მსოფლიოპოლიტიკა

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მარიუპოლიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო – პირველმა 100-მა ადამიანმა ტერიტორია უკვე დატოვა

„დაიწყო მოქალაქეთა ევაკუაცია „აზოვსტალიდან“. პირველი ჯგუფი დაახლოებით 100 ადამიანის შემადგენლობით უკვე მიემართება [უკრაინის] კონტროლირებად ტერიტორიაზე. ხვალ მათ ზაპორიოჟიეში შევხვდებით.

მადლობა ჩვენს გუნდს! ამ დროისთვის ისინი გაეროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ ქარხნის ტერიტორიიდან დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსაყვანად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანამდე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესის დაწყების შესახებ გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაავრცელეს ინფორმაცია.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ადასტურებს, რომ გაეროსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან კოორდინირებული მუშაობით მიმდინარეობს [მოქალაქეთა] უსაფრთხო გამოყვანის ოპერაცია. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილმა კოლონამ დაახლოებით 230 კმ გაიარა და მარიუპოლის ქარხანას შაბათ დილით მიაღწია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაჟინებული  მოთხოვნაა, რომ არ შეიძლება დეტალების გავრცელება მანამ, ვიდრე სიტუაცია არ მოგვცემს ამის შესაძლებლობას, რადგან ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის და კოლონის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია წითელი ჯვრის განცხადებაში.

მოლაპარაკებებში ჩართული უკრაინული ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ დაადასტურა, რომ გაეროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და პრეზიდენტის ოფისის ხელშეწყობით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მიღწეულია შეთანხმება, ჩატარდეს ოპერაცია „აზოვსტალის“ ბუნკერებში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. მისი თქმით, მოქალაქეთა პირველ ჯგუფში, რომელსაც გამოიყვანენ, ბავშვები, ქალები და ხანდაზმული ადამიანები მოხვდნენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს მარიუპოლში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველი შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ ქალაქი რუსული საჯარისო დანაყოფების ალყაში პირველი მარტის შემდეგაა. ქალაქი, პრაქტიკულად, განადგურებულია. მარიუპოლის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, დაღუპულია 20 ათასზე მეტი ადამიანი. თითქმის ნახევარმილიონიანი საპორტო ქალაქის მცხოვრებთა ორ მესამედზე მეტი იძულებით გადაადგილებულია, ნაწილი – უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე, ნაწილი – რუსეთში (პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანს მოსკოვში შეხვედრისას უთხრა, რომ რუსეთმა მარიუპოლიდან 140 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანა). მათ შორის ათასობით ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გენერალურმა მდივანმა შეხვედრისას პუტინს შესთავაზა, შეიქმნას საკონტაქტო ჯგუფი გაერო – რუსეთი – უკრაინა ჰუმანიტარულ კორიდორებთან დაკავშირებით, კერძოდ, მარიუპოლის „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხის გადასაჭრელად.

რუსეთის პრეზიდენტი, გაეროს გენმდივნის ოფისის ინფორმაციით, დათანხმდა, წითელი ჯვარი და გაერო ჩაერთონ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში, რომლებიც ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფარში იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, „აზოვსტალის“ კატაკომბებში ჯერ კიდევ არიან გამაგრებულები ქალაქის უკრაინელი დამცველები – „აზოვის“ პოლკის წევრები და საზღვაო ქვეითთა ნაწილი, რომლებიც რუსეთის არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად დანებებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ უკანასკნელ ვაზნებამდე იბრძოლებენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close