გერმანიის ეკონომიკაში ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ პირველი მკაფიო დადებითი ნიშნები გამოიკვეთა. 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ 0.3%-ით გაიზარდა, ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა და ეკონომიკური პროგნოზებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუმცა გერმანიის წინაშე კვლავ რჩება სერიოზული სტრუქტურული პრობლემები – თანაც ეკონომიკური გამოცოცხლება ჯერ ვერ აისახა მოსახლეობის განწყობაზე. ამას ყველაზე ნათლად 6 სექტემბრის რეგიონული არჩევნები აჩვენებს, რომელშიც ულტრამემარჯვენე AfD-მ („ალტერნატივა გერმანიისთვის“) საქსონია-ანჰალტში ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
გერმანიის ეკონომიკა, როგორც ჩანს, საბოლოოდ იწყებს იმ დაღმასვლის დაძლევას, რომელიც ბოლო წლებში ევროპის უდიდეს ეკონომიკას სერიოზულ პრობლემად ექცა. ფედერალურმა სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა კვარტალთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა. ეს თავდაპირველად ნავარაუდევ 0.2%-ზე უკეთესი შედეგია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდა.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გერმანიის ეკონომიკა რამდენიმე კვარტალია ზომიერ ზრდას აჩვენებს და ბიზნესის განწყობაც თანდათან უმჯობესდება. აგვისტოში ifo-ს (მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ეკონომიკური კვლევითი ცენტრი, რომელიც ყოველთვიურად ზომავს ბიზნესის განწყობას) ბიზნესკლიმატის ინდექსი 88.8 პუნქტამდე გაიზარდა – ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაუმჯობესება შეეხო ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა ძირითად სექტორს.
გერმანია დაახლოებით 4.47 ტრილიონი ევროს მშპ-ით (2025 წლის მაჩვენებელი, დაახლ. 5,45 ტრილიონი აშშ დოლარი) ევროპის უდიდესი ეკონომიკაა (მსოფლიოში კი – სიდიდით მესამე აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ), შესაბამისად, გერმანიაში ხანგრძლივი სტაგნაციის დასრულება მხოლოდ ბერლინისთვის არ არის კარგი ამბავი – თუ აღდგენა გაგრძელდა, მისი ეფექტი ევროკავშირის სხვა ქვეყნებზეც აისახება.
რა ამოძრავებს გერმანიის ეკონომიკას?
ბოლო წლებში ენერგომატარებლების მაღალი ფასები, ჩინეთთან კონკურენციის გაძლიერება, ავტომრეწველობის პრობლემები, წარმოების შემცირება და ინვესტიციების არასაკმარისი დონე გერმანიის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვა.
ახლა კი სურათი ნელ-ნელა იცვლება.
ამ ეტაპზე აღდგენის მთავარი მამოძრავებელი ექსპორტი და სამრეწველო სექტორია. მეორე კვარტალში ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი საგარეო ვაჭრობაზე მოდიოდა, მაშინ როდესაც შიდა მოთხოვნა კვლავ შედარებით სუსტია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეკონომისტები ჯერ კიდევ ფრთხილ ოპტიმიზმს ამჯობინებენ.
გერმანიისთვის პოზიტიურია ისიც, რომ გლობალური ენერგეტიკული შოკის პირობებში მისი ზოგიერთი ენერგოტევადი საწარმო აზიელ კონკურენტებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ენერგიის მიწოდების პრობლემებმა და ფასების ზრდამ განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსებზე უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებულები.
ამასთან, გერმანული კომპანიები ბოლო წლების კრიზისებმა აიძულა, მიწოდების ჯაჭვები მრავალფეროვანი გაეხადათ, მარაგები გაეზარდათ და ახალი ლოგისტიკური მარშრუტები ეპოვათ. ეს გამოცდილება ახლა მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევს.
ეკონომიკური პროგნოზებიც გაუმჯობესდა. ifo-ს სექტემბრის პროგნოზით, გერმანიის ეკონომიკა 2026 წელს 1.4%-ით გაიზრდება, 2027-ში კი ზრდა 1.2%-ს მიაღწევს. ეს ზაფხულის პროგნოზთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.
მერცის ეკონომიკური პოლიტიკა შედეგს იძლევა?
აქ უკვე საქმე უშუალოდ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის პოლიტიკურ მომავალს ეხება.
მისმა მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ძალიან მასშტაბური ფინანსური რესურსი შექმნა. გერმანიას ინფრასტრუქტურისა და მწვანე ენერგეტიკის პროექტებისთვის 500 მილიარდი ევროს სპეციალური ფონდი აქვს, რომელიც 12 წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს. პრიორიტეტებში შედის გზები, რკინიგზა, ციფრული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, განათლება და სხვა მიმართულებები.
გარდა ამისა, 2026 წლის სახელმწიფო ინვესტიციები რეკორდულ დონეზეა დაგეგმილი – დაახლოებით 126.7 მილიარდი ევრო. მთავრობის გათვლით, ეს ფული არა მხოლოდ მოკლევადიან ეკონომიკურ ზრდას, არამედ გერმანიის კონკურენტუნარიანობის გრძელვადიან გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.
ეკონომისტთა შეფასებით, გერმანიის ეკონომიკის გამოცოცხლებას ამ ეტაპზე ორი მთავარი ფაქტორი ეხმარება: მთავრობის გაზრდილი ხარჯები და საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესება. სახელმწიფო მეტს ხარჯავს ინფრასტრუქტურასა და თავდაცვაზე, რის შედეგადაც ბიზნესი ახალ შეკვეთებს იღებს, პარალელურად კი გერმანულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა წარმოებასა და ექსპორტს აძლიერებს.
მაგრამ აქ ჩნდება მთავარი პრობლემა: ეკონომიკის მაჩვენებლები უკვე უმჯობესდება, მოსახლეობის განწყობა კი – არა.
საკმარისი იქნება მერცისთვის ეკონომიკური ზრდა?
ჯერ – აშკარად არა.
6 სექტემბერს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში ჩატარებულმა არჩევნებმა ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენა. საქსონია-ანჰალტში AfD-მ 43.8% აიღო, რაც არა მხოლოდ ამ პარტიისთვის არის რეკორდული შედეგი, არამედ პირველი შემთხვევაა ომისშემდგომ გერმანიაში, როდესაც ულტრამემარჯვენე პარტია რეგიონულ არჩევნებში პირველ ადგილზე გადის. მერცის CDU-მ (მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“) დაახლოებით 18% მიიღო და მისი პოზიცია რეგიონში მკვეთრად დასუსტდა.
თუმცა ეს მხოლოდ ერთი ფედერალური მიწის კი არა, გერმანიის პოლიტიკაში უფრო ფართო ტენდენციის მაჩვენებელია.
სექტემბრის DeutschlandTREND-ის მიხედვით, ბუნდესტაგის არჩევნები ახლა რომ ჩატარდეს, AfD 27%-ს აიღებდა, CDU/CSU კი – მხოლოდ 21%-ს. თავად მერცის მუშაობით კმაყოფილი ამომრჩეველთა მხოლოდ 13% იყო, მაშინ როდესაც 84% უკმაყოფილებას გამოთქვამდა მისი კოალიციური მთავრობის საქმიანობის გამო.
გამოდის, რომ ეკონომიკური მონაცემები ფრიდრიხ მერცის სასარგებლოდ იცვლება, მაგრამ ამ ცვლილებას ამომრჩეველი ჯერჯერობით ვერ გრძნობს.
შეუძლია თუ არა ეკონომიკას კანცლერ მერცის გადარჩენა?
შეუძლია – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტატისტიკური ზრდა რეალურ ცხოვრებაზეც ანუ რიგითი გერმანელის ჯიბეზეც აისახება.
თუ ეკონომიკური გამოცოცხლება გაგრძელდა, წარმოება გაიზარდა, სამუშაო ადგილები შენარჩუნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები რეალურად დაიწყო და მოსახლეობამ შემოსავლების, ფასებისა და დასაქმების მხრივ გაუმჯობესება იგრძნო, მერცს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური არგუმენტი ექნება: „ჩვენი ეკონომიკური კურსი მუშაობს!“
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ AfD-ს მთავარი იარაღი სწორედ ამომრჩეველთა უკმაყოფილებაა ეკონომიკური გაურკვევლობის, ინფლაციის, მიგრაციის, უსაფრთხოების საკითხებისა და იმ განცდის გამო, რომ ტრადიციული პოლიტიკური პარტიები პრობლემებს ვერ აგვარებენ.
მაგრამ თუ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ექსპორტზე, სახელმწიფო ხარჯებსა და მსხვილ სამრეწველო შეკვეთებზე დამოკიდებულ მაჩვენებლად დარჩა, ხოლო რიგითმა გერმანელებმა ცხოვრების დონის გაუმჯობესება რეალურად ვერ იგრძნეს, ეს მერცს დიდად ვერ დაეხმარება.
უფრო მეტიც, გერმანიის ეკონომიკაში კვლავ სერიოზული პრობლემებია. ივლისში სამრეწველო წარმოება მოულოდნელად 1.1%-ით შემცირდა, ხოლო ექსპერტები კვლავ მიუთითებენ ენერგიის მაღალ ფასებზე, სუსტ შიდა მოთხოვნასა და გერმანული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გრძელვადიან პრობლემებზე.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მთელი ევროპისთვის?
გერმანიის ეკონომიკის გამოცოცხლება ევროკავშირისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ქვეყნის კარგი ეკონომიკური ამბავი.
გერმანია ევროპის უდიდესი ეკონომიკაა და მისი სამრეწველო სექტორი მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმოებასთან, ვაჭრობასა და მიწოდების ჯაჭვებთან. გერმანიის ეკონომიკის გაძლიერება, ინვესტიციების ზრდა და საწარმოო შეკვეთების მატება საბოლოოდ მის პარტნიორ ქვეყნებზეც აისახება.
გარდა ამისა, გერმანია ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. სწორედ ამიტომ ეკონომიკური გაძლიერება შეიძლება მერცისთვის არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური, არამედ ევროპული მნიშვნელობის კაპიტალიც გახდეს.
თუმცა მეორე მხარეს არის ულტრამემარჯვენე პოპულისტური AfD-ს გაძლიერება – და ეს უკვე მთელი ევროპისთვის გაცილებით რთული საკითხია. საქსონია-ანჰალტის შედეგმა აჩვენა, რომ პარტია გერმანიის პოლიტიკაში უკვე სერიოზულ ძალად იქცა: პარტიამ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა და რეგიონულ ხელისუფლებაში მოსვლის რეალური პრეტენზია დაადასტურა. მერცმა კვლავ გამორიცხა AfD-სთან თანამშრომლობა, თუმცა ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიისთვის თითქმის 44%-იანი მხარდაჭერა გერმანიის პოლიტიკური სისტემისთვის უდიდესი გამოწვევაა.
მნიშვნელოვანია, რა მოხდება 20 სექტემბერს ბერლინისა და მეკლენბურგ-ფორპომერნის არჩევნებში. მათი შედეგები აჩვენებს, გაგრძელდება თუ არა AfD-ს აღმასვლა და შეძლებს თუ არა მერცის CDU ბოლო დარტყმის შემდეგ პოზიციების გამყარებას.
ამ ეტაპზე გერმანიის ეკონომიკისთვის უკეთესი პერსპექტივა გამოიკვეთა, მაგრამ მერცისთვის ეს ჯერ კიდევ მხოლოდ შანსია.
მომდევნო თვეებში მთავარი კითხვა იქნება: შეძლებს თუ არა ფრიდრიხ მერცის კოალიციური მთავრობა ეკონომიკური გაუმჯობესების პოლიტიკურ წარმატებად ქცევას და დაკარგული ამომრჩევლის ნაწილის დაბრუნებას.
ნანა ძნელაძე



