მსოფლიოპოლიტიკა

„ისრაელმა უბრალო პალესტინელები და ჰამასი ერთმანეთისგან არ უნდა განასხვაოს?.. კითხვები ღმერთთან: მან ეს სამყარო ასე მოაწყო“ – პოლიტოლოგი გია ნოდია

ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ პალესტინელები არ დატოვებენ ღაზას ან დასავლეთ სანაპიროს და არ გადავლენ ეგვიპტეში. ეს განცხადება ჰამასის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის არმიამ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის მაცხოვრებლებს სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის სექტორში საავადმყოფოს პაციენტების სამხრეთით უკვე გადატვირთულ საავადმყოფოებში ევაკუაციის იძულება შესაძლოა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყოს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრად გმობს ისრაელის არაერთ განკარგულებას ჩრდილოეთ ღაზაში 22 საავადმყოფოს ევაკუაციის შესახებ, სადაც ორი ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს. პაციენტებისა და მედიკოსების იძულებითი ევაკუაცია კიდევ უფრო უარესს გახდის ამჟამინდელ ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კატასტროფას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

7 ოქტომბერს რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.

ჰამასის იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს  ცნობით, 16 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ღაზის სექტორში 2670-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 9600 დაშავდა, დაღუპულთა შორის არის ის 70 ადამიანიც, რომელიც ტერიტორიას ისრაელის გაფრთხილების შემდეგ კოლონით ტოვებდა. ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 1000-ზე მეტ ადამიანს ნანგრევების ქვეშ ეძებენ.

პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტზე პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

„ღაზაში საშინელება ტრიალებს. იღუპება ხალხი, მათ შორის, ქალები და ბავშვები, ან უბრალო ხალხი, რომელსაც შეიძლება ჰამასი სძულდეს. მათ რა დააშავეს?

ტრაგედიაა და თანაგრძნობას იმსახურებს. ისრაელმა უბრალო პალესტინელები და ჰამასი ერთმანეთისგან არ უნდა განასხვაოს?

ასეთივე საშინელება ტრიალებდა ნიურნბერგში და ჰამბურგში, კიოლნში და დრეზდენში, როცა მათ მოკავშირეები ბომბავდნენ. ნაცისტური რეჟიმი და უბრალო გერმანელები ერთმანეთისგან არ უნდა განესხვავებინათ?

კი, თუ შეგიძლია, აუცილებლად უნდა განასხვაო. ცალკე აღებულ ტერორისტს ზუსტად დაუმიზნო და ქალს და ბავშვს არ მოახვედრო. თუ შეგიძლია.

არ ვამბობ, რომ ახლა ისრაელის ქმედებები ღაზას მიმართ გასაკრიტიკებელი არაა. ოღონდ გამკრიტიკებელმა უნდა თქვას, როგორი იქნებოდა ისრაელისგან სწორი პასუხი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ვაღიარებ, რომ არ ვიცი. ვინც იცის, თქვას.

აქაც და სხვა შემთხვევებშიც, თუ კრიტიკოსს ალტერნატიული ვარიანტი არა აქვს, მისი ვიშვიში ემოციების ფუჭი გამოხატვაა. ან შეფარული თანხმობაა აზრთან, რომ ისრაელი უნდა გაქრეს.

პასუხები: „აბა, ისრაელი რომ ოკუპანტია“, „ორი სახელმწიფოს შექმნაა პრობლემის გადაწყვეტა“, სხვადასხვა წლების რუკების ატვირთვა და ა.შ. ამ შემთხვევაში არაადეკვატურია. ღაზა ოკუპირებული არ არის. 2005 წელს ისრაელი ღაზის სექტორიდან გავიდა და ებრაელთა 21 დასახლების დემონტაჟი მოახდინა. ზოგი ებრაელი (როგორც წესი, რელიგიური ორთოდოქსები) გასვლაზე უარს ამბობდნენ, ისინი ისრაელმა ძალით გაიყვანა.

თეორიულად, ეს ორი სახელმწიფოს პრინციპისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ღაზაში ჩატარდა არჩევნები, ხალხმა აირჩია ჰამასი. ჰამასისთვის ორი სახელმწიფოს პრინციპი მიუღებელია, უნდა იყოს ერთი პალესტინური არაბული სახელმწიფო, ისრაელი კი გაქრეს.

ჰამასის იდეოლოგია ნაცისტურისგან არსებითად არ განსხვავდება, უბრალოდ, გასაქანი აქვს ნაკლები. იმ ნაწილში, რაც ებრაელების სიძულვილს ეხება, იგივეა. როგორც რიგით გერმანელებს მოუწიათ ფასის გადახდა ჰიტლერის არჩევისთვის, ისე რიგითი ღაზელები იხდიან ახლა საფასურს იმისთვის, რომ ჰამასი აირჩიეს.

სამართლიანია ეს? არ ვიცი. კითხვები ღმერთთან: მან ეს სამყარო ასე მოაწყო“, – წერს გია ნოდია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close