მოგზაურობაპოლიტიკასაქართველო

ჩინეთში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ქვეყანაში უწყვეტად 30 დღე დაყონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხარემ დაასრულა 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები და საქართველოს მოქალაქეები 28 მაისიდან შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურონ. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა. ამის შემდეგ, 11 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. 2023 წლის დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთის ერთჯერადი ვიზა 45 ლარი ღირდა, ორჯერადი – 70 ლარი, ნახევარწლიანი მრავალჯერადი – 90 ლარი, ერთწლიანი მრავალჯერადი – 135 ლარი, ხოლო ორწლიანი მრავალჯერადი – 135 ლარი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე.

საქსტატის მონაცემებით, 2021-2022 წლებში ჩინეთი საქართველოსთვის ექსპორტის თვალსაზრისით პირველი ქვეყანა იყო, იმპორტის თვალსაზრისით კი – მესამე თურქეთისა და რუსეთის შემდეგ.

2023 წლის მონაცემებით, ჩინეთთან საქართველოს წლიური ბრუნვა დაახლ. 1,64 მლრდ დოლარს შეადგენდა; იმპორტი – 1, 329 მლრდ დოლარს, ექსპორტი კი – დაახლ. 311 მლნ დოლარს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close