დღის თემასაზოგადოებასაქართველო

სასიხარულო ინფორმაცია: შოვში 15 დაკარგულიდან ერთი ადამიანი ცოცხალი და უვნებელი აღმოჩნდა

შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი ცოცხალი და უვნებელი აღმოჩნდა . ეს პიროვნება ზურაბ ბიბილეიშვილია, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა 8 აგვისტოს, დღის ბოლოს ჟურნალისტებთან შემაჯამებელი კომენტარის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ ბიბილეიშვილთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე და 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ, ამიტომაც მოხვდა იგი დაკარგულთა სიაში.

„ამდენი ნეგატივის შემდეგ სასიხარულო ინფორმაციაც გვაქვს… ცხელ ხაზზე და 112-შიც იყო დაფიქსირებული ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. დეტალები ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, თუმცა ადამიანი იყო დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ სიიდან. ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელად არის. აღმოაჩინა პოლიციამ ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად თბილისში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია 19 გარდაცვლილი, რომელთაგან 14 იდენტიფიცირებულია. დღეს დილით მეხანძრე-მაშველებმა მდინარის კალაპოტში ქალის ცხედარი და ადამიანის სხეულის ფრაგმენტები იპოვეს. აგრეთვე ამოტანილია ავტომანქანის ძარა და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მღებრიშვილის ინფორმაციით, სულ 8 ავტომობილია დაკარგული.

14 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მათი ძებნის და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ადგილზე შეყვანილია 90 ერთეული ტექნიკა. მეხანძრე-მაშველებს თავდაცვის ძალრბიც ეხმარებიან. თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები ხვალიდან კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close