fbpx
საზოგადოებასაქართველო

სანამ გაზის მორიგი აფეთქებები შეიწირავს ადამიანებს – რას ურჩევენ ხელისუფლებას, რა არის გამოსავალი?

გასული წლის ნოემბერში ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დედა და მისი მცირეწლოვანი გოგონა დაიღუპნენ, დატრიალებულმა ტრაგედიამ თითქოს გამოაფხიზლა საზოგადოებაც, ხელისუფლებაც, ატყდა ერთი ამბავი, დაიწერა ათასგვარი შეფასება და რეკომენდაცია, მაგრამ გავიდა დრო და ყველას დაავიწყდა, რომ „თბილისი [და მთელი საქართველო], ფაქტობრივად, ბომბზე ზის“. ორი დღის წინ დიდ დიღომში მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ, რომლის დროსაც საცხოვრებელ კორპუსში გაზის დაგროვების შედეგად გამოწვეულ აფეთქებას ოთხი ადამიანის, მათ შორის, 4 წლის ბიჭუნას სიცოცხლე ემსხვერპლა, კვლავ სულის სიღრმემდე შეძრა საზოგადოება; გუშინ კი ახალი შემთხვევა მოხდა გორში, ცხინვალისკენ მიმავალ გზატკეცილზე მდგარ კორპუსში – წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზქურაში დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. დაზარალებული 66 წლის მამაკაცი დამწვრობებით, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთი აშკარა მტკიცებულებაა, რომ კომუნალური სფერო ღრმა და სისტემურ კრიზისშია!“ – ასე ეხმიანება თავის ფეისბუქგვერდზე დიდ დიღომში მომხდარ სულისშემძვრელ უბედურ შემთხვევას თვითმმართველობის ექსპერტი, იურისტი დავით ზარდიაშვილი და ხელისუფლებას რეალურ გამოსავალს სთავაზობს, როგორ უნდა დაიცვას მოქალაქეები შემდგომი ტრაგედიებისაგან, რომლისგან დაზღვეული, არსებულ პირობებში, არცერთი ოჯახი არ არის.

„ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთი აშკარა მტკიცებულებაა, რომ კომუნალური სფერო ღრმა და სისტემურ კრიზისშია!

კომუნალური რეფორმის აუცილებლობაზე მეც და ჩემს თანამოაზრეებსაც არაერთგზის დაგვიწერია, მაგრამ ამაოდ; ახლაც, როცა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მიდის მსჯელობა, ეს თემა, სამწუხაროდ, კვლავაც სათანადო ყურადღების მიღმა რჩება.

კომუნალური სფეროს ფუნდამენტური პრობლემა, რამაც საბოლოო ჯამში კრიზისამდე და მსგავს ტრაგედიებამდე მიგვიყვანა, სუბსიდიარობის ხელყოფაა!

ანუ: მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მოალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებული და მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლება, ფაქტობრივად, პასუხს აღარ აგებს ძირითად, საბაზისო კომუნალურ მომსახურებებზე, ვინაიდან არც ელექტრომომარაგება და არც გაზმომარაგება მის კომპეტენციას აღარ წარმოადგენს. ხოლო წყალმომარაგება, მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონით თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, არც სრულია და არც ექსკლუზიური.

კომუნალური სფეროს როგორც რეგულირება, ისე მომსახურებების ტარიფები მოქმედი კანონმდებლობით განეკუთვნება უაღრესად დახურული, არატრანსფარენტული და მოქალაქეებისგან მაქსიმალურად დაშორებული ე. წ. დამოუკიდებელი ორგანოს – სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის) გამგებლობას.

გაზმომარაგების სფეროში მომსახურეობის და, მაშასადამე, უსაფრთხოების წესებსაც ეს კომისია ადგენს.

აშკარაა, რომ უსაფრთხოების წესები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მართლაც, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როცა ავტომატიზებული მართვა ტექნიკური სირთულე დიდი ხანია აღარ არის, რა გახდა, რომ თუნდაც გაზის დეტექტორების (რომლებიც ავტომატიზებულ რეჟიმში აღმოაჩენდა გაზის გაჟონვასა და საფრთხის შემთხვევაში გათიშავდა სისტემას) მონტაჟის სავალდებულოობა უსაფრთხოების სტანდარტით იყოს დადგენილი?

ცხადია, სემეკს არავითარი ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა წინაშე არა აქვს, არც პასუხს აგებს და, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მოქალაქეთა უსაფრთხოებაც!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კომუნალური რეფორმა აუცილებელია და ამ რეფორმის შინაარსი უკვე კონსტიტუციით გარანტირებული სუბსიდიარობის დაცვა უნდა იყოს. ანუ კომუნალური სფერო ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობას უნდა დაუბრუნდეს!

სანამ ეს არ მოხდება, ტყუილად გვაქვს იმედი, რომ ეფექტიან თვითმმართველობას მივიღებთ. ევროპაში, საითკენაც თითქოს მივდივართ, თვითმმართველობას ხშირად კომუნალურ ხელისუფლებასაც უწოდებენ, რადგან ის სწორედ კომუნალურ მომსახურებებზეა პასუხისმგებელი.

ჩვენთან კი სავალალო ვითარებაა: სემეკიცა და მომსახურე კომპანიებიც მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობისგან, ფაქტობრივად, გათავისუფლებულები არიან და ჩვენ, მოქალაქეები, ბედის ინაბარა ვართ დარჩენილნი!

ამიტომ, ალტერნატივა საბოლოოდ შეიძლება ასეთი იყოს: ან კომუნალური რეფორმა ან კომუნალური რევოლუცია!

მე რეფორმებს ვემხრობი! რას ემხრობა ხელისუფლება? რას ემხრობით თქვენ?“ – წერს დავით ზარდიაშვილი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close