საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ისევ გაიზარდა – ევროკავშირი „ლიდერობს“

საქართველოში 2025 წლის დეკემბერში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.4%-ით გაიზარდა და 337.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა დეკემბერში ასევე გაიზარდა 17.5%-ით და 40.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რა შეეხება მთლიანობაში გასულ წელს გადმორიცხულ თანხებს, 2025 წელს საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ჯამურმა მოცულობამ 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-იანი ზრდაა 2024 წელთან შედარებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ვგებულობთ.
ეროვნული ბანკის ცნობით, ჩარიცხული თანხების მოცულობის ზრდაში ევროკავშირიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილი ყველაზე მაღალია. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2025 წლის დეკემბერში 18.6%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა (მთლიანობაში 152,69 მლნ აშშ დოლარი), ვიდრე 2024 წლის დეკემბერში. ცალკეულ ქვეყნებს რაც შეეხება, პირველ პოზიციაზე არის აშშ 63,71 მლნ აშშ დოლარით, რომელმაც იტალიას (58,67 მლნ აშშ დოლარი) გაუსწრო. აშშ-იდან გასული წლის დეკემბერში მიღებული ფულადი გზავნილების წლიური ზრდა 15,16%-ია. რუსეთიდან დეკემბერში გადმორიცხული თანხა – 43.47 მლნ აშშ დოლარი – 39,1%-იან წლიურ ზრდას აჩვენებს.
უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 97,3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

„დეკემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 45.2%-ს ევროკავშირის ქვეყნები, 18.9%-ს აშშ და 12.9%-ს რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (17.4%), გერმანიის (8.9%) და საბერძნეთის (8.2%) მაღალი წილი. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ჯამური მონაცემით ფულადი გზავნილები 8.5%-იანი ზრდის შედეგად 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ზრდაში წამყვანი წვლილი კი ევროკავშირის ქვეყნებმა შეიტანა. კერძოდ, ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ნინო ხოშტარია



