კარლო პონტი უმცროსი და მარიამ შარმანაშვილი დაშორდნენ – რა გახდა მიზეზი?

კარლო პონტი უმცროსისა და ქართველი მარიამ შარმანაშვილის ექვსწლიანი ურთიერთობა დასრულდა. მარიამმა დაშორების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა, კარლო პონტის კი ამ დრომდე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
„მეც არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ, რადგან ჩვენს სიყვარულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა, თავს ვალდებულად ვთვლი, გაურკვევლობაში არ გამყოფოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა. მიზეზებსა და დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია, კარლო პონტი უმცროსი და მარიამ შარმანაშვილი დაშორდნენ – რა გახდა მიზეზი?
თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვსწლიანი ურთიერთობის განმავლობაში უბედნიერესი ვიყავი. გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს, მე და კარლოს, გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია.
არ ვარ ადამიანი, რომელიც პირად ურთიერთობაში იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს. მინდა, იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შედეგად, სრულიად შეგნებულად გადავდგი. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია, მე ეს უნდა გამეკეთებინა ორივეს ბედნიერებისთვის. მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო. გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა…“ – წერს მარიამ შარმანაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კარლო პონტის ამ საკითხზე საჯარო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მის ფეისბუქგვერდზეც, სადაც ურთიერთობის დასაწყისში აღფრთოვანებით წერდა საყვარელ ქალზე, დაშორების შესახებ კომენტარი არ იძებნება.
ექვსწლიანი სიყვარულის ისტორია და ქორწინება
კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილის ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო. წყვილი 2025 წელს დაქორწინდა. მათი ქორწინება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან კარლო პონტი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის უფროსი ვაჟია.
ჯვრისწერა 2025 წლის 26 ივლისს მცხეთაში, სამთავროს მონასტერში გაიმართა. მანამდე ცოტა ხნით ადრე კარლო მართლმადიდებლად მოინათლა და გაბრიელი ეწოდა, ჯვრისწერისთვის კი ქართულ ტრადიციულ სამოსში – ჩოხაში გამოეწყო. საქართველოში გრანდიოზული საქორწინო წვეულება გაიმართა. სოფი ლორენი ცერემონიაზე დისტანციურად ჩაერთო ჟენევიდან და წყვილს მიულოცა. მარიამით კი იტალიური გამოცემები დაინტერესდნენ – მარიამი და კარლო ერთობლივად სატელევიზიო გადაცემაშიც მიიწვიეს.
ორი თვის შემდეგ კი წყვილმა სამოქალაქო ქორწინება ჟენევაში გააფორმა – ქალაქში, სადაც კარლო დაიბადა და ცხოვრების პირველი ეტაპი გაატარა. ცერემონიას ამჯერად სოფი ლორენიც დაესწრო.

ქორწინების შემდეგ მარიამი, ძირითადად, კვლავ საქართველოში ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობასაც აგრძელებდა. ის ფიტნესინსტრუქტორი და ზუმბას ტრენერია. პირველი ქორწინებიდან მარიამს ვაჟი ჰყავს. კარლო პონტისაც ჰყავს ქალ-ვაჟი წინა ქორწინებიდან.
სოფი ლორენის უფროსი ვაჟი კარლო პონტი უმცროსი, რომელსაც 29 დეკემბერს 58 წელი შეუსრულდება, ცნობილი მუსიკოსი და დირიჟორია. ის ძირითადად აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, თუმცა პროფესიის გამო ხშირად მოგზაურობს. კარლო მარიამზე 22 წლით უფროსია.
აღსანიშნავია, რომ მარიამს თებერვლის შემდეგ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები აღარ გამოუქვეყნებია. გამონაკლისი იყო ივნისის ბოლოს „თბილისი პიანო ფესტის“ დროს გადაღებული მცირე ვიდეო.
თბილისი და ლოს-ანჯელესი – რამდენად მარტივია ასეთი ქორწინება?
წყვილის დაშორების მიზეზები უცნობია, თუმცა ერთი გარემოება ყურადღებას ნამდვილად იქცევს: მეუღლეები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ და, შესაძლოა, სწორედ ეს დისტანცია აღმოჩნდა მათი ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა.
ქორწინება მხოლოდ სიყვარული არ არის – ყოველდღიური თანაცხოვრება, საერთო გეგმები, ერთმანეთის გვერდით ყოფნა და ცხოვრებისეული წვრილმანების გაზიარებაცაა. მართალია, მარიამი ამბობდა, რომ კარლოს გასტროლებით დატვირთული გრაფიკი ხელს არ უშლიდა მათ ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში, ყოველდღიურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე ყოფნაში გარკვეულ უპირატესობებსაც კი ხედავდნენ, მაგრამ როდესაც მეუღლეები სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობენ და ერთად ყოფნისთვის სპეციალურად უნდა გამონახონ დრო, ურთიერთობის შენარჩუნება გაცილებით რთულდება.
შესაძლოა, მარიამისთვის, როგორც ქართულ ოჯახურ ტრადიციებზე გაზრდილი ადამიანისთვის, დროთა განმავლობაში ასეთი ცხოვრება დამღლელი აღმოჩნდა. როცა გიყვარს ადამიანი, ბუნებრივია, გინდა, რომ ის შენ გვერდით იყოს, მასთან ერთად იზიარებდე ყოველდღიურობას და არა მხოლოდ შვებულების დღეებს. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია და არა დადასტურებული მიზეზი – თავად წყვილს დაშორების მიზეზებზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
კარლო პონტი საქართველოში – ბოლო ვიზიტი ივნისში
კარლო პონტი საქართველოსთან კავშირს ინარჩუნებდა. მიმდინარე წლის ივნისში ის თბილისში იმყოფებოდა და „თბილისი პიანო ფესტის“ მეშვიდე სეზონის დასკვნით კონცერტში მონაწილეობდა.
კონცერტზე მან საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა, ორკესტრთან ერთად ფორტეპიანოზე დაუკრა ქართველმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა.
კარლო პონტის საქართველოში ვიზიტი იტალიურმა სააგენტო ANSA-მაც გააშუქა. „თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში მან ადგილობრივ მედიასთან საქართველოსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
რას წერს იტალიური მედია?
კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილის ქორწინებას იტალიური პრესა ყურადღებით აშუქებდა. მათ შორის, ANSA-მ და La Repubblica-მ სოფი ლორენის მონაწილეობით გამართული საქორწინო ცერემონიის შესახებაც დაწერეს, ხოლო Vanity Fair Italia-მ მარიამთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
თუმცა დაშორების შესახებ ახალი ამბავი იტალიური წამყვანი გამოცემების ყურადღების ცენტრში ჯერჯერობით არ მოქცეულა. ამ დროისთვის ინფორმაცია, ძირითადად, ქართული მედიის საშუალებით ვრცელდება.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: სოფი ლორენის ვაჟი ჩოხაში გამოეწყო – კარლო პონტიმ და მარიამ შარმანაშვილმა ჯვარი დაიწერეს (ვიდეო)
ქართველების სადედამთილოს, სოფი ლორენის რთული ცხოვრების გზა ვარსკვლავობამდე და მთავარი მიღწევა



