დემოკრატიის გლობალური რეიტინგი: ვინ ლიდერობს მსოფლიოში და რომელ ადგილზეა საქართველო?
რვაწლიანი უწყვეტი გაუარესების შემდეგ, 2025 წელს მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ეს ტენდენცია ყველა ქვეყანას არ შეხებია. Economist Intelligence Unit-ის (EIU) ახალი ინდექსის მიხედვით, საქართველომ რეიტინგში ხუთი პოზიციით უკან დაიხია და 167 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 99-ე ადგილი დაიკავა.
Economist Intelligence Unit-ის 2025 წლის დემოკრატიის ინდექსი (Democracy Index 2025) მსოფლიოს ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხს აფასებს და მნიშვნელოვან სურათს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება პოლიტიკური სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამოქალაქო თავისუფლებები.
ანგარიშის თანახმად, რვაწლიანი უწყვეტი ვარდნის შემდეგ დემოკრატიის გლობალური მაჩვენებელი დასტაბილურდა. 2025 წელს შეფასებული ქვეყნების თითქმის 75%-მა ან საკუთარი შედეგი გააუმჯობესა, ან წინა წლის მაჩვენებელი შეინარჩუნა. მიუხედავად ამისა, ცალკეულ სახელმწიფოებში დემოკრატიის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება კვლავ გრძელდება.
როგორ ფასდება დემოკრატიის ხარისხი?
2006 წლიდან EIU ყოველწლიურად 167 ქვეყანასა და ტერიტორიას 10-ქულიანი სკალით აფასებს. ინდექსი ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეფუძნება:
- საარჩევნო პროცესი და პოლიტიკური პლურალიზმი;
- მთავრობის ფუნქციონირება;
- პოლიტიკური მონაწილეობა;
- პოლიტიკური კულტურა;
- სამოქალაქო თავისუფლებები.
შეფასების საფუძველზე ქვეყნები ოთხ კატეგორიად იყოფა: სრულფასოვანი დემოკრატიები, ნაკლოვანი დემოკრატიები, ჰიბრიდული რეჟიმები და ავტორიტარული რეჟიმები.
რომელი ქვეყნები ლიდერობენ დემოკრატიის რეიტინგში?
მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოების ათეულში, როგორც წინა წლებში, კვლავ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები დომინირებენ. პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს 9.81 ქულით, მეორე ადგილზეა ახალი ზელანდია (9.62), მესამეზე კი – დანია (9.42).
ათეულში მოხვდნენ, აგრეთვე, ისლანდია, ფინეთი, შვედეთი, ირლანდია, შვეიცარია, კანადა და ლუქსემბურგი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კანადის შედეგი: ქვეყანამ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 0.40 ქულით გაიუმჯობესა და რეიტინგში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.
საპირისპირო მდგომარეობაა რეიტინგის ბოლოში. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ავღანეთს აქვს – მხოლოდ 0.25 ქულა. მას მიანმარი და ჩრდილოეთი კორეა მოსდევენ, შესაბამისად, 0.96 და 1.08 ქულით.
EIU-ს შეფასებით, მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 15% სრულფასოვანი დემოკრატიაა, ხოლო ავტორიტარული რეჟიმები შეფასებული სახელმწიფოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
სად გაუარესდა და სად გაუმჯობესდა დემოკრატიის მდგომარეობა?
2025 წლის რეიტინგში ყველაზე მკვეთრი გაუარესება გვინეა-ბისაუში დაფიქსირდა – ქვეყნის მაჩვენებელი 0.66 ქულით შემცირდა. მას მოსდევენ ნეპალი (-0.59) და პაკისტანი (-0.41).
ინდოეთისა და ფილიპინების შეფასებებიც 0.33 ქულით გაუარესდა, საქართველოს მაჩვენებელი კი 0.34 ქულით შემცირდა.
გვინეა-ბისაუში დემოკრატიის ხარისხის მკვეთრი ვარდნა 2025 წლის ნოემბერში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას უკავშირდება. ნეპალში პოლიტიკური კრიზისი და ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი, პაკისტანში კი დემოკრატიულ პროცესებზე სამხედრო გავლენა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.
დადებითი ცვლილებებით განსაკუთრებით გამოირჩევა გაბონი, რომელმაც მაჩვენებელი 1.31 ქულით გააუმჯობესა. მეორე ადგილზეა ბოლივია (+1.12), ხოლო კანადა და შრი-ლანკა ასევე მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებენ.
გაბონის გაუმჯობესება 2025 წლის აპრილში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და სამხედრო მმართველობიდან სამოქალაქო ხელისუფლებაზე გადასვლის პროცესს უკავშირდება. თუმცა პროგრესის მიუხედავად, ქვეყანა კვლავ ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაში რჩება.
აშშ დემოკრატიის რეიტინგში ექვსი პოზიციით დაქვეითდა
2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება. ქვეყანამ რეიტინგში ექვსი პოზიციით დაიხია უკან და 34-ე ადგილზე გადაინაცვლა. მისი მაჩვენებელი 7.85-დან 7.65 ქულამდე შემცირდა.
EIU-ს შეფასებით, გაუარესება სახელმწიფო მმართველობის ფუნქციონირებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლაზე, აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების ზრდასა და სამოქალაქო უფლებების დაცვის კუთხით წარმოქმნილ საფრთხეებზე.
ამ შედეგით აშშ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეზობელ კანადას, რომელმაც 9.08 ქულა მიიღო და მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების ათეულში მოხვდა. ამჟამად კანადა სრულფასოვან დემოკრატიად კლასიფიცირდება, აშშ კი – ნაკლოვან დემოკრატიად.
საქართველო დემოკრატიის გლობალურ რეიტინგში
რაც შეეხება საქართველოს, EIU-ს 2025 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, ქვეყანა 167 სახელმწიფოსა და ტერიტორიას შორის 99-ე ადგილზეა და 4.36 ქულა აქვს მინიჭებული.
ეს წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუარესებაა: 2024 წელს საქართველოს 4.70 ქულა ჰქონდა და 94-ე პოზიციას იკავებდა. შესაბამისად, ერთ წელიწადში ქვეყანამ ხუთი ადგილით უკან დაიხია, ხოლო შეფასება 0.34 ქულით შეუმცირდა.
რეიტინგში საქართველოს უშუალო მეზობლები არიან გამბია (97-ე ადგილი, 4.47 ქულა) და სიერა-ლეონე (98-ე ადგილი, 4.44 ქულა). საქართველოს მომდევნო პოზიციაზე უგანდაა 4.31 ქულით.
საქართველოს 6 პოზიციით უსწრებს უკრაინა 4,79 ქულით და 15 პოზიციით უსწრებს სომხეთი, რომელიც 5,35 ქულით 84-ე ადგილზეა. თურქეთს კი 4.26 ქულა აქვს და რეიტინგში 102-ეა. სამივე ქვეყანა ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია საქართველოს მსგავსად. კიდევ ერთი მეზობელი – აზერბაიჯანი 127-ე ადგილზეა 2.80 ქულით და ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიას მიეკუთვნება.
EIU-ს ანგარიშში საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლის გაუარესებას ცალკე ყურადღება ეთმობა. დოკუმენტის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აგრძელებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე კონტროლის გაძლიერებას. ანგარიშში ასევე საუბარია მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაზე, ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობის აკრძალვის ან შეზღუდვის მცდელობებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი ინდექსის 20-წლიან ისტორიაში 2013 წელს ჰქონდა – 5.95 ქულა, ყველაზე დაბალი კი 2010 წელს დაფიქსირდა – 4.59 ქულა. ამჟამად ქვეყანა კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში რჩება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის გარკვეული მექანიზმები არსებობს, თუმცა პოლიტიკური პროცესებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემებიც შენარჩუნებულია.
დემოკრატიის გლობალური სურათი: ორი განსხვავებული შეფასება
საინტერესოა, რომ EIU-ს ანგარიშის შედარებით ოპტიმისტური დასკვნის მიუხედავად, Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშში გაცილებით საგანგაშო ტენდენციაა გამოკვეთილი.
ამ ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუარესება ზედიზედ უკვე მე-20 წელია გრძელდება. გასულ წელს 54 ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა, გაუმჯობესება კი მხოლოდ 35 ქვეყანაში დაფიქსირდა.
ერთი შეხედვით, ეს მონაცემები EIU-ს შეფასებას ეწინააღმდეგება, თუმცა სინამდვილეში ორგანიზაციები განსხვავებულ მაჩვენებლებს იკვლევენ: EIU დემოკრატიული მმართველობის ხარისხს აფასებს, Freedom House კი – პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მდგომარეობას.
ამრიგად, დემოკრატიის გლობალური უკუსვლის ტემპის შენელება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა გაუმჯობესდა.
EIUის 2025 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
- ნორვეგია – 9.81 ქულა
- ახალი ზელანდია – 9.62 ქულა
- დანია – 9.42 ქულა
- ისლანდია – 9.38 ქულა
- ფინეთი – 9.37 ქულა
- შვედეთი – 9.35 ქულა
- ირლანდია – 9.33 ქულა
- შვეიცარია – 9.32 ქულა
- კანადა – 9.08 ქულა
- ლუქსემბურგი – 9.08 ქულა
ნანა ძნელაძე



