მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა – რას ნიშნავს ეს?

„უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ (SICHERE HERKUNFTSLANDER) გერმანულ სიაში საქართველოს შეყვანაც გადაწყდა. „დოიჩე ველე“ – DW  განმარტავს, რა შედეგები ექნება ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც გერმანიის ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავენ.

დღეს, 18 იანვარს გერმანიის ბუნდესტაგმა (პარლამენტმა) მმართველი პარტიების და პირადად შს მინისტრ ჰორს ზეეჰოფერის ინიციატივით 590 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც,  ე. წ. „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ (sichere Herkunftsländer) გერმანულ სიაში უნდა შევიდეს საქართველო, სამ ჩრდილოაფრიკულ ქვეყანასთან- ალჟირთან, მაროკოსა და ტუნისთან ერთად. ასე ცდილობს გერმანია შეამციროს დევნილთა ნაკადი ამ ქვეყნებიდან და გაამარტივოს იმ პირთა დეპორტაცია, რომლებსაც თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვიან.

თუ ამ კანონს ბუნდესრატი (პარლამენტის ზედა პალატა) არ დაბლოკავს, როგორი იქნება მისი შედეგები „უსაფრთხო“ (გერმანიის შეფასებით) ქვეყნებისთვის?

ზემოხსენებული 4 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირის სახელმწიფოებთან (2017 წლის მარტის ბოლოდან) და ამ შესაძლებლობით გერმანიაში შესასვლელად თავისუფლად სარგებლობენ არა მარტო ტურისტები, არამედ კრიმინალებიც.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე სარგებლობს უვიზო რეჟიმით, უპრობლემოდ შედის გერმანიაში ზედმეტი ფორმალობების გარეშე, წარადგენს განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნით და გადაწყვეტილების მოლოდინში, როლის მიღებასაც ზოგჯერ თვეები და წლებიც კი სჭირდება, დანაშაულს ჩადის.

2017 წელს საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რაოდენობის 2,1%-ს შეადგენდნენ, რაც არაპროპორციულად მაღალი მაჩვენებელია, რადგან მიგრანტთა საერთო რიცხვიდან, რომლებმაც გერმანიის მთავრობას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს, დანაშაულში ეჭვიმიტანილი მხოლოდ 0,7% იყო; ეს ნიშნავს, რომ ქართველ დევნილთა შორის დანაშაულში ეჭვმიტანილთა რაოდენობა საშუალო მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტი იყო, თანაც  შემთხვევათა 75%-ში საქართველოს მოქალაქეები სისხლის სამართლის საქმეებში გადიოდნენ, რომლებიც ქურდობას უკავშირდებოდა.

სწორედ კრიმინალთა გამო გასული წლის გაზაფხულზე საქართველოს რეალურად დაემუქრა უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე. რაინვესტფალიის ფედერალური მიწის ხელისუფლებამ, სადაც განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქე ბინის მძარცველები, ოფიციალურად მოსთხოვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ევროკომისია ამის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. ამ საფრთხის წინაშე მდგარმა საქართველოს ხელისუფლებამ თავად სთხოვა გერმანიას საქართველი უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა.

 წესები უსაფრთხო ქვეყნებისთვის

„უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი არ ნიშნავს, რომ ასეთი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნა არ შეეძლებათ. გერმანიის კონსტიტუციით, თავშესაფრის უფლება ინდივიდუალურად მიიჩნევა, ანუ თითოეული უცხოელის განაცხადი ცალკე უნდა განიხილებოდეს.

მაგრამ „უსაფრთხო ქვეყნების“ მოქალაქეებს თხოვნაზე დადებითი პასუხის მიღების ნაკლები შანსი აქვთ. ასეთ შემთხვევებში მიგრაციის და დევნილების საქმეთა ფედერალური უწყება (BAMF) გამოდის იქიდან, რომ თავშესაფრის მოთხოვნა „აშკარად უსაფუძვლოა“ და საწინააღმდეგოს დამტკიცება თავშესაფრის მაძიებელს გაცილებით უძნელდება. ამაზეა გათვლაც: როდესაც იციან, რომ მათი მშობლიური ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება და თავშესაფრის მიღების შანსები ძალიან მცირეა, ასეთი ქვეყნებიდან ნაკლები მოქალაქე ჩავა გერმანიაში „ბედის საძიებლად“.

ამას გარდა, BAMF-ს უფლება აქვს უსაფრთხოდ აღიარებული სახელმწიფოების მოქალაქეთა განაცხადები დაჩქარებულ და გამარტივებულ რეჟიმში განიხილოს; უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მათ სასამართლოში გასაჩივრების უფლებაც ნაკლებად აქვთ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ასეთი დევნილის სამშობლოში დეპორტაცია შეიძლება უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე სასამართლო გამოიტანს განაჩენს თავშესაფრის მაძიებლის სარჩელზე.

რისთვის შეიძლება გაასახლონ უცხოელი მოქალაქე გერმანიიდან

დანაშაულის ჩადენა ყოველთვის არ არის გერმანიიდან უცხოელი მოქალაქის დეპორტაციის საფუძველი, იქნება ის დევნილი თუ ტურისტი – ყველაფერი დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმესა და კანონის დამრღვევის კონკრეტულ პირად მდგომარეობაზე. მაგ., უცხოელი ტურისტი შეიძლება ოქტობერფესტზე წვრილი ქურდობისთვის გამოაძევონ, – მოჰყავს მაგალითი  ადვოკატ ჰუბერტ ჰაინჰოლდს (Hubert Heinhold) უფლებადამცველი ორგანიზაცია Pro Asyl-დან, – მაშინ როდესაც უცხოელი მკვლელი გერმანიაში რჩება, რადგან სამშობლოში სიკვდილით დასჯა ან წამება ელოდება.

ეს უკიდურესი შემთხვევებია. პრაქტიკაში დეპორტაციის გადაწყვეტილება, როგორც წესი, იმ შემთხვევაში მიიღება, როდესაც სასამართლო უცხოელ მოქალაქეს ჩადენილი კანონდარღვევისთვის არანაკლებ 2 წელს უსჯის, ხოლო თუ საუბარია დევნილზე, რომლის განაცხადიც განხილვის სტადიაშია, მისი დეპორტაციისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი 3 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ბუნდესრატის „გადამწყვეტი სიტყვა“

გამოაცხადებს თუ არა გერმანია საბოლოოდ საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“, 15 თებერვალს გაირკვევა – სწორედ ამ დღეს არის დანიშნული ბუნდესტაგის მიერ დღეს მიღებული კანონპროექტის კენჭისყრა გერმანიის პარლამენტის ზედა პალატაში: პროცედურის თანახმად, კანონპროექტმა კანონის ძალა რომ შეიძინოს, მხარი ბუნდესრატმა (პარლამენტის ზედა პალატა) უნდა დაუჭიროს, რომელიც გერმანიის 16 ფედერალური მიწის წარმომადგენლებისგან შედგება. მათგან 9 ფედერალური მიწის წარმომადგენლები ცვლილებას მხარს არ უჭერენ  და შესაძლოა, კანონპროექტის დამტკიცება ჩავარდეს; ოპოზიციურმა მწვანეთა პარტიამ განაცხადა, რომ კანონპროექტს დაბლოკავენ, როგორც ეს უკვე გააკეთეს 2017 წელს.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ბუნდესრატის კენჭისყრა 15 თებერვალს გაიმართება.

ნიკო აბაშიშვილი

„დოიჩე ველეს“ მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close