NETFLIX-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი კალიფორნიაში სასამართლოს წარედგინა
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა. ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად იცავს ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს.
„სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.
სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სხვადასხვა ჟურნალისტურ წყაროში, ისე საზოგადოებრივ და, მათ შორის, საჭადრაკო წრეებში“, – ვკითხულობთ BLB-ის პრესრელიზში.
სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებში.
ფილმის გამოსვლისთანავე მოჭადრაკემ, ჟურნალისტმა და ჭადრაკის ისტორიკოსმა ოლიმპუ ურკანმა ტვიტერზე მიუთითა შეცდომა და დაწერა, რომ რეალურ ცხოვრებაში გაფრინდაშვილმა ბევრ სხვას შთააგონა 1960-იანი წლების მამაკაცთა ტურნირებზე თამაშით.
A script line in #TheQueensGambit says Nona Gaprindashvili “never faced men,” while a lookalike watches the fictional Beth Harmon admiringly. In real life, Gaprindashvili actually inspired others by playing in the 1960s men’s tournaments. Odd play of reality and fiction there. pic.twitter.com/kCMJpvp8Ko
— Olimpiu G. Urcan (@olimpiuurcan) October 23, 2020
radiotavisufleba.ge
ნონა გაფრინდაშვილი არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი – 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული – 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი – 1983 წელი;
ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის” მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლებში;
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.
იურიდიული ფირმა „ბლბ“-ს პარტნიორი რუსუდან მაისურაძე, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს „ნეტფლიქსთან“ დავაში, აცხადებს, რომ ყველაზე შეურაცხმყოფელი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის მიღწევების დაკნინებაა.
მინისერიალის ფინალურ ეპიზოდში მთხრობელი ამბობს: „ეს ნონა გაფრინდაშვილია, ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ არასდროს დაპირისპირებია მამაკაცებს“.
1983 წელს უოლტერ ტევისის მიერ გამოცემულ რომანში, რომლის მიხედვითაც „ნეტფლიქსმა“ 2020 წელს პოპულარული სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ გადაიღო, ეს ფრაზა განსხვავებულად ჟღერს – „და ესეც ნონა გაფრინდაშვილი. ასეთი მაღალი დონის ტურნირზე არა, მაგრამ მოთამაშე მთელ ამ რუს დიდოსტატებს მანამდე ბევრჯერ შეხვედრია“.
რუსუდან მაისურაძის თქმით, „ნეტფლიქსის“ პოზიცია მიუღებელია:
„სარჩელი აპრილში შევიტანეთ, რადგან მანამდე „ნეტფლიქსთან“ დალაპარაკებას შედეგი არ მოუტანია. ისინი ამბობენ, რომ ქალბატონი გაფრინდაშვილისა და მისი ბრწყინვალე კარიერის მიმართ „ნეტფლიქსს“ მხოლოდ უსაზღვრო პატივისცემა გააჩნია. თუმცა მიიჩნევენ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არც ბოდიშის მოხდას აპირებენ და არც ტექსტის შეცვლას. ესაა ყველაზე მიუღებელი – ყველაზე მთავარი დაამახინჯეს, რამაც ქალბატონი ნონას შეურაცხყო. ჩვენ ამ საქმეს უკვე დავარქვით „ღირსების საქმე“ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქმის ბოლომდე მიყვანას შევეცდებით“, – ამბობს ნონას ინტერესების დამცველი.
იურიდიული ფირმა „ბლბ“-ს პარტნიორი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ამერიკაში ქართული მხარე არ დაიჩაგრება:
„ამერიკის სასამართლოს სამართლიანობა ცნობილია და მის ობიექტურობაში დარწმუნებულები ვართ. ამიტომ გვჯერა, რომ ისინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“.
ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალია, რომელსაც ამერიკაში, კალიფორნიის შტატში 1977 წელს კაცთა შორის დიდოსტატის წოდება მიანიჭეს.
სტატია განახლებულია 17.09.2021, 15:00 სთ-ზე, დამატებული აქვს 1tv.ge-ს ინფორმაცია აბზაციდან „იურიდიული ფირმა „ბლბ“-ს პარტნიორი, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს „ნეტფლიქსთან“ დავაში…“ – ბოლომდე.
ამავე თემაზე: NETFLIX-ის ფილმში დაშვებულმა შეცდომამ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო მასშტაბით ისევ პოპულარული გახადა
კომენტარები