ვიდეოკულტურასაბერძნეთი

ტრიკალა: ექსკლუზიური რეპორტაჟი „ელფების წისქვილიდან“ (ვიდეო)

მაცოპულოსის სახელობის წისქვილი 1884 წელს ამოქმედდა საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ტრიკალაში (ტრიკალიდან ოცი წუთის სავალზე უკვე მეტეორას დიდებული პანორამა გეშლება თვალწინ) და ერთ-ერთი ინოვაციური ფქვილის საწარმო იყო სრულიად ბალკანეთში.

რატომ იყო წისქვილი ინოვაციური? – აქ უზარმაზარი დოლაბებით, თერმო და ელექტროენერგიის გაერთიანებული მექანიზმით იფქვებოდა საუკეთესო ფქვილი, რაც მის გამორჩეულობას განაპირობებდა.

ყველაზე დიდი სასწაული ისაა, რომ ქალაქმა ეს წისქვილი მომავალ თაობებს მუზეუმად შემოუნახა, სადაც ისევ ისე მოძრაობს მექანიზმი იმ სამწუხარო შტრიხის თანხლებით, რომ პური ჩვენი არსობისას მთავარ ინგრედიენტს – ხორბალს აღარ ფქვავს (ეს კიდევ ცალკე თემაა).

გარდა მუზეუმისა, მაცოპულოსის წისქვილი კულტურული ცენტრიცაა, სადაც უამრავი წრეა, თეატრალურით დაწყებული, კლდეზე ცოცვის მოყვარულთა წრით დამთავრებული. 2011 წლიდან კი მას კიდევ უფრო ლამაზი დატვირთვა მიენიჭა: ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან რვა იანვრის ჩათვლით „ელფების წისქვილად“ (Μύλος των ξωτικών) გადაიქცევა ხოლმე.

უზარმაზარი შენობა წითელი ბაფთით იმშვენებს თავს და მნახველს საოცარ, ზღაპრულ სამყაროში უხმობს… ეს ის ადგილია, რომ შეხვალ და გამოსვლა აღარ გინდა. მშობლები ბავშვებს ჰპირდებიან, რომ კიდევ მოვლენ, რათა როგორმე შინ წაიყვანონ, რადგან პატარებს არ სურთ აქაურობის დატოვება.

მოზარდი თუ ხარ, როგორც კი ზღურბლს აქეთ გადმოდგამ ნაბიჯს, რეალობა მოსაწყენად გეჩვენება, თუმცა ლამაზი კადრები დიდხანს გაგიფერადებენ დღეებს. შოკოლადისა და კარამელის სხვადასხვა გემო და ფერი, „ალისა სასწაულების ქვეყნიდან“ (ეს იყო წელს საშობაო თემა), ულამაზესი მორთულობები, საციგურაო მოედანი, საიდანაც ბავშვები ძალით გამოჰყავთ, სხვებიc რომ შევიდნენ, ბუნებრივი პატარა მდინარე, რომელიც წისქვილის ქვებს აბრუნებს, ისტორიული ორთქლმავლის ვაგონი, თოვლის ბაბუა და კიდევ მრავალი სიურპრიზი ელოდება სრულიად საბერძნეთიდან თუ საზღვარგარეთიდან მოსულ სტუმრებს დილის ათიდან საღამოს ათ საათამდე (წელს „ელფების წისქვილის“ ჯადოსნურ სამყაროს 1 168 081 სტუმარი ეწვია). დღის ამ მონაკვეთში ავტობუსების ნაკადი არ წყდება და საგზაო პოლიციას თავსატეხს უჩენს.

წელს „ელფების წისქვილის“ საშობაო ფესტივალი თამთას (გოდუაძე) კონცერტით დაიხურა. 2011 წელსაც პირველი „ელფების წისქვილი“ თამთას კონცერტით გაიხსნა.

ერთ-ერთი ინგლისურენოვანი სიმღერის შესრულებისას, ჩემი პირადი დაკვირვებით, თამთამ ცეკვაში ქართული ილეთები ჩააქსოვა. იგი ყოველთვის ცდილობს ქართული კულტურის წარმოჩენას თუნდაც პატარა დეტალით. შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე წლის წინ ბერძნული ტელევიზიის საახალწლო გადაცემაში „სულიკო” იმღერა ქართულად.

კონცერტის შემდეგ ხალხი არ დაშლილა. ზღაპრული სამყაროდან გამოსვლისას კიდევ ერთი ლამაზი რიტუალის შესრულება შეეძლო ნებისმიერ მსურველს – სურვილის ჩაფიქრება და მანათობელი ფრანის გაშვება… დედამიწის ამ პატარა, დადებითი ენერგიით დამუხტულილი მონაკვეთიდან ზეცის ერთი ნაჭერი მაგიურად ნათდება: ჯანმრთელობა, სიკეთე, სილაღე და ბედნიერება დაგვბედებოდეს 2023 წელს!

ია თულაშვილი

p. s. და კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი: „ელფების წისქვილში“ დიდ სტენდზე, სხვა ენებთან ერთად, ქართულადაც ეწერა: „შობას გილოცავთ“!

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close