მოგზაურობამსოფლიო

2023 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში – რომელ ადგილზეა საქართველო?

Henley & Partners-მა ახალი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგსაც გვთავაზობს. ანგარიშში საერთაშორისო პასპორტების სიძლიერე სხვადასხვა ქვეყანაში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობით განისაზღვრება.

საკონსულტაციო კომპანია რეიტინგის შედგენისას სახელმწიფოთა პასპორტებს სპეციალურ ინდექსს, Henley Passport Index-ს ანიჭებს. აღნიშნული ინდექსი 199 პასპორტის ძალას იმის მიხედვით ადგენს, თუ მის მფლობელს რამდენ სახელმწიფოში შეუძლია შესვლა უვიზოდ ან გამარტივებული წესით, ვიზის ადგილზე მოთხოვნის შესაბამისად. ინდექსი წლის განმავლობაში რეალურ დროში იცვლება კონკრეტული ქვეყნების სავიზო პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად.

შედეგად დგინდება, რომ 2023 წლისთვის ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონიის მოქალაქეებს აქვთ, რომელთაც უვიზოდ ან ვიზის მარტივად მოთხოვნისას 193 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა. ყველაზე ძლიერი პასპორტების სამეულს აზიური ქვეყნები შეადგენენ. მეორე ადგილებს რეიტინგში სინგაპური და სამხრეთ კორეა იყოფენ, რომელთა მოქალაქეებსაც უვიზოდ 192 ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა აქვთ.

სამეულს მიღმა რეიტინგს ევროპული სახელმწიფოების პასპორტები მიუყვება. გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული წესით 190 ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა აქვთ და რეიტინგში მესამე პოზიციას ინაწილებენ. ფინეთის, იტალიისა და ლუქსემბურგის პასპორტები კი 189 ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობით მეოთხე ადგილს იყოფენ. 188 ქვეყნის საზღვრის კვეთა შეუძლიათ ავსტრიის, დანიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის მოქალაქეებს. საფრანგეთის, ირლანდიის, პორტუგალიისა და გაერთიანებული სამეფოს პასპორტები კი 187 სახელმწიფოში შესვლის უფლებას იძლევა. ოკეანეთის წარმომადგენელი ახალი ზელანდია 186 ქვეყანაში ვიზიტის უფლებით მე-7 პოზიციას იკავებს. ამ მაჩვენებლით ის მეშვიდე პოზიციას ბელგიას, ნორვეგიას, შვეიცარიას, აშშ-სა და ჩეხეთთან ერთად იზიარებს.

რეიტინგის ათეულში გვხვდებიან ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა, უნგრეთი, პოლონეთი, ლიეტუვა და სლოვაკეთიც.

Henley Passport-ის ინდექსით საქართველო რეიტინგში 50-ე პოზიციას იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული პასპორტით შესვლა უვიზოდ 116 ქვეყანაშია შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიულად ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. უკეთეს, 49-ე პოზიციას ქართული პასპორტი მხოლოდ 2020 წელს იკავებდა. ქართული პასპორტის მფლობელებს ვიზა 111 ქვეყანაში შესვლისას მოეთხოვებათ.

საინტერესოა ყველაზე სუსტი პასპორტების შესახებ ინფორმაციაც. ამ მაჩვენებლით რეიტინგში ბოლო, 109-ე ადგილს ავღანეთი იკავებს, რომლის პასპორტითაც მხოლოდ 27 ქვეყანაში შესვლაა შესაძლებელი. ბოლო პოზიციებს მეტწილად ახლოაღმოსავლური სახელმწიფოები ინაწილებენ. ბოლოსწინა, 108-ე ადგილზე ერაყი, 107-ზე კი სირია იმყოფება. 106-ე ადგილს იკავებს პაკისტანი, 105-ს კი – იემენი.

2023 წლისთვის ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგის ათეულს უცვლელად გთავაზობთ:

  1. იაპონია (193 ქვეყანა)
  2. სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 ქვეყანა)
  3. გერმანია, ესპანეთი (190 ქვეყანა)
  4. ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 ქვეყანა)
  5. ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 ქვეყანა)
  6. საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, გაერთიანებული სამეფო (187 ქვეყანა)
  7. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, აშშ, ჩეხეთის რესპუბლიკა (186 ქვეყანა)
  8. ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 ქვეყანა)
  9. უნგრეთი, პოლონეთი (184 ქვეყანა)
  10. ლიეტუვა, სლოვაკეთი (183 ქვეყანა)

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close