პოლიტიკასაქართველო

ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები უვიზო რეჟიმით ვერ ისარგებლებენ – ევროკავშირმა გადაწყვეტილება დაამტკიცა

ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. გადაწყვეტილება მიღებულია ახალი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც გასული წლის 30 დეკემბერს შევიდა ძალაში.

ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანა დასჭირდებათ:

  • ოფიციალური დელეგაციების წევრებს საქართველოდან;
  • საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობების და პარლამენტის წევრებს;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ასევე, დიპლომატიური პასპორტის ყველა მფლობელს.

ამასთან, მათ აღარ ექნებათ ვიზის შეღავათიანი ფასით მიღების შესაძლებლობა და მათი განაცხადები დამუშავდება სტანდარტული და არა დაჩქარებული პროცედურით; რაც შეეხება წარსადგენ საბუთებს, პრივილეგია არც ამ შემთხვევაში ექნებათ.

ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა 2-მა წევრმა სახლმწიფომ – უნგრეთმა და სლოვაკეთმა, თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო არ იყო ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამან შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა. მიუხედავად წინააღმდეგობისა, უნგრეთი და სლოვაკეთი ვალდებულები არიან, დაემორჩილონ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ის სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის. უვიზო რეჟიმის შეჩერება მარტის დასაწყისიდან შევა ძალაში.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტით (მაქსიმუმ 90 დღე 180 დღის განმავლობაში) საქმიანი ან ტურისტული მიზნით მოგზაურობისას. შეგახსენებთ, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 28 მარტს შევიდა ძალაში.

ევროკავშირის საბჭომ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ პირველი გადაწყვეტილება 2025 წლის 27 იანვარს მიიღო. ამის მიზეზი გახდა 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის“ მიღება, რომლებიც, ევროკომისიის შეფასებით, ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუდმივად უარესდებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების დაპატიმრებისა და კანონმდებლობის ეტაპობრივად გამკაცრების ფონზე პროტესტის ჩასახშობად.

* * *

რაც შეეხება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს, განახლებული მექანიზმი შესაძლებლობას აძლევს ბრიუსელს, გაცილებით სწრაფად, მოქნილად და მიზნობრივად უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც ხშირად ჩნდება უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების ან პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

ახალი წესებიდან ერთ-ერთია მიზნობრივი შეზღუდვის შესაძლებლობა.

თუ აქამდე შეჩერება ავტომატურად ვრცელდებოდა მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ახალი წესებით ევროკავშირს შეუძლია ნაწილობრივი ზომების გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ დამატებითი 24-თვიანი შეჩერება შესაძლოა შეეხოს მთავრობის ოფიციალურ პირებს და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ანუ ევროკავშირი, უპირველესად, ზეწოლას ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და მოსახლეობას ნაკლებად აზარალებს, თუმცა ევროკომისიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შემდეგ, დაწესებული ვადის განმავლობაში (ეს შეიძლება იყოს თავდაპირველად 12 თვე + 24 თვე) ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება, უვიზო რეჟიმი შესაძლოა სრულად, მთელი მოსახლეობისთვის შეჩერდეს.

ცნობისათვის, საქართველოში დიპლომატიური პასპორტები გაიცემა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის, პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეზე (აგრეთვე, მათ მეუღლეებზე), მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე, პარლამენტის წევრებზე, კათოლიკოს-პატრიარქზე და სხვ.

სამსახურებრივი პასპორტები გაიცემა სამინისტროებისა და სააგენტოების ზოგიერთ თანამდებობის პირზე, სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოებისა და პროკურატურის თანამშრომლებზე, ასევე, დიპლომატიური მისიების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალსა და სხვა საჯარო მოხელეებზე დამტკიცებული კვოტების შესაბამისად.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე: ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა: რა შეიცვალა და რა რისკები ჩნდება პარტნიორი სახელმწიფოებისთვის

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close