მსოფლიოპოლიტიკა

რუსული რაკეტის თვითგანადგურების მექანიზმმა მესამე მსოფლიო ომი თავიდან აგვაცილა? – რას წერს ბერძნული გამოცემა

20 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების საკითხი კვლავ აქტუალური გახადა. პოლონეთის გამოძიების წინასწარი მონაცემებით, სამივე რაკეტა რუსული წარმოების იყო. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, მიწაზე დაცემამდე ჰაერში აფეთქდა. სწორედ ამ გარემოებამ წარმოშვა ბერძნული გამოცემა Pronews-ის მიერ გავრცელებული ვერსია, რომლის მიხედვითაც, რაკეტის თვითგანადგურების სისტემამ შესაძლოა უფრო მძიმე შედეგები აგვაცილა თავიდან.

რა მოხდა პოლონეთში?

20 ნოემბერს, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმის დროს, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა და ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ობიექტი ჩამოვარდა.

თავდაპირველად პოლონეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი ფრთოსანი რაკეტა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა. თუმცა ნამსხვრევების შესწავლის შემდეგ გამოძიების წინასწარი შედეგები შეიცვალა: პოლონეთის პროკურატურამ დაადგინა, რომ სამივე ობიექტი რუსული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა იყო.

ნამსხვრევები პოლონეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სამ სხვადასხვა ადგილას აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, რაკეტები 2026 წლის მეოთხე კვარტალში იყო წარმოებული მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში.

ინციდენტის შედეგად პოლონეთში არავინ დაშავებულა და არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანების შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია.

შესაძლებელია თუ არა, რომ რაკეტის თვითგანადგურების სისტემამ უფრო მძიმე შედეგები აგვაცილა თავიდან?

სწორედ ამ კითხვას სვამს ჟურნალისტი პანოს სპაღოპულოსი (Panos Spagopoulos) ბერძნულ გამოცემა Pronews-ში 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.

ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს პოლონეთის პროკურატურის წინასწარ შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი რაკეტა მიწაზე დაცემამდე ჰაერში აფეთქდა. მისი ვარაუდით, შესაძლოა რაკეტაში ჩაშენებული თვითგანადგურების მექანიზმი ამოქმედდა.

პოლონეთის გამოძიებას ჯერ არ გამოუქვეყნებია საბოლოო ტექნიკური დასკვნა, რომელიც თვითგანადგურების სისტემის ამოქმედებას დაადასტურებდა. ასევე, ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი, რატომ მოხვდა რაკეტები პოლონეთის საჰაერო სივრცეში და რა გარემოებებმა განაპირობა მათი ჩამოვარდნა.

რატომ არ გახსნა ნატოს ავიაციამ ცეცხლი?

ინციდენტის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვის ოპერაციაში პოლონური და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ავიაცია მონაწილეობდა, მათ შორის, შვედური Gripen-ის ტიპის გამანადგურებლები.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრისა და სამხედრო ხელმძღვანელობის განმარტებით, საჰაერო საფრთხეებზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებებს კონკრეტული გარემოებებისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის შესაძლო რისკების შეფასების საფუძველზე იღებდნენ. სამხედროებმა ცეცხლის გახსნისგან თავი შეიკავეს.

ეს გარემოება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ნატოს ავიაციას მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდა. სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საჰაერო ობიექტის წარმომავლობა, არამედ ისიც, რა საფრთხეს წარმოადგენს მისი ჩამოგდება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.

20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სამხედრო ხელმძღვანელობამ უსაფრთხოების გარემოებების შეფასებასა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის საკითხებზე ისაუბრა.

შეიძლებოდა თუ არა ინციდენტს ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი მოჰყოლოდა?

Pronews-ის სტატიაში ეს შემთხვევა გაცილებით ფართო პოლიტიკური და სამხედრო კონტექსტით არის განხილული. გამოცემის ვარაუდით, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანების დაღუპვას შესაძლოა ნატოსა და რუსეთს შორის ვითარების მკვეთრი გამწვავება მოჰყოლოდა და ალიანსი რთული პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების წინაშე დამდგარიყო.

სტატიის ავტორი პანოს სპაღოპულოსი პარალელს ავლებს 2022 წლის ნოემბერში პოლონეთის სოფელ პშევოდუვში მომხდარ შემთხვევასთან, როდესაც აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მაშინ პოლონეთისა და ნატოს წინასწარი შეფასებებით, სოფელში უკრაინული საზენიტო რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმის მოგერიებისას იყო გაშვებული.

თუმცა ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა ავტომატურად არ ნიშნავს ალიანსის მიერ ომის დაწყებას ან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას. მე-5 მუხლის ამოქმედების საკითხი კონკრეტული გარემოებების შეფასებისა და წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების საფუძველზე განიხილება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 20 ნოემბრის ინციდენტი რუსეთის პროვოკაციად შეაფასა, თუმცა გამოძიების საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს.

ნატო პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას აძლიერებს

23 ნოემბერს პოლონეთის ინიციატივით ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ ნატომ პოლონეთის საჰაერო სივრცის მონიტორინგის გასაძლიერებლად დამატებითი ზომების მიღება გადაწყვიტა. კერძოდ, პოლონეთის დასახმარებლად AWACS-ის ტიპის თვითმფრინავი გამოიყოფა, რომელიც საჰაერო სივრცის მონიტორინგისა და შესაძლო საფრთხეების დროულად აღმოჩენის შესაძლებლობას ზრდის

Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროპაში ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა მიიღო.

23 ნოემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ხანმოკლე შეჭრის შესახებაც გავრცელდა ცნობა, რამაც უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საჭიროება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ნიკო აბაშიშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close