ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 4 200 მოქალაქე გამოაძევეს – ახალი მონაცემები
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურმა, ევროსტატმა, 30 სექტემბერს 2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 140 ადამიანი დააბრუნეს.
პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 2 060 მოქალაქე დააბრუნეს, შესაბამისად, 2026 წლის პირველი ექვსი თვის ჯამში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებულთა რაოდენობამ 4 200 ადამიანი შეადგინა.
ვის დაატოვებინეს ევროკავშირის ტერიტორია
2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან მესამე (ევროკავშირის არაწევრ) ქვეყნებში დაბრუნებულთა შორის ყველაზე დიდ ჯგუფს თურქეთის მოქალაქეები შეადგენდნენ – 3 765 ადამიანი. მათ მოჰყვებოდნენ სირიის მოქალაქეები – 2 770, ხოლო მესამე ადგილზე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ – 2 140.
ამავე პერიოდში ევროკავშირში მესამე ქვეყნის 110 335 მოქალაქისთვის გამოიტანეს გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების შესახებ. ამ კატეგორიაში ყველაზე მეტი იყო ალჟირის – 10 390, მაროკოს – 6 200 და სირიის – 5 180 მოქალაქე.
ამასთან, მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში სულ 36 825 ადამიანი დააბრუნეს, რაც 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9,7%-ით მეტია. პირველ კვარტალთან შედარებით კი დაბრუნებულთა რაოდენობა 5,9%-ით გაიზარდა.
საქართველოს მონაცემები პირველ კვარტალში
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე იყვნენ თურქეთის მოქალაქეების შემდეგ.
იანვარ-მარტში ევროკავშირის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში დაბრუნებული თურქეთის მოქალაქეების რაოდენობამ 3 555 შეადგინა, საქართველოს მოქალაქეების – 2 060 (აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 10 475), ხოლო ალბანეთის მოქალაქეების რაოდენობამ – 2 050.
ამრიგად, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში დააბრუნეს საქართველოს 2 060 მოქალაქე, მეორე კვარტალში კი – კიდევ 2 140 მოქალაქე.
საბოლოოდ, 2026 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 4 200 მოქალაქე დააბრუნეს.
საგულისხმოა, რომ ევროსტატი ითვლის მესამე (ევროკავშირის არაწევრ) ქვეყნებში დაბრუნებულ პირებს და ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს იძულებით დაატოვებინეს ევროკავშირის ტერიტორია.



