე ფარავს თუ არა არსებული ხელფასი შესაბამისი სტაჟისთვის გათვალისწინებულ მინიმალურ ოდენობას.

რომელი სამუშაო სტაჟი ითვლება

სამწლიანი დანამატის გამოსათვლელად მნიშვნელოვანია, როდის აქვს ადამიანს დაგროვილი სამუშაო გამოცდილება.

მოქმედი წესის მიხედვით:

  • 2012 წლის 14 თებერვლამდე დაგროვილი სტაჟი – აღიარებულია და შეიძლება გათვალისწინებული იყოს დანამატის გამოსათვლელად;
  • 2012 წლის 14 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი – სამწლიანი დანამატის გამოსათვლელად არ ითვლება;
  • 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დაგროვილი სტაჟი – კვლავ ითვლება.

ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც 2012 წლის თებერვლამდე უკვე ჰქონდათ სამუშაო სტაჟი, მისი გათვალისწინება შეუძლიათ 2024 წლის შემდეგ დაგროვილ სტაჟთან ერთად.

სწორედ ამიტომ, ზოგიერთმა თანამშრომელმა სამწლიანი დანამატის უფლება უკვე 2025 ან 2026 წელს მოიპოვა და მათ 2027 წლამდე ლოდინი არ დასჭირდებათ.

ხოლო მათთვის, ვისაც 2012 წლის 14 თებერვლამდე აღიარებული სტაჟი არ ჰქონია, ახალი სამწლიანი პერიოდის ათვლა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო.

მიიღებს თუ არა ყველა დასაქმებული ხელფასის 10%-იან დანამატს

არა. აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა მისი ხელფასის ოდენობა.

2026 წლის მდგომარეობით, საბერძნეთში კანონით დადგენილი მინიმალური თვიური ხელფასი 920 ევროა (დარიცხული თანხა, გადასახადებისა და სოციალური შენატანების დაქვითვამდე). ამ თანხის 10% 92 ევროა. შესაბამისად, ერთი სამწლიანი სტაჟის მქონე მოსამსახურისთვის მინიმალური ხელფასი 1 012 ევრომდე გაიზრდება.

თუმცა თუ თანამშრომელი უკვე იღებს უფრო მაღალ ანაზღაურებას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას დამატებით 10% უნდა დაერიცხოს. მთავარია, რამდენად შეესაბამება მისი არსებული ხელფასი შესაბამისი სტაჟისთვის კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარს.

მაგალითად:

  • თუ თანამშრომელი 920 ევროს იღებს და პირველი სამწლიანი სტაჟი დაუგროვდა, მისი ხელფასი 1012 ევრომდე უნდა გაიზარდოს – ანუ 92 ევროთი;
  • თუ მისი ხელფასი 960 ევროა, იმავე პირობებში ანაზღაურება 1012 ევრომდე უნდა გაიზარდოს – ანუ 52 ევროთი და არა 10%-ით;
  • თუ დასაქმებული უკვე 1012 ევროს ან მეტს იღებს, კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასისა და ერთი სამწლიანი დანამატის გათვალისწინებით, დამატებითი ზრდა მხოლოდ ამ საფუძველზე აღარ ეკუთვნის.

ეს მაგალითები 2026 წლის მოქმედ მინიმალურ ხელფასს ეფუძნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2027 წლის გაზაფხულზე საბერძნეთში მინიმალური ხელფასის მორიგი ზრდაა მოსალოდნელი. თუ ეს ცვლილება განხორციელდება, სამწლიანი დანამატიც უკვე ახალ საბაზო თანხაზე გამოითვლება.

როგორ უნდა დაადასტუროთ სამუშაო სტაჟი

სამწლიანი დანამატის მისაღებად მნიშვნელოვანია, დასაქმებულს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია ჰქონდეს.

სამუშაო და სადაზღვევო ისტორიის გადამოწმება შესაძლებელია საბერძნეთის სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მეშვეობით:

  • my ΕΡΓΑΝΗ (my ERGANI) – შრომითი ურთიერთობებისა და დასაქმების მონაცემების ელექტრონული სისტემა;
  • my ΕΦΚΑ (my EFKA) – სოციალური დაზღვევის სისტემა, სადაც ხელმისაწვდომია დაზღვევისა და შენატანების ისტორია.

ასევე შესაძლებელია ყოფილი დამსაქმებლისგან სამუშაო ცნობის მიღება, რომელშიც მითითებული იქნება დასაქმების პერიოდი და შესრულებული სამუშაო.

თუ დასაქმებულს სამწლიანი დანამატის მიღების უფლება აქვს, მან უნდა გადაამოწმოს, სწორად არის თუ არა აღრიცხული მისი სამუშაო სტაჟი და შესაბამისად გამოითვლება თუ არა ხელფასი. საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია დამსაქმებელს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინოს.

რა უნდა გაითვალისწინონ საბერძნეთში დასაქმებულმა ქართველებმა

უპირველესად, არ უნდა ჩათვალოთ, რომ 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ხელფასი ყველას ავტომატურად გაეზრდება. თუ სამწლიანი დანამატის უფლება გაქვთ, გადაამოწმეთ თქვენი სამუშაო და სადაზღვევო ისტორია და გაარკვიეთ, როგორ აისახება დაგროვილი სტაჟი თქვენს ანაზღაურებაზე.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც საბერძნეთში მუშაობა 2024 წლიდან დაიწყეს და მას შემდეგ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება დააგროვეს. მათთვის 2027 წლის დასაწყისი პირველი სამწლიანი პერიოდის დასრულებასთან იქნება დაკავშირებული.

თუ 2012 წლის თებერვლამდე საბერძნეთში უკვე მუშაობდით, აუცილებლად გადაამოწმეთ, ხომ არ გაქვთ იმ პერიოდიდან აღიარებული სტაჟი, რომელიც ახალი წესების მიხედვითაც უნდა გაითვალისწინონ.

ნინო ბაჯელიძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close