მსოფლიოპოლიტიკა

შეძლებს თუ არა ისრაელი ჰამასის განადგურებას და რა დრო დასჭირდება ამისთვის (რუკა)

უკვე ორი კვირაა, რაც მიმდინარეობს ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში. მიზანი ჰამასის განადგურებაა – როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რამდენად შესაძლებელია აღნიშნული მიზნის მიღწევა?

ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელების განცხადებებიდან ჩანს, რომ სწრაფი გამარჯვების ილუზია არ არსებობს და ისინი ხანგრძლივი ომისთვის მზად არიან.

არსებული მონაცემებით, ინტენსიური საჰაერო დაბომბვის შედეგად განადგურებულია ათობით სამხედრო მიზანი. მათ შორის, ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე ხელმძღვანელი. ამავე დროს, იზრდება მსხვერპლის რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

ღაზის სექტორი ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, რომელიც ფართობით თბილისზე პატარაა, მოსახლეობით კი – თბილისზე მინიმუმ ორჯერ მეტი. ასეთ ურბანულ ზონაში მასშტაბური სამხედრო მოქმედება, ცხადია, უკიდურესად ზრდის საფრთხეს ადგილობრივი მშვიდობიანი მაცხოვრებლებისთვის. ადამიანური მსხვერპლის გარდა, უდიდესია მატერიალური ზარალიც. ნადგურდება მთელი უბნები, ხოლო მოსახლეობას, ტერიტორიის სიმცირის გამო, ალტერნატიული თავშესაფარი არ გააჩნია.

სამხედროების განცხადებით, ისრაელის არმიამ წარმატებით გაყო ღაზის სექტორი ორ ნაწილად. საკუთრივ ქალაქი ღაზა, რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ალყაშია მოქცეული. მიუხედავად ამისა, ურბანულ ზონებში ბრძოლის რისკებიდან გამომდინარე, ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქის ცენტრის დაკავებას არ ჩქარობენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების (ცახალი) ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ განადგურებულია ჰამასის მებრძოლთა 10%, ანუ დაახლოებით 4 ათასი ტერორისტი. ამავე დროს, აღნიშნული მონაცემების დაზუსტება ომის მიმდინარეობისას შეუძლებელია. ასევე უცნობია ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი ტერორისტების რაოდენობა.

რაც შეეხება ისრაელის ჯარის დანაკარგებს, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, დაღუპულია 34 ჯარისკაცი. დანაკარგების შემცირების სურვილი კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არ ცდილობს ისრაელი მოწინააღმდეგის სწრაფად განადგურებას. ისრაელის ჯარი მოწინააღმდეგეზე ბევრად უკეთესად არის შეიარაღებული და გაწვრთნილი, მაგრამ ურბანული ბრძოლები განსაკუთრებული რისკის შემცველია. ამიტომაც გამოიყენება ტანკები და სხვა სახის ჯავშანტექნიკა. ღაზის სექტორში ამჟამად დაახლოებით 30 ათასი ისრაელელი ჯარისკაცია შეყვანილი. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს არსებული მიწისქვეშა გვირაბების გამოვლენა და მათი განადგურება. ჰამასმა წლების განმავლობაში შექმნა გვირაბების ფართო ქსელი, რაც მის მებრძოლებს მოულოდნელი დარტყმების განხორციელების საშუალებას აძლევს.

ყველაფრის მიუხედავად გაურკვეველია, როგორ უნდა მოახერხოს ისრაელმა ჰამასის სრულად განადგურება და რა იქნება ომის შემდეგ. სამხედრო ოპერაცია დღემდე ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილით შემოიფარგლება და ძნელი სავარაუდოა სამხრეთში მისი განვრცობა. დიდი ალბათობით, ისრაელი რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში გარკვეულ უსაფრთხოების ზონას შექმნის და დაიწყებს მოლაპარაკებებს ღაზის სექტორის დანარჩენი ნაწილის პალესტინის დროებითი ადმინისტრაციისათვის გადაცემისთვის. ასეთ სურვილს ამჟღავნებს ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი, ოღონდ გარკვეული პირობებით. ამავე დროს, დღემდე გაურკვეველია, როგორ არის შესაძლებელი ჰამასის სრულად განდევნა რეგიონიდან.

რუკის და ტექსტის ავტორი – გიორგი ჯანელიძე

წყარო: BBC

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close