2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები: რომელი ქვეყნები ლიდერობენ და რომელ ადგილზეა საქართველო
მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთნაირი არ არის. ზოგიერთი პასპორტი მის მფლობელს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მარტივად მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს, სხვებს კი უცხოეთში გასამგზავრებლად ვიზის წინასწარ აღება, დამატებითი დოკუმენტების წარდგენა და ხანგრძლივი პროცედურების გავლა სჭირდებათ.
2026 წლის მონაცემებით, საქართველოს პასპორტი მსოფლიო რეიტინგში 33-ე ადგილზეა, ხოლო მისი Mobility Score 131-ს შეადგენს. იტალიისა და საბერძნეთის პასპორტები კი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ პასპორტებს შორისაა და ორივე 173 ქულით საერთო რეიტინგში მე-4 პოზიციას იყოფს.
რეიტინგში 33-ე ადგილი არ ნიშნავს, რომ საქართველოს პასპორტზე წინ ზუსტად 32 ქვეყნის პასპორტი დგას. Passport Index-ის რეიტინგში რამდენიმე ქვეყანას შესაძლოა ერთნაირი Mobility Score ჰქონდეს და, შესაბამისად, ერთი და იგივე პოზიცია გაიზიაროს. რეალურად, რეიტინგის ცხრილში საქართველოზე წინ 72 ქვეყანაა.
საქართველოს პასპორტი – 33-ე ადგილი მსოფლიოში
Passport Index-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველოს პასპორტის Mobility Score 131-ია, რაც ნიშნავს, რომ ქართული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის 131 მიმართულებაზე მოგზაურობა ტრადიციული ვიზის წინასწარ აღების გარეშე ან გამარტივებული წესით არის შესაძლებელი.
აქედან 79 მიმართულებაზე საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, 47 ქვეყანაში ვიზის მიღება შესაძლებელია ადგილზე ჩასვლისას, ხოლო კიდევ 5 მიმართულებაზე საჭიროა ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაცია – eTA. რეიტინგის მიხედვით, საქართველოს პასპორტისთვის 67 მიმართულებაზე წინასწარ ვიზის აღებაა საჭირო.
ეს მაჩვენებელი საქართველოს პასპორტს მსოფლიოში 33-ე ადგილს ანიჭებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიცია გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: 2015 წელს ქვეყანა რეიტინგში მხოლოდ 59-ე ადგილზე იყო.
საქართველოს პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმართულებებს შორისაა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა და შენგენის ზონის სახელმწიფოები, ასევე, არაერთი სხვა პოპულარული მიმართულება.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მარტიდან ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შეაჩერა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის, ხოლო ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა კვლავ მოქმედებს.
იტალია – მსოფლიოს ყველაზე ძლიერ პასპორტებს შორის
იტალიის პასპორტი 2026 წელს კვლავ უმაღლეს პოზიციაზეა. მისი Mobility Score 173 ქულას შეადგენს, რის შედეგადაც იტალია მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილს იყოფს კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად.
იტალიური პასპორტით 131 მიმართულებაზე ვიზის გარეშე მოგზაურობაა შესაძლებელი, კიდევ 42 მიმართულებაზე კი ვიზის მიღება შესაძლებელია ადგილზე ჩასვლისას.
Passport Index-ის განმარტებით, მაღალი Mobility Score ნიშნავს, რომ პასპორტის მფლობელს მეტი ქვეყნის მონახულება შეუძლია ტრადიციული ვიზის წინასწარ აღების გარეშე. თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს ფორმალობებისგან სრულიად თავისუფალ მოგზაურობას – მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა ელექტრონული ავტორიზაცია ან სხვა წინასწარი რეგისტრაცია იყოს საჭირო.
იტალიის პასპორტის მაღალი პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რადგან იტალია ერთ-ერთი მთავარი ევროპული ქვეყანაა, სადაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორაა.
საბერძნეთი – ასევე მე-4 ადგილზე
საბერძნეთის პასპორტის მდგომარეობა 2026 წელს იტალიისას პრაქტიკულად უტოლდება. საბერძნეთის Mobility Score 173 ქულაა და ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებს, ისევე როგორც იტალია.
საბერძნეთის პასპორტით 130 მიმართულებაზე ვიზის გარეშე მოგზაურობაა შესაძლებელი (მათ შორის – აშშ-ში, თუმცა შტატებში გამგზავრებამდე საბერძნეთის, როგორც Visa Waiver Program-ის მონაწილე ქვეყნის, მოქალაქეებს ESTA-ს ელექტრონული ავტორიზაციის მიღება სჭირდებათ), ხოლო კიდევ 43 მიმართულებაზე ვიზას ჩასვლისას იღებენ. ამგვარად, საერთო Mobility Score იტალიისას ემთხვევა, თუმცა ქვეყნებს შორის უვიზო და ჩასვლისას ვიზის მიღების მიმართულებების რაოდენობა ოდნავ განსხვავდება.
ეს განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან საბერძნეთიც ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ქართული დიასპორა მრავალრიცხოვანია.
რომელია ყველაზე ძლიერი პასპორტი 2026 წელს
Passport Index-ის 2026 წლის გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროების პასპორტია, რომლის Mobility Score 182-ს შეადგენს. მეორე ადგილზე სინგაპურია 175 ქულით, მესამე პოზიციაზე კი – ესპანეთი 174 ქულით.
173 ქულით მე-4 ადგილს იყოფენ ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, დანია, გერმანია, შვედეთი, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, შვეიცარია, საბერძნეთი, პორტუგალია, ავსტრია, ნორვეგია, ირლანდია და იაპონია.
საინტერესოა საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოზიციებიც: რუსეთის ფედერაცია 123 ქულით 39-ე ადგილზეა, თურქეთი – 41-ეზე 121 ქულით, აზერბაიჯანი – 83 ქულით მე-60 ადგილს იკავებს, ხოლო სომხეთი 80 ქულით 63-ე პოზიციაზეა.
Passport Index-ის Mobility Score-ში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის გამარტივებული სავიზო რეჟიმი, თუმცა კონკრეტულ ქვეყანაში შესვლის პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ გამგზავრებამდე მნიშვნელოვანია შესაბამისი ქვეყნის სავიზო წესების გადამოწმება ოფიციალურ წყაროებში.
ნინო ხოშტარია
p. s. პასპორტების რეიტინგი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://www.passportindex.org/byRank.php



