„ომიკრონის“ ორი უჩვეულო სიმპტომი აცრილებში – რა შეიცვალა?
ექიმმა ეპიდემიოლოგმა, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა ტიმ სპექტორმა დააფიქსირა კორონავირუსის ახალი ვარიანტით – „ომიკრონით“ ინფიცირებისას სპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც, ძირითადად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მოქალაქეებს აღენიშნებათ. ამის შესახებ მან 24 დეკემბერს გამოცემა Express-თან ისაუბრა.
პროფესორის დაკვირვებით, კორონავირუსით ინფიცირების ტიპური სიმპტომების გარდა „ომიკრონით“ ინფიცირებისას ვაქცინირებულ პაციენტებს აღენიშნებათ გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა და ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურით.
Zoe Covid-ის დანართის მომხმარებელთა ნახევარს, რომლებმაც თქვეს, რომ გაციების სიმპტომები აღენიშნებოდათ, „ომიკრონით“ ინფიცირება დაუდასტურდა და მათგან კი მხოლოდ ნახევარს ჰქონდა კორონავირუსის ტიპური სიმპტომები – ცხელება, უწყვეტი ხველა, მაღალი ტემპერატურა, გემოს შეგრძნების ან ყნოსვის დაკარგვა.
„ზოეს“ ანალიზს ლონდონში მხარი დაუჭირა Sage-ის სამეცნიერო კონსულტანტების კომიტეტმაც სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ კორონავირუსის ისეთ გავრცელებულ სიმპტომებზე, როგორიცაა გემოს შეგრძნების ან ყნოსვის დაკარგვა, პაციენტები სულ უფრო იშვიათად აცხადებენ.
როგორც პროფესორი ტიმ სპექტორი, Zoe Covid-ის კვლევის წამყვანი სამეცნიერო თანამშრომელი, ამბობს, საჯარო შეტყობინებებში უნდა გამოცხადდეს, რომ Covid-ის სიმპტომები გაციების მსგავსი იქნება ბევრი ინფიცირებულის შემთხვევაში.
„Zoe-ს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ყველაზე მთავარი სიმპტომი აღარ არის უწყვეტი ხველა, მაღალი ტემპერატურა, გემოს შეგრძნების და ყნოსვის დაკარგვა“, – განაცხადა პროფესორმა სპექტორმა.
აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგების დაკვირვებით, „ომიკრონით“ ინფიცირებისას სიმპტომები შესაძლოა მეორე დღესვე გამოვლინდეს.
დიდ ბრიტანეთში, სადაც შობის წინა დღეს, 24 საათის განმავლობაში 122 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შემდეგ შემთხვევების რაოდენობამ იკლო და დღეს 98 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 143 ადამიანი.
შემთხვევების რაოდენობა შემცირდა იტალიაშიც, სადაც 2 დღის წინ 54 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა. დღეს საღამოს კი ჯანდაცვის სამინისტრომ 30810 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. გარდაიცვალა 142 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების 45% „ომიკრონზე“ მოდის.
„ომიკრონი“ სულ უფრო და უფრო ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ის უკვე დაფიქსირებულია 110-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ამ დროისთვის 51 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. „ომიკრონით“ 5 ინფიცირებული 18 წლამდე ასაკის მოზარდია, მათ შორის, ერთი – 3 წლის ბავშვი, რომელიც დღემდე უსიმპტომოა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 2-3 კვირაში შემთხვევები მოიმატებს.
„დარწმუნებული ვარ, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც „ომიკრონი“ დაიწყო, ჯერჯერობით მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები