fbpx
ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტი

„მწყერმა მიმსხვერპლა“ – რას ჰყვება ბერძნული მასტერშეფის ქართველი მონაწილე

ამ შესანიშნავ ქალბატონს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. არა მარტო ჩვენი მკითხველი, ალბათ ნახევარი საბერძნეთიც –  ბერძნული „მასტერშეფის“ ქართველმა მონაწილემ თამრიკო ღამბარაშვილმა შესარჩევი ტური, რომელშიც ათასობით კონკურსანტი მონაწილეობდა, წარმატებით გაიარა, შემდეგ კი პირველი ეტაპი გადალახა, წინსაფარი დაიმსახურა და იმ 58 მონაწილეს შორის მოხვდა, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ. სამწუხაროდ, ქალბატონმა თამრიკომ მეორე ეტაპის გადალახვა, მიზეზთა გამო, ვეღარ შეძლო – „სახლში ვერ შევიდა“. „სახლში შესასვლელად“ მეორე ეტაპზე 21 ადამიანი უნდა შერჩეულიყო, 3-მა მონაწილემ პირველივე ეტაპზე ოქროს ქინძისთავი (Golden pin) დაიმსახურა და პირდაპირ გადავიდა ფინალში, სადაც ბრძოლა 24-მა კონკურსანტმა გააგრძელა (სხვათა შორის, მასტერშეფი ისევ მიმდინარეობს და გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა).

„სახლში რომ შევსულიყავი, აი მაშინ ბევრ ქართულ კერძს გავაკეთებდი და გავაცნობდი საზოგადოებას“, – ამბობს თამრიკო ღამბარაშვილი, თუმცა ვფიქრობთ, მოყვარული მზარეულისთვის, რომელსაც არც სპეციალური კულინარიული განათლება მიუღია და არც რაიმე პროფესიული კულინარიული გამოცდილება აქვს, დიდი წარმატებაა ათასობით მონაწილეთაგან 58 საუკეთესოში მოხვედრა.

რაც მთავარია, მან ქართული ყოფითი კულტურის არაოფიციალური დესპანის როლი შეასრულა – ჩვენი სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს, ხინკალს (რომელიც ყველას ასე გვიყვარს) საბერძნეთში დიდი პოპულარიზაცია გაუწია და პატივისცემაც დაიმსახურა.

ქალბატონ თამრიკოს კონკურსის დეტალებზე საუბარი ვთხოვეთ, რაზეც იგი თავაზიანად დაგვთანხმდა.

ქალბატონო თამრიკო, ვუყურე მასტერშეფის მეორე ტურს და, ჩემი აზრით, საკმაოდ რთული იყო, მოელოდით?

ნამდვილად არ მოველოდი, თუ ასე რთული იქნებოდა. მე ამოვწიე წითელი დანა და შემხვდა ჩანთა, რომელშიც იყო 15 დასახელების პროდუქტი.

დანებიდან, რომლებსაც ფერები ჰქონდა დაკრული, უნდა ამოგეღო ერთი და მასზე დაკრული ფერის მიხედვით გხვდებოდა მაგიდაზე დაწყობილი ჩანთებიდან ერთ-ერთი. როდესაც მეორე კონკურსანტმა ამოსწია დანა და ამოუვიდა წითელი, ჩვენ უკვე შევდექით ერთმანეთის მოწინააღმდეგე წყვილად. თავიდან არ ვიცოდით, ჩანთებში რა იყო – სულ განსხვავებული ჩანთები იყო განსხვავებული პროდუქტით.

თქვენი ამოცანა იყო, რომ ყველა პროდუქტი გამოგეყენებინათ?

არა, არა! ამ 15-იდან რამდენსაც გინდოდა, იმდენს გამოიყენებდი – შენი სურვილის მიხედვით: გინდა 2-ს, 3-ს, გინდა ყველას. პირველი, რაც ამოვიღე ჩანთიდან, იყო მწყერი. მწყერი რომ ამოვიდა, ჩემი ტვინი დაიბლოკა ამ მწყერზე. იყო კიდევ კუპატი, დამარილებული ხორცის თხელი ნაჭერი, ლაიმი, ასევე, სეჩუანის წიწაკა, ძმარი ბალზამიკო, მოხარშული სიმინდი, სტაფილო, ბრინჯი, ქინძი და სხვ.  ჩანთაში არსებული პროდუქტის გარდა მაგიდის ქვეშ ყოველთვის არის შაქარი, ფქვილი; მაცივარში – კარაქი, ზეთი, კვერცხი, რძე – ეს პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩანთის გარეშეც. რადგან მწყერი ამოვწიე, ჩემი ტვინი „დაიბლოკა“ მწყერზე…  მწყერი არის პატარა ქათამი, ხომ? – ვიფიქრე, რომ ამომეცალა ძვლები და შემეწვა. მერე, კონკურსიდან რომ გამოვედი, უკვე მომეხსნა ეს დაძაბულობა და მაშინ მივხვდი: იქ ისეა ჩადებული პროდუქტები, რომ გამოიყენო და მრავალფეროვანი გააკეთო… უბრალოდ, რადგან იბლოკება შენი ტვინი, მერე ვეღარ ფიქრობ…

ალბათ გამოცდილებაზეც არის დამოკიდებული ხომ? კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილებას ვგულისხმობ თქვენ ხომ პირველად აღმოჩნდით ასეთ სიტუაციაში…

რა თქმა უნდა… წყვილში ჩემი უშუალო მოწინააღმდეგე ახალგაზრდა იყო, კულინარიული სასწავლებელი აქვს დამთავრებული და რესტორანში მუშაობს, მაგრამ მანაც იგივე პროდუქტები გამოიყენა, რაც მე.

დრო რამდენი გქონდათ?

45 წუთი და ამ 45 წუთში უნდა მოიფიქრო, გააკეთო, უპასუხო შეკითხვებზე, ილაპარაკო კამერების წინ და თან, რა ვიცი, გაიქცე-გამოიქცე მაცივართან და წყალთან, რადგან მაგიდისგან მოშორებითაა წყალი და მაცივარი.

მოკლედ, ფორსმაჟორული სიტუაციაა, არა? როგორც ვიცი, პროფესიონალი კულინარი არ ხართ, რაიმე სპეციალური კურსები არ დაგიმთავრებიათ და არც ამ სფეროში გიმუშავიათ…

არა, არ დამიმთავრებია რაიმე სასწავლებელი და არც არსად მიმუშავია, მე ვარ მოყვარული კულინარი, დიასახლისი, ასე ვთქვათ.

რატომ გადაწყვიტეთ პირველ ეტაპზე, რომ ხინკალი გაგეკეთებინათ – საიდან ხართ, საქართველოს რომელი კუთხიდან?

თბილისელი ვარ, მეუღლე მყავს კახელი – სიღნაღის რაიონიდან. თავიდან რამდენიმე ვარიანტს ვფიქრობდი, მაგრამ ასე გამოვიდა, უმჯობესი იყო, რომ ხინკალი გამეკეთებინა, რადგან არსებობს ნიუანსები, რომლებიც გასათვალისწინებელია. და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე: მე „ჩემი ხინკლით“ წინსაფარი დავიმსახურე და გადავედი მეორე ტურში. მე მომცეს ორი დიახ („ნე“ ბერძნულად), იყვნენ კონკურსანტები სამი „დიახ“-ით. იქ მოვამზადე მოხარშული ხინკლები,  3 ცალი ხინკალი კი სანამ შევიდოდი ჟიურისთვის წარსადგენად წინასწარ მოვხარშე და შემდეგ შევწვი, ამიტომ მოუხარშავიაო, რომ თქვა სოტირის კონტიზასმა, მინდოდა შევდავებოდი (ჩემი სახის მიმიკაც ჩანს კადრში მის სიტყვებზე), მაგრამ ვეღარ შევედავე, თუმცა ათასობით ადამიანიდან, რომლებიც დარეგისტრირდნენ და გასაუბრება გაიარეს, 58 საუკეთესოში მოვხვდი ჩემი ხინკლით და ძალიან მოხარული ვარ.

მანამდე, სანამ პირველი ეტაპი იქნებოდა, კიდევ ერთი კერძი წარვუდგინე („ცივი“ კერძი) –  მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იქნებოდა, ნამცხვარიც შეიძლებოდა. მე იაპონური „სუში“ მივიტანე, დაგემოვნეს, მოეწონათ და გამესაუბნენ. გასაუბრების დროს მკითხეს, თუ რას მოვამზადებდი „ცხელს“. სხვა კერძი მქონდა შემუშავებული (კრევეტები პომიდვრით და ჩემი მომზადებული პასტით – მაკარონით). უარი მითხრეს, ხინკალი მოამზადეო და მეც ეგ მინდოდა (თუმცა ისე წამოვედი ამ გასაუბრებიდან, არ ვიცოდი, გადავედი თუ არა შემდეგ ეტაპზე ცივი კერძით). მერე დამირეკეს და მითხრეს, გადასული ხარ შემდეგ ეტაპზე და ცხელი კერძი უნდა მოამზადოო. ცივი კერძით ძალიან ბევრი ვერ გადავიდა. ცხელი კერძის მომზადების გადაღებებიდანაც იმდენი გავიდა, არც კი უჩვენებიათ, ზოგიერთი გაკვრით აჩვენეს.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფაქტი იყო… თუ მიაქციეთ ყურადღება ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატიის კომენტარებს, ერთი ქალბატონი წერდა, დამირეკა ძველმა დიასახლისმა, სადაც ვმუშაობდი და მითხრა: „თქვენი ქართველი“ არის მასტერშეფში, ხინკალი გააკეთა და რომ გვესტუმრები, იქნებ შენც გაგვიკეთოო.

პოპულარიზაციის თვალსაზრისით ძალიან კარგი ფაქტია – ლამის მთელმა საბერძნეთმა გიყურათ და გაიგო ხინკლის შესახებ.

„სახლში“ რომ „შეხვალ“, იქ უნდა იყო რამდენიმე კვირა გარე სამყაროს მოწყვეტილი და მონაწილეების გარდა კონტაქტი არ გაქვს არავისთან, ტელეფონიც არ გაქვს. ძალიან დიდი კონკურსია, 3-სართულიანი სახლია, სადაც ცხოვრობს ეს 24 ადამიანი, იქიდან ხდება გადაღებები. თავისთავად, ჩხუბიც არის, კამათიც, სიყვარულიც – იქიდან მერე ფინალში გადადიან გამარჯვებულები.

დანარჩენი მონაწილეები ბერძნები იყვნენ?

არა, იყო უკრაინელი გოგონა, რომელიც 4 წლის ასაკიდან საბერძნეთში ცხოვრობს, აქ დაამთავრა სკოლა; ინდონეზიელი ქალი, რომელიც „შევიდა სახლში“, სხვათა შორის – პირველ ეტაპზე მასაც 2 „დიახ“ ჰქონდა მიღებული. იყო კანადელ-ამერიკელი მონაწილე, ისიც შევიდა „სახლში“, თუმცა მეტი წილი ბერძნები იყვნენ…

მათ რომ უყურეს, ხინკალი როგორ მოვამზადე ისე, რომ სულ 3-4 ინგრედიენტი მქონდა, გაოცდნენ. მერე უკვე, სასტუმროში მითხრეს კონკურსანტებმა (ტელევიზორში სრულად არ აჩვენეს, როგორ ვამზადებ ხინკალს, რადგან გადაცემა დამონტაჟებული იყო) – როგორ მოზილე ცომი და ა. შ. გაშტერებული გიყურებდით, ამ ცომით და თითქმის არაფრით რა უნდა გააკეთოს ამ ქალმაო… ერთი ქალი მოვიდა, ორი ჩანთით მოიტანა პროდუქტები… მე ერთი პატარა ჩანთით მივედი, შევაგორე ჩემი ურიკით მინიმალური რაოდენობის პროდუქტი და გამოვედი წინსაფრით – ყველა გაოცებული მიყურებდა.

რომ „შევალთ სახლში“, აუცილებლად უნდა გაგვიკეთო ხინკალიო, მთხოვეს. კი ბატონო-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, ეგ არ მოხდა – მწყერმა „მიმსხვერპლა“ (იცინის)…

მაგაზეც მოხარული ვარ, რომ ავიღე წინსაფარი და პირველივე ეტაპზე არ გამოვვარდი.

ასეთ კონკურსში მონაწილეობას ძალიან დიდი გაბედულება სჭირდება, მით უმეტეს, როდესაც ემიგრანტი ხარ, როცა ბერძნული შენი მშობლიური ენა არ არის. კამერების წინ, თუ მიჩვეული არ ხარ, შეიძლება მშობლიური ენა დაგავიწყდეს კაცს. ბერძნული, როგორც ჩანს, კარგად იცით…

უფრო კარგად ვიცი, ვიდრე  იქ ვლაპარაკობდი… იქ რომ ვფიქრობდი, სწორად მეთქვა და არ შემშლოდა, უფრო აბდაუბდა გამომდიოდა. კამერების წინ ძნელია – არ ჩანდა კადრში, თორემ, რომ ამზადებ [კერძს], პირდაპირ თავთან გადგანან ჟურნალისტებიც და კამერაც და წერენ შენს საუბარს, იბნევი, თავისთავად…

ძალიან მხიარული ჟიურის წევრები კი არიან – თქვენმა ეპიზოდმა სულ სიცილ-სიცილით ჩაიარა.

პირველი ვიდეო რომ აიტვირთა (თვითონ  მასტერშეფმა ატვირთა), ჩემი ეპიზოდი სწორედ იმიტომ აარჩიეს, რომ ხაზი გაუსვეს – აი გადაღებას როგორ მხიარულად, სიცილ-სიცილით ვატარებთო.

მართლა ძალიან სასაცილო იყო, ლეონიდას კუცოპულოსმა მთლიანი ხინკალი ეგრევე რომ გადაყლაპა თავის კუჭიანად. ვერ მოასწარით თქმა, რომ კუჭებს არ ჭამენ?

რომ გამოვიდა ჟიურის პირველი წევრი სოტირის კონტიზასი ხინკლის გასასინჯად და დანა-ჩანგლის აღება დააპირა, ვუთხარი, რომ ხინკალს არ ჭამენ დანა-ჩანგლით-მეთქი და არ დავანებე… რომ აიღო და ცხელიაო, ვუთხარი, რომ უნდა მოკბიჩოთ და სული შეუბეროთ, ამან მოკბიჩა და ხინკალში ჩაბერა. სახტად დავრჩი, ამიტყდა სიცილი – ეგრე არა-მეთქი… სიცოცხლის სულს ვბერავო, გაიხუმრა…

მეორემ – პანოს იოანიდისმა ჭამის დროს დასუნა (ჩვევა აქვს ალბათ, ყოველთვის დასუნავს ხოლმე მომზადებულ კერძს) და კარგი სუნი აქვსო, თქვა. წინსაფარს რომ მიკეთებდა, მითხრა: „გემრიელია“ – ეს ვერ დაინახა ზოგიერთმა ქართველმა, ვინც უარყოფით კომენტარებს წერდა…

მესამეს, ლეონიდას კუცოპულოს, რომელმაც, სანამ გაფრთხილებას მოვასწრებდი, ხინკალი მთლიანად შეჭამა, კუჭიანად, ვუთხარი, კუჭებს არ ვჭამთ, რომ დავთვალოთ, ვინ რამდენი შეჭამა-მეთქი (ხუმრობით, რა თქმა უნდა).

ძალიან სასაცილო ეპიზოდი იყო, თვითონ მასტერშეფმაც ცალკე დადო ეს ვიდეო სწორედ ამ მხიარული განწყობის გამო.

ნიგვზიანი კერძი რატომ არ გააკეთაო, ზოგი ამბობდა, – არ მოსწონთ ბერძნებს ნიგვზიანი კერძები, ნიორიც არ მოსწონთ დიდად… თან ნახევარ საათში ნიგვზიანის გემოებს ვერ დასვამ. ვთქვათ, გამეკეთებინა ნიგვზიანი ბადრიჯანი – ჯერ ერთი, ნახევარ საათში გემო არ დაჯდება და მერე, რა უნდა შემეთავაზებინა მისაყოლებლად? – მჭადი? ღომი? რომ გაცივდებოდა, რა უნდა მექნა? მოკლედ, არ გამოვიდოდა. აი, „სახლში რომ შევსულიყავი“, იქ ბევრ ქართულ ეროვნულ კერძს გავაკეთებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევედი.

მე არ ვარ მზარეული, თერმომეტრის  ხმარებაც არ ვიცი… წყვილში ჩემმა მოწინააღმდეგემ რომ შეწვა მწყერი, თერმომეტრებით შეწვა – ტემპერატურას ასე არეგულირებდა, მე ჩემი თვალზომით შევწვი, მაგრამ არ დაუწუნებიათ, კარგად იყო შემწვარი და ძვალიც ამოცლილი ჰქონდა მკერდში… იმ ბიჭის შემწვარი კი დაიწუნეს, რადგან მკერდის ძვალი იყო დარჩენილი მიუხედავად იმისა, რომ მზარეულია პროფესიით. ვერც ის გადავიდა ფინალურ ეტაპზე, სამწუხაროდ.

კონკრეტულად რას გვიწუნებდნენ, არ გვითხრეს, უბრალოდ, თქვეს, არ იმსახურებს არც ერთის ნამუშევარი წინსაფარსო და ასე გამოგვისტუმრეს.

როგორც ჩანდა, „მასტერშეფის“ გადაღებისას ძალიან კარგი სიტუაცია იყო. თქვენ რას იტყვით „მასტერშეფის“ გადაღებების პროცესზე, ურთიერთობები ხომ არ გაგიჭირდათ?

პირველი ეტაპის შემდეგ, მეორე ეტაპისთვის გადაღებებისას 8 დღე ვიყავი სასტუმროში სხვა მონაწილეებთან ერთად, გამოუსვლელად (პანდემიის გამო). ამ 60-მდე ადამიანთან ურთიერთობისას არანაირი პრობლემა, არანაირი უსიამოვნო დამოკიდებულება არ მქონია არავისთან, პატივისცემისა და  სიყვარულის მეტი მე ამ ხალხისგან არაფერი მიგრძნია.

მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, ეს ახალგაზრდები დამიმეგობრდნენ ფეისბუქზე,  ახლაც სულ მწერენ – გადაღებების დროსაც სულ ურთიერთობა გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივად ძალიან დიდი სხვაობა იყო, მე მათი დედის ტოლი ვარ, გოგოები საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე უჩემოდ არ  მიდიოდნენ. ტამარა, მოდი, აქ ვართო, მირეკავდნენ, ან ჩემთან ამოდიოდნენ ნომერში, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით… მეც იმათი ასაკისა გავხდი, დამავიწყდა, რომ 55 წლის ვარ…

პლატფორმა რომ გაიხსნა ზაფხულში, შევავსე ანკეტა, გავიარე კასტინგი და მოვხვდი მასტერშეფში. წინსაფარი რომ ავიღე, იმის მერე მოვიდა ტირილი – განა მინდოდა, რომ მეტირა, ემოცია მაშინ მოვიდა…  არ ჩანს გადაცემაში, რადგან შემდეგ ამონტაჟებენ და – საათ-ნახევარი ინტერვიუს ვაძლევდი კამერის წინ,  სიმართლე რომ გითხრათ, იმ განცდებში არც კი მახსოვს დიდი ნაწილი, რა ვილაპარაკე… ცრემლები თავისთავად მოდის.

წინსაფარს რომ აიღებ, პირველს ვის დაურეკავო, რომ მკითხეს, ვუთხარი, რა თქმა უნდა, დედას-მეთქი. დედაჩემი – ლილი 80 წლისაა. შვილი სამი მყავს და რომელს დავურეკავდი პირველად?!.. სხვათა შორის, დედაჩემი წუხდა, სათანადოდ ვერ გადავუხადე მადლობა ადამიანებს, ასეთ კარგ კომენტარებს რომ გწერდნენ, წარმატებას გისურვებდნენ და გამხნევებდნენო და მისი სახელით მინდა ახლა გადავუხადო მათ მადლობა.

ვისაც სურვილი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს, ზაფხულში ხსნის მასტერშეფი პლატფორმას და უნდა დარეგისტრირდეს, ანკეტა შეავსოს, სურათი გაგზავნოს, თუ სურვილი აქვს, ვიდეოც, და მერე თვითონ დაურეკავენ და ყველაფერს განუმარტავენ, რა და როგორ გააკეთოს.

მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა, დაუვიწყარი დღეები იყო, შევცვალე ჩემი ცხოვრება, სიახლე შევიტანე, გავიცანი ძალიან კარგი ბავშვები [ახალგაზრდები], ადამიანები… ცოტა ფერი შეემატა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას.

დიდი ხანია, საბერძნეთში ხართ?

16 წელია. როცა წამოვედი, ბავშვები უკვე საკმაოდ დიდები იყვნენ: ჩემი უფროსი ბიჭი იყო 19 წლის, მომდევნო – 15-ის ხდებოდა და გოგონა – 10 წლის…

ვმუშაობ ოჯახში, ათენიდან 1 საათის  სავალზე. 16 წელია ამ ოჯახში ვარ, ეს სამსახური არ შემიცვლია… სხვათა შორის, თვითონ ამ ოჯახის წევრებმა მირჩიეს, რომ მასტერშეფში მიმეღო მონაწილეობა. ამ ხნის განმავლობაში საქართველო გავაცანი, ჩვენი ქართული კერძები შევაყვარე – ძალიან მოსწონთ ჩემი ხაჭაპური, ჩემი ხინკალი…

ამ ოჯახში რომ შემოვედი, პირველი დღიდანვე, როგორც ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს – ბავშვები ჩემს ხელში გაიზარდნენ, 2 ბავშვი ჩემს აქ ყოფნაში დაიბადა. მათ მე ქართული ლექსები ვასწავლე, სიმღერებიც – საბავშვო, მარტივი, რა თქმა უნდა… უმცროს ბიჭს ქართულად ველაპარაკები (5 წლისაა), ის ბერძნულად მპასუხობს. ესმის ქართული. გიოს ვეძახი (გიორგო ჰქვია). ისეთი გამართული აქცენტით ამბობს ქართულ ლექსს, ეჭვი შეგეპარება, რომ ბერძენია.

ამ მხრივ მე არანაირი წინააღმდეგობა არ შემქმნია, ზოგი კი წერს ფეისბუქში, რომ მიკრძალავენ, ბავშვს ქართულად ველაპარაკოო.

ალბათ უფრო იმიტომ, რომ ზოგიერთის აზრით, ბავშვში გაორება ხდება, ორ ან რამდენიმე ენაზე რომ ელაპარაკებიან და ენას გვიან იდგამს…

მე თბილისში ვარ დაბადებული და გაზრდილი, აბანოთუბანში, მეიდანში, სადაც სხვადასხვა რჯულის ადამიანები ცხოვრობდნენ: აზერბაიჯანელები, სომხები, ქურთები, იეზიდები, რუსები… ქუჩაში რომ გამოვდიოდით ბავშვები და ვთამაშობდით, ერთმანეთში არეული ენით ვლაპარაკობდით, ყველა ენაზე.  მე აზერბაიჯანულიც  ვიცოდი, ახლაც მესმის, მაგრამ თანდათან მავიწყდება, რუსულად კარგად ვლაპარაკობ, სომხურიც ვიცი – გაქცეულ სომეხს მოვაბრუნებ… ამათ ვეუბნები – მე რომ ქართულად ველაპარაკები და ვასწავლი, იცოდეთ, ენას იტეხს ბავშვი და უფრო გაუადვილდება სხვადასხვა ენის ათვისება-მეთქი. ბავშვების დედამ თვითონ ინგლისური და ფრანგული იცის, მეუბნება, მართალი ხარ, თამარ, ძიძა მყავდა ფრანგი და იმისგან ვისწავლე ასეთი კარგი ფრანგული და არანაირი პრობლემა არ მქონიაო…

თქვენი მეუღლეც საქართველოშია?

დიახ, საქართველოშია… სოფელში ვენახი გვაქვს, მიხედვა უნდა, ჩემი მეუღლე უვლის. შუათანა ბიჭი ჯერ არ არის დაოჯახებული, უფროს ბიჭს და ნაბოლარას – გოგოს უკვე თავიანთი ოჯახები აქვთ. 3 შვილიშვილი მყავს, 3-ვე ბიჭი, 13 წლის არის უფროსი. ბავშვები შორიდან მცნობენ, რომ ბებია ვარ საბერძნეთში.

დედამთილიც მყავდა, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მასტერშეფის ჩაწერა ხდებოდა, გარდაიცვალა ინსულტით – იცოდა, რომ უნდა გავსულიყავი პროექტში და დიდი ამბით ელოდებოდა… ინტერვიუშიც ვთქვი, ამ წინსაფარს ჩემს დედამთილს ვუძღვნი-მეთქი.

რაც წახვედით, საქართველოში არ ჩამოსულხართ?

არა, რაც წავედი, არ ჩამოვსულვარ.

არ ფიქრობთ დაბრუნებას?

ყოველ 2 წელიწადში ვფიქრობ დაბრუნებას – აი, კიდევ 2 წელი, შემდეგ კიდევ 2 წელი, ასე ვამბობთ აქ ქალები… და ასე გავიდა 16 წელი – მთელი ცხოვრება გადის თვალსა და ხელს შუა…

ერთი რამ ვიცი: საქართველოში რომ ჩამოვალ, უკან – საბერძნეთში აღარ დავბრუნდები.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

ამავე თემაზე: ბერძნული მასტერშეფის ქართველი მონაწილე შემდეგ ეტაპზე გადავიდა (ვიდეო)

ბერძნული მასტერშეფის ქართველი მონაწილე შემდეგ ეტაპზე გადავიდა (ვიდეო)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close