მსოფლიოკრიმინალი

გერმანია: ქალს, რომელმაც დამსაქმებელს 1,25 მლნ ევრო ნაღდი ფული მოჰპარა, პოლიციას როცა ჩაბარდა, მხოლოდ 249 ევროღა ჰქონდა

42 წლის მირნესამ ს.-მ, რომელიც გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ფულადი გზავნილების კომპანია Prosegur-ში მუშაობდა, 2022 წლის ოქტომბერში კომპანიას 1,25 მილიონი ევრო ნაღდი ფული მოჰპარა და ქურდობიდან 101-ე დღეს სამართალდამცველებს მხოლოდ 249 ევროთი ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული „ბილდი” ავრცელებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით,, 42 წლის მირნესამ და მასზე 13 წლით უმცროსმა რობერტ ს.-მ ერთმანეთი შტუტგარტში, კაფეში გაიცნეს, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ. წყვილი შეხვედრაზე შეთანხმდა. ბრალდების დასკვნის თანახმად, რომელზეც გერმანული მედია წერს, რობერტმა ახალგაცნობილ პარტნიორს თავბრუ დაახვია და სულ რაღაც ორ კვირაში დაარწმუნა, დანაშაული ჩაედინა –  კომპანიის ფული მოეპარა და შემდეგ ამ ფულით ერთად უზრუნველად ეცხოვრათ.

როგორც პოლიციის ჩანაწერებიდან ირკვევა, 2022 წლის 14 ოქტომბერს ქალი ჩვეულებისამებრ მივიდა სამსახურში, დაახლოებით 15:00 სთ-ზე ჩანთაში ჩააწყო 100 და 200-ევროს ნომინალების 80 შეკვრა და შეუმჩნევლად დატოვა შენობა.

ამის შემდეგ იგი რობერტ ს.-სთან ერთად ვენაში გაიქცა, მოგვიანებით კი წყვილი სერბეთში გადავიდა. გამომძიებლების თქმით, იქ  საყვარელმა, რომელიც მოპარულ თანხას ინახავდა, მოულოდნელად ზნე იცვალა, ქალს მუქარა დაიწყო, მხოლოდ 20000 ევრო მისცა და უთხრა, რომ წასულიყო. როგორც მირნესა ამტკიცებს, დანარჩენი ფული მან თავისთვის დაიტოვა. ამის შემდეგ მირნესა ს.-მ, რომელიც თავად ბოსნია ჰერცეგოვინადაა,  გადაწყვიტა, მონტენეგროში გაქცეულიყო, საიდანაც პოლიციას მისი ადვოკატი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ქალი ჩაბარებას აპირებდა. მირნესა 23 იანვარს შტუტგარტში ჩაფრინდა და პოლიციამ იგი აეროპორტშივე აიყვანა.

მომხიბვლელი ქერა ლამაზმანი, რომელიც სოციალურ ქსელებში თავის შთამბეჭდავ ფოტოებს აქვეყნებდა ძვირფას, სტილური ტანსაცმელში, პოლიციისთვის ჩაბარებისას არც მომხიბვლელი იყო,აღარც მდიდრულად ეცვა და აღარც ფული ჰქონდა. მისი „იმიჯიც“ სიყალბე აღმოჩნდა.

„ბილდის” ცნობით, სასამართლო მალე გაიმართება და მირნესას ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მისი ყოფილი საყვარელი რობერტ ს. გაქცეულია და მას პოლიცია ეძებს. კითხვაზე – როგორ დაიცავენ თავს? – მირნესას ადვოკატი, 46 წლის მარკუს ოკოლისანი სასამართლომდე კომენტარს არ აკეთებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close