გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრანტებისთვის გერმანული ენის ტესტირების (DTZ) წესებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს. გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი თაღლითობის გახშირებული შემთხვევებია. ახალი განკარგულება ძალაში 2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან შედის. ამის შესახებ DW წერს.
ახალი რეგულაციით, საინტეგრაციო კურსების დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ენის გამოცდის ყველა ბლოკი გამონაკლისის გარეშე წარმატებით უნდა ჩააბარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტი ჩაბარებულად არ ჩაითვლება.
რატომ მკაცრდება წესები
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში ეჭვობენ, რომ კურსის ზოგიერთი მონაწილე ინტერნეტის საშუალებით არალეგალურად ყიდულობდა ტესტის დავალებებსა და სწორ პასუხებს. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევის დროს Telegram-ის ჯგუფში საგამოცდო პასუხები 250 ევროდ იყიდებოდა.
გარდა ამისა, უწყებაში ყურადღება მიაქციეს შემდეგ ტენდენციებს:
- წერითი დავალების იგნორირება: ტესტის დროს აპლიკანტებს მოეთხოვებათ ნახევრად ოფიციალური მოკლე წერილის დაწერა, როგორიცაა, მაგალითად: საჩივარი სახლის მეპატრონეს, მიმართვა რომელიმე უწყებას ან ახსნა-განმარტება სკოლას. ბევრი მონაწილე ამ დავალებას საერთოდ ტოვებდა და არ ასრულებდა.
- ძველი სისტემის ხარვეზი: აქამდე, თუ აპლიკანტი მოსმენა/კითხვის ნაწილსა და ზეპირ მეტყველებაში საჭირო (B1 დონე) ქულებს დააგროვებდა, ტესტი ჩაბარებულად ითვლებოდა – იმის მიუხედავად, რომ წერითი დავალება შესაძლოა საერთოდ გამოტოვებული ჰქონოდა.
ნოემბრიდან ეს მიდგომა იცვლება: გამოცდა ჩაბარებულად არ ჩაითვლება, თუ რომელიმე სექცია უგულებელყოფილი ან არასათანადოდ შესრულებული იქნება. უწყების განმარტებით, გერმანულად წერილობითი კომუნიკაციის უნარი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ყოველდღიური საკითხების დამოუკიდებლად მოგვარების ფუნდამენტური პირობაა.
ბიუჯეტის შემცირება და ახალი შეზღუდვები
ეს ერთადერთი ცვლილება არ არის, რომელიც მიგრანტთა ინტეგრაციას ეხება, ცვლილება ეხება დაფინანსებასა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის საინტეგრაციო კურსების ხელმისაწვდომობას და გულისხმობს:
- დაფინანსების განახევრებას: გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საინტეგრაციო კურსების ყოველწლიური ბიუჯეტი 1.3 მილიარდი ევროდან 600 მილიონ ევრომდე მცირდება.
- შეზღუდვებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის: თავშესაფრის მაძიებლებისა (Asylbewerber) და ზოგიერთ სხვა ჯგუფისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სრული საინტეგრაციო კურსების ხელმისაწვდომობა იზღუდება. სანაცვლოდ მათ შედარებით მარტივ, საწყის გაცნობით კურსებს შესთავაზებენ.
ცნობისთვის: სტანდარტული საინტეგრაციო კურსი 700 საათისგან შედგება, საიდანაც 600 საათი ენის შესწავლას ეთმობა, ხოლო 100 საათი – ე. წ. საორიენტაციო კურსს (Orientierungskurs), რომელიც უცხოელებს გერმანიის ისტორიას, კულტურას, პოლიტიკას და კანონმდებლობას აცნობს.
ეს მოდელი უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში საინტეგრაციო კურსები თითქმის 4 მლნ-მა ადამიანმა გაიარა.
რას წარმოადგენს DTZ ტესტი და ვინ აბარებს მას
DTZ (Deutsch-Test für Zuwanderer) ამოწმებს ენის ცოდნას სამ ბლოკად: მოსმენა/კითხვა, წერა და ზეპირი კომუნიკაცია. ტესტი A2 ან B1 დონეებს ადასტურებს ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული Common European Framework of Reference for Languages-ის სტანდარტების შესაბამისად.
ენის სერტიფიკატის აღება აუცილებელია ბინადრობის უფლების (VHD) და მოქალაქეობის მისაღებად.
2025 წელს გამოცდა დაახლოებით 318 550-მა ადამიანმა ჩააბარა. მათგან 55%-მა B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღო, ხოლო 32%-მა – A2 დონის.
ენობრივი გამოცდის ახალი მოთხოვნა არ არის ერთადერთი ზომა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ინტეგრაციის კურსების ხარისხის გაუმჯობესებას. მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური ოფისი (BAMF), სხვა საკითხებთან ერთად, დიდი ხანია მოითხოვს, რომ ზეპირი და წერილობითი გამოცდები ერთსა და იმავე დღეს ჩატარდეს.
ვინ ესწრება საინტეგრაციო კურსებს
მონაწილეთა ყველაზე დიდ ჯგუფს უკრაინელები შეადგენენ, თუმცა მათი წილი მცირდება: თუ 2022 წელს უკრაინელები ახალი მონაწილეების 59%-ს შეადგენდნენ, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 30%-ს უდრიდა. უკრაინელების შემდეგ რაოდენობით ლიდერობენ სირიის, ავღანეთისა და თურქეთის მოქალაქეები.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს: გერმანიის მიგრაციის სამსახურის (BAMF) მონაცემებით, ქართველები საინტეგრაციო კურსების მონაწილეთა ტოპათეულში არ ხვდებიან და მათი წილი საერთო რიცხოვნობაში ძალიან მცირეა (1%-ზე ნაკლები).
ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ გერმანიის კანონმდებლობით, თავშესაფრის მაძიებლებს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებიდან (რომელთა შორის არის საქართველოც) უფასო, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საინტეგრაციო კურსებზე ავტომატურად არ მიუწვდებათ ხელი. შესაბამისად, ენის კურსებსა და DTZ ტესტს, ძირითადად, ის ქართველები აბარებენ, რომლებიც გერმანიაში ლეგალურად (სამუშაო, ოჯახის გაერთიანების ან სწავლის ვიზით) იმყოფებიან.
ნინო ხოშტარია
დაკავშირებულ თემაზე: გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა – რას ნიშნავს ეს



