გრიპის უკანდახევის შემდეგ წითელას ვირუსი გააქტიურდა – ამირან გამყრელიძე ეპიდემიურ აფეთქებაზე საუბრობს

საქართველოში ბოლო 16 დღეში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. მწვავე ვირუსული დაავადებით საავადმყოფოებს, ძირითადად, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში მიმართავენ. დაავადებულთა უმეტესობა 20-იდან 40 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. წითელას 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში წითელას ეპიდემიურ აფეთქებაზე საუბრობს.

გასულ წელთან შედრებით გაზრდილია წითელას შემთხვევების რაოდენობა ქუთაისში, სადაც მრავალპროფილიან კლინიკა „მედიქალსიტის“ იანვარში 57-მა პაციენტმა მიმართა.

ექიმების თქმით, გახშირებულია ამ ვირუსული დაავადების შემთხვევები მოზრდილებში და ბავშვებზე უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ წითელას შემთხვევები გაზაფხულისკენ გახშირდება და თებერვალ-მარტში შესაძლოა პიკს მიაღწიოს.

წითელა ბავშვთა ინფექციური ვირუსული დაავადებაა, თუმცა ბოლო წლებში მისი ეპიდემიოლოგია შეიცვალა და გახშირდა მოზრდილი ასაკის ბავშვებისა და უფროსების დაავადების შემთხვევები.

2016-2017 წლების მონაცემებით წითელას შემთხვევების მატება დაფიქსირდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში – რუმინეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ტაჯიკეთში, ლიტვასა და ყაზახეთში, მათ შორის, საქართველოშიც.

წითელას ტიპური შემთხვევა იწყება ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. ამ სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა დაბლა იწევს და გამონაყარიც თანდათან ქრება.

წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები – ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას ურჩევს.

კომენტარები