ნეაპოლი შეძრა ახალგაზრდა ქალის უეცარმა გარდაცვალებამ გრიპისგან

ნეაპოლი და იტალია შეძრა გუშინ ესპანური ენის მასწავლებლის, 32 წლის სარა სემინარას (SARA SEMINARA) მოულოდნელმა გარდაცვალებამ – გრიპის ვირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 2-დღიანი მკურნალობის შემდეგ გუშინ გარდაიცვალა ნეაპოლის კარდარელის საავადმყოფოში, – ამის თაობაზე LEGGO.IT იუწყება.

ყველაფერი კი ერთი კვირით ადრე დაიწყო, როდესაც სარამ პედსაბჭოზე თავი შეუძლოდ იგრძნო, დატოვა კრება და სახლში წავიდა. სახლში 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ სარას მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მისმა მეუღლემ სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების 2-დღიანმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. მისი ცხედარი მეორე საავადმყოფოში გადაასვენეს, სადაც გაკვეთა ჩატარდება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

სარა ორ სკოლაში ასწავლიდა და მოსწავლეებს ეს ხალისიანი, კეთილი ქალი ძალიან უყვარდათ, ამიტომაც არ წყდება სოციალურ ქსელში მათი სამძიმრის წერილები. სარა ზაფხულში გათხოვდა და ჯერ შვილი არ ჰყავდა.

რაც შეეხება მთლიანობაში იტალიაში ლეტალურ შემთხვევებს ამ სეზონზე, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, გრიპის ვირუსი ნაკლები ინტენსივობით ხასიათდება, ვიდრე წინა წლებში, თუმცა 15 ლეტალური შემთხვევა მაინც დაფიქსირდა. გრიპით ავადობის შემთხვევები გასულ კვირაში მკვეთრად გაიზარდა – დაფიქსირდა 431 ათასი ახალი შემთხვევა, რაც იანვრის პირველ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვზე 111 ათასით მეტია. მთლიანობაში კი ამ სეზონზე იტალიაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ 246 ათასს აღემატება.

გრიპის ვირუსის მიმართ ყველაზე მეტად მოწყვლადი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები და 65 წელს ზემოთ მოქალაქეები არიან.

ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურის InfluNet-ის ბიულეტენის თანახმად, გრიპის გავრცელება პიკს უახლოეს კვირებში მიაღწევს.

„მოსალოდნელია შემთხვევათა ზრდა, – განმარტავს სააგენტო ANSA-სთან საუბარში InfluNet-ის მონიტორინგის სპეციალისტი ანტონიო ბელა (Antonino Bella), – ყველაზე უფრო 5 წლამდე ასაკის ბავშვები ზარალდებიან. …განსაკუთრებით გავრცელებულია გრიპით დაავადება იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში (უმბრია, მარკე, ლაციოაბრუცო, კამპანია, კალაბრია, სიცილია). წლეულს ეპიდემია უფრო ნაკლები ინტენსივობისაა, ვიდრე გასულ წლებში და ეს შეიძლება აგრეთვე უკავშირდებოდეს აცრების ზრდას, თუმცა შედეგების შეჯამება და დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, რადგან გრიპის ვირუსები ძალიან ცვალებადები არიან და წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია“.

მისივე თქმით, ვირუსოლოგიური თვალსაზრისით, იტალიაში, ძირითადად, ვირუსის A ტიპი, კერძოდ AN1N1 ცირკულირებს, B ტიპი – ნაკლებად. ინფექციების შემთხვევები პიკს უახლოვდება და რადგანაც უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, წვიმები, ყინვები და თოვლი ნაკლებ სიმაღლეზეც კი, იგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

პრევენცია ყველაზე კარგი დაცვაა!

გრიპის ვირუსისგან ყველაზე კარგი დაცვა არის აცრა, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში ტარდება. სტატისტიკურად, აცრა 75%-ში ამართლებს. ვირუსის მიმართ იმუნიტეტს ორგანიზმი აცრიდან 2 კვირის შემდეგ გამოიმუშავებს და 6 თვეს ინარჩუნებს. თუ აცრა არ გაქვთ ჩატარებული, კარგი პრევენციაა ხელების ხშირი დაბანა საპნით; ქუჩაში და საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნისას ხელები არ უნდა მოისვათ პირზე, ცხვირსა და თვალებზე, რათა ვირუსი ლორწოვან გარსზე არ მოხვდეს (კანში შეღწევას მიკროორგანიზმი ვერ ახერხებს, ის მხოლოდ ლორწოვან გარსზე მოხვედრისას არის საშიში); მოერიდეთ დაავადებულთან კონტაქტს, მაგრამ თუ მაინც გიწევთ, გამოიყენეთ პირბადე და ხშირად ანიავეთ შენობა. გრიპი თუ შეგეყარათ, პანიკაში არ ჩავარდეთ, დროულად მიიღეთ ზომები და ექიმს მიაკითხეთ. ტემპერატურის უეცარი მატება, ხველება, თავის, ყელის, ყურების, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, დეპრესიის შემოტევა – ამ ნიშნების მიხედვით შეგიძლიათ განასხვაოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან.

კირა კარიაული

კომენტარები