მოგზაურობაეკონომიკაიტალია

25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა, თუმცა ყველასთვის არა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ქალაქს ერთი დღით სტუმრობენ. ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქია, რომელმაც ასეთი გადასახადი შემოიღო. ადგილობრივი ხელისუფლება ამგვარად ცდილობს მოზღვავებული ტურისტული ნაკადების შემცირებას და ბიუჯეტის შემოსავლის გაზრდას ტურიზმის ხარჯზე.

აქვე დავძენთ, რომ გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან გარკვეული კატეგორიის ადამიანები, მათ შორის, სამუშაოდ ჩასულები, სტუდენტები, 14 წლამდე ბავშვები და სხვ.

ქალაქის, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, მკვიდრი მოსახლეობა 50 ათასამდეა, თუმცა წლის განმავლობაში მას 30 მლნ ტურისტი სტუმრობს. ტურისტების 2/3 კი ვენეციაში მხოლოდ ერთი დღით ჩადის, ღამის გათევის გარეშე და ადგილობრივი ეკონომიკისთვის შედარებით დაბალი შემოსავალი მოაქვს.

ამ „ხარვეზის“ გამოსასწორებლად ამიერიდან ქალაქში ერთდღიანი შესვლა 08:30 საათიდან 16:00 საათამდე სტუმარს 5 ევრო დაუჯდება. დამრღვევებს 50-დან 300 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ.

ვენეციაში შესასვლელად ტურისტებს თავიანთ სმარტფონებში QR-კოდის ჩატვირთვა მოუწევთ, რომელიც შესაძლოა ქალაქის პოპულარულ ადგილებში შეუმოწმონ. აგრეთვე, შესაძლებელია ვაუჩერის შეძენა PuntoLis-ის 30 ათას ტაბაკერიში (tabaccherie).

ქალაქის აღმასრულებელმა საბჭომ ამ ზომას მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც იუნესკომ რეკომენდაცია გასცა, ვენეცია გაქრობის პირას მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანონ, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მასობრივი ტურიზმის გავლენა სახელდება.

„გარკვეულ პერიოდებში ტურისტული ნაკადების მოწესრიგება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქალაქის დახურვას. ვენეცია ყოველთვის ღია იქნება ყველასთვის“, – განაცხადა ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ.

საპილოტე პროექტი 25 აპრილიდან, ვენეციის მფარველის წმინდა მარკოზის დღესასწაულიდან, 29 დღის განმავლობაში იმოქმედებს – 14 ივლისამდე. ამ გადასახადის შემოღების კრიტიკოსები მას კრახს უწინასწარმეტყველებენ.

2021 წელს ვენეციამ უკვე აუკრძალა ქალაქის პორტში შესვლა დიდ საკრუიზო გემებს, რომლებითაც ვენეციაში ათასობით ტურისტი ჩადიოდა და ისინი უფრო მოშორებით მდებარე სამრეწველო პორტში გადაამისამართა.

ტურისტების მოზღვავების პრობლემები მარტო ვენეციას როდი აწუხებს: პირველი აპრილიდან ბარსელონის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადი გაზარდა, ფლორენცია სტუმართა რაოდენობის შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავს, ხოლო ამსტერდამში მიღებულია ახალი ზომები ქალაქში „ბიჭების წვეულების“ მსურველთა რიცხვის შესამცირებლად.

ამას გარდა, ბარსელონაში რუკებიდან და აპლიკაციებიდან გააქრეს ავტობუსის მარშრუტი, რათა ტურისტებს საქმე გაურთულონ, რამაც მთელი რაიონის მაცხოვრებლები ძალიან გაახარა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close