ვიდეომსოფლიოსპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანი კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა (ვიდეო)

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს სინჯის ჯილდოს მფლობელი გახდა, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ვაჟა მარგველაშვილმა ფინალში 21 წლის თურქ ძიუდოისტს მუჰამედ დემირელს სძლია და კარიერაში კონტინენტის გამარჯვებული მეორედ გახდა (პირველად ევროპული ოქრო 2016 წელს მოიგო). აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილი ვაზარს აგებდა, თუმცა შეძლო ორთაბრძოლის თავის სასარგებლოდ შემობრუნება და ორი ვაზარით გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის, თურქ სპორტსმენს ქართველი მწვრთნელი ჰყავს – ირაკლი უზნაძე.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანმაც იმარჯვა და მეტოქეს სძლია.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 26 და 27 აპრილსაც ჩატარდება, გუნდური დაპირისპირება კი 28 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საფრანგეთში, მონპელიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ფინალურ ორთაბრძოლამდე მივიდნენ, თუმცა ვერ გაიმარჯვეს და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close