სამზარეულორჩევები

კულურაკია – სააღდგომო ორცხობილების რეცეპტი ბერძნული მასტერშეფის მონაწილე თამრიკო ღამბარაშვილისაგან

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ქალბატონ თამრიკო ღამბარაშვილს, რომელიც 2022 წელს ბერძნულ მასტერშეფში მონაწილეობდა, შესარჩევი ტურის შემდეგ პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, წინსაფარიც დაიმსახურა და იმ 58 მონაწილეს შორის მოხვდა, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ. ამჯერად ქალბატონი თამრიკო, ჩვენი თხოვნით, ბერძნული სააღდგომო ტკბილი ცომეულის, კულულაკიის (πασχαλινά κουλουράκια) რეცეპტს გვიზიარებს, რომელსაც ბავშვებიც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 კგ ფქვილი, 1/2 კგ შაქარი, 450 გ კარაქი (ან მარგარინი; კარაქით უფრო გემრიელი გამოდის, რა თქმა უნდა), 4 ჩ. კ. გამაფხვიერებელი და 1 ჩ.კ. სოდა + 1 ს. კ. ძმარი, 120 გ მაწონი, 2 პაკეტი ვანილი ან რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი, 2 კვერცხის ცილა და 6 კვერცხის გული, 1 კვერცხი ზემოდან წასასმელად (სულ 7 კვერცხი).

მომზადების წესი:

ცალკე ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა ბეზეს მიღებამდე.

სხვა ჯამში მოათავსეთ შერბილებული კარაქი, ათქვიფეთ მიქსერით და დაუმატეთ 6 კვერცხის გული, შემდეგ ნახევარი კილო შაქარი. თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ, დაუკელით სიჩქარეს (პირველ პოზიციაზე) და დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, შემდეგ ვანილი, მაწონი, სოდა ძმრით.

ბოლოს დაუმატეთ ფქვილი, რომელშიც წინასწარ აურევთ გამაფხვიერებელს და მოზილეთ რბილი ცომი. ცომს დააფარეთ ცელოფანი და თუ გამოცხობა გეჩქარებათ, შედგით საყინულეში 30 წუთით, თუ არ გეჩქარებათ, მაშინ მაცივარში მოათავსეთ ერთი-ორი საათით. გამოიღეთ ცომი, გააკეთეთ 20-25-გრამიანი ბურთულები, ორივე ხელის ერთნაირი მოძრაობით მიეცით გრძელი ფორმა – 15-20 სმ, შემდეგ შუაზე გადაკეცეთ და თოკივით დაგრიხეთ.

გაზქურის ცივ სინზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი (თუ სპეციალური ქაღალდი გაქვთ, მაშინ ფორმას ცხიმის წასმა აღარ უნდა, თუ ჩვეულებრივი პერგამენტის ქაღალდია, მაშინ ფორმას ჯერ ცხიმი წაუსვით და შემდეგ დააფინეთ საცხობი ქაღალდი). დააწყვეთ ზედ ორცხობილები,  წაუსვით ზემოდან 1 ს. კ. წყალში ან რძეში ათქვეფილი კვერცხი და შედგით წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში.

ცხვება 180 გრადუსზე დაახლოებით 30-45 წუთი – გააჩნია ღუმელს. ორცხობილებმა  უნდა მიიღოს ოქროსფერი.

შეგიძლიათ სურვილისამებრ მრგვალი ფორმა მისცეთ, როგორც ფოტოზეა, ან სხვადასხვა ფორმის გამოაცხოთ.

ერთი ულუფიდან საკმაოდ ბევრი გამოდის, შეგიძლიათ თავიდან ნახევარი ულუფა გამოაცხოთ.

გემრიელად მიირთვით!

ახლა კი გაეცანით ქალბატონი თამრიკოს ძალიან საინტერესო თავგადასავალს ბერძნულ მასტერშეფში. 

„მწყერმა მიმსხვერპლა“ – რას ჰყვება ბერძნული მასტერშეფის ქართველი მონაწილე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close