პოლიტიკაკრიმინალი

როგორ გახდნენ მილიარდერები ჰამასის ლიდერები – ერთ-ერთი მათგანის ვაჟის აღიარება

2019 წელს ჰამასმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეზერტირობა განიცადა თავისი 30 წელზე მეტხნიანი ისტორიის განმავლობაში: სუჰეიბ იუსეფი, თურქეთში მცხოვრები მისი წევრი, გაიქცა და ისრაელის ტელეკომპანია Channel 12-ს დაუკავშირდა თავისი ამბის მოსაყოლად. იუსეფი ჰამასის უბრალო მებრძოლი არ იყო. იგი მოძრაობის შვიდი დამფუძნებლიდან ერთ-ერთის, შეიხ ჰასან იუსეფის ვაჟია, – წერს dayitalianews-ი.

სუჰეიბ იუსეფმა ისრაელის ტელეკომპანიასთან საზღვარგარეთ მყოფი ჰამასის ლიდერების კორუფციაზე და მათი გამდიდრების არხებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თურქეთში ჰამასის აგენტების ერთ-ერთი ამოცანა იყო პალესტინელი ლიდერების დაკავება დასავლეთ სანაპიროზე და სხვადასხვა არაბულ ქვეყანაში, თუმცა არა პოლიტიკური მიზნებისთვის.

ეს იყო ამ ისლამური მოძრაობის იმ მხარის სააშკარაოზე გამოტანა, რომლის შესახებაც ამჟამად დავიწყებულია. კორუფცია ჰამასის ხელმძღვანელ დაჯგუფებებში ფართოდ არის გავრცელებული, არაბული მედია თავადაც ადანაშაულებს მთავარ ლიდერებს, რომ მილიონერებად და მილიარდერებად იქცნენ ღაზის სექტორზე თავიანთი ძალაუფლების წყალობით.

რა თქმა უნდა, ჰამასის პოლიტიკური ლიდერის – ისმაილ ჰანიეს შვილებმა, რომელიც 2020 წლიდან კომფორტულად გრძნობს თავს კატარის დედაქალაქ დოჰაში, ბოლო წლებში ადვილად შეძლეს ღაზის სექტორიდან გამოსვლა და ახლა მდიდარი ბიზნესმენების ცხოვრებით ცხოვრობენ.

ასეთია მოძრაობის პოლიტიკური ლიდერის ვაჟის, ჰაზემ ჰანიეს შემთხვევაც, რომლის სანქცირებულ გამგზავრებას ღაზის სექტორიდან 2022 წლის ივლისში ამ ტერიტორიაზე ჩარჩენილი უბრალო ადამიანების დიდი პროტესტი მოჰყვა სოციალურ მედიაში.

აქტივისტმა, სახელად მაჰამუდ ნაშვანმა, გამოაქვეყნა სელფი, რომელშიც შავი ხელთათმანი ეცვა და ცალყბად იღიმოდა – ასე მიანიშნა მან ჰანიეს ცნობილ გამოსვლაზე 2009 წელს, როდესაც ჰამასის ლიდერმა თქვა: „ჩვენ ხელები სუფთა გვაქვს. არ ვიპარავთ, არ ვფლობთ უძრავ ქონებას, არ ვიშენებთ ვილებს…“

რამდენიმე თვის შემდეგ საუდის არაბეთის ვებსაიტმა Elaph.com დაწერა, რომ მააზ ჰანიემ, ლიდერის კიდევ ერთმა ვაჟმა, თურქული პასპორტი მიიღო და ოჯახის უზარმაზარი უძრავი ქონების აქტივებს სტამბოლიდან განაგებდა. უფრო მეტიც, ჰამასი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რის დასტურიცაა თურქეთის პრეზიდენტის მიერ მოძრაობის დაცვა ბოლო დღეებში.

ძნელია შეაფასო იმ ადამიანების ქონება, რომლებიც 2006 წელს აირჩიეს, მაგრამ მას შემდეგ ღაზის სექტორში პალესტინელებს ძალით მართავენ. პრესტიჟული არაბული ჟურნალი Al-Majalla მიიჩნევს, რომ ჰამასის ნომერ მეორე ლიდერი მუსა აბუ მარზუკი ორი ან სამი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, ხოლო ყოფილი პოლიტიკური ლიდერი ხალედ მეშალი ოთხ მილიარდიან ქონებას განაგებს, ისევე როგორც თავად ისმაილ ჰანიე.

ამ ბრალდებების ნამდვილობის შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ღაზაში სისტემური კორუფციის მტკიცებულებები მრავლადაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხალხი აკონტროლებს დახმარების ნაკადს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: კატარი, ირანი და მთელი მსოფლიოს მუსლიმური თემები. მათი გამდიდრების ერთ-ერთი წყარო, ასევე, შეიძლება იყოს გადასახადი თითოეულ პროდუქტზე, რომელიც კონტრაბანდული გზით გადაეცემა მიწისქვეშა გვირაბების გავლით ღაზის სექტორში მოხვედრილ მოსახლეობას.

„ჰამასის ლიდერები საზღვარგარეთ ელეგანტურ სასტუმროებში და ძვირად ღირებულ ცათამბჯენებში ცხოვრობენ, – ამბობს სუჰეიბ იუსეფი, ჰამასის დამფუძნებლის მონანიე ვაჟი. – მოვუწოდებ ლიდერებს, მათ შორის, მამაჩემს, დატოვონ ეს კორუმპირებული მოძრაობა. დარწმუნებული ვარ, მანაც იცის, რაც ხდება“.

თარგმნა ნინო ხოშტარიამ

p. s. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „პალესტინური ისლამური (სუნიტური) წინააღმდეგობის მოძრაობა“ (აბრევიატურა – ჰამას) 1987 წლის 14 დეკემბერს დაარსდა. ჰამასი აკონტროლებს ღაზის სექტორს პალესტინაში, სადაც ორგანიზაციის მოქმედების ცენტრია, აგრეთვე, აქტიურია მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ჰამასს აქვს სამხედრო ფრთა – იზზ ად-დინ ალკასამის“ ბრიგადები (ბატალიონები).

ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს აღიარებული ისრაელს, ევროკავშირს და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს: კანადას, აშშ-ს, ავსტრალიას, დიდ ბრიტანეთს და იაპონიას; აგრეთვე, აკრძალულია იორდანიასა და ეგვიპტეში. ახალი ზელანდია ტერორისტულ ორგანიზაციად მხოლოდ ჰამასის სამხედრო ფრთას მიიჩნევს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close