მოგზაურობამსოფლიო

მსოფლიოს 20 საუკეთესო ავიაკომპანია 2026 წელს – ევროპიდან რეიტინგში მხოლოდ ექვსი მოხვდა

გამოქვეყნდა 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი. წლევანდელ World Airline Awards-ში წამყვანი პოზიციები აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიებმა დაიკავეს, ხოლო ევროპის წარმომადგენლებიდან მსოფლიოს 20 საუკეთესოთა სიაში მხოლოდ ექვსი მოხვდა.

რეიტინგის სათავეში Singapore Airlines-ი აღმოჩნდა. მეორე ადგილზე Qatar Airwaysი, მესამეზე კი Cathay Pacific-ი გავიდა. ევროპული ავიაკომპანიებიდან ყველაზე მაღალი პოზიცია Turkish Airlines-ს ერგო – ის საუკეთესო ავიაკომპანიების ჩამონათვალში მეხუთე ადგილზეა.

რეიტინგი ავიაციის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო კვლევად ითვლება. მას ყოველწლიურად Skytrax-ი აქვეყნებს და შედეგები მილიონობით მგზავრის გამოკითხვას ეფუძნება. 2026 წლის რეიტინგის კვლევა 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე მიმდინარეობდა. გამოკითხვაში 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ და შეფასდა 300-ზე მეტი ავიაკომპანია.

მსოფლიოს 20 საუკეთესო ავიაკომპანია

Skytrax-ის 2026 წლის რეიტინგში პირველი 20 პოზიცია ასე გადანაწილდა:

  1. Singapore Airlines – სინგაპური
  2. Qatar Airways – კატარი
  3. Cathay Pacific – ჰონგ-კონგი
  4. ANA All Nippon Airways – იაპონია
  5. Turkish Airlines – თურქეთი
  6. Emirates – არაბთა გაერთიანებული საამიროები
  7. Air France – საფრანგეთი
  8. Hainan Airlines – ჩინეთი
  9. Japan Airlines – იაპონია
  10. Korean Air – სამხრეთ კორეა
  11. EVA Air – ტაივანი
  12. Qantas Airways – ავსტრალია
  13. STARLUX Airlines – ტაივანი
  14. Lufthansa – გერმანია
  15. Saudi Arabian Airlines – საუდის არაბეთი
  16. Iberia – ესპანეთი
  17. Air Canada – კანადა
  18. Virgin Atlantic – გაერთიანებული სამეფო
  19. Swiss International Air Lines – შვეიცარია
  20. Thai Airways – ტაილანდი.

ევროპიდან მხოლოდ ექვსი ავიაკომპანია

ევროპის ქვეყნებიდან რეიტინგში ექვსი ავიაკომპანია მოხვდა: Turkish Airlines, Air France, Lufthansa, Iberia, Virgin Atlantic და Swiss International Air Lines.

„ევროპელებიდან“ ყველაზე მაღალ პოზიციაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თურქული ავიაკომპანია აღმოჩნდა – Turkish Airlines-ს მეხუთე ადგილი ერგო და, ამასთან, ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტულიც მიიღო. კომპანიამ ასევე გაიმარჯვა ბიზნესკლასის კვებისა და სამხრეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის კატეგორიებში. მან ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტულს უკვე მე-11-ედ მოიპოვა.

Air France-ი საერთო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გავიდა. ფრანგულმა ავიაკომპანიამ განსაკუთრებით წარმატებას მიაღწია პირველი კლასის კატეგორიებში და მსოფლიოს საუკეთესო პირველი კლასის, პირველი კლასის ლაუნჯის კვებისა და კომფორტის აქსესუარების ჯილდოები მოიპოვა.

Lufthansa მე-14, Iberia მე-16, Virgin Atlantic მე-18, ხოლო Swiss International Air Lines მე-19 ადგილზე არიან.

ევროპული ავიაკომპანიების წარმატება მხოლოდ მთავარი ოცეულით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ესპანურმა Vueling-მა ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ტიტული მოიპოვა, ხოლო Iberia-მ გაიმარჯვა კატეგორიაში – ევროპის საუკეთესო ავიაკომპანია პერსონალის მომსახურების მცრივ. საბერძნეთის Aegean Airlines-ი მსოფლიოს საუკეთესო რეგიონულ ავიაკომპანიებს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა.

Qatar Airways-მა პირველი ადგილი დაკარგა

გასული წლის გამარჯვებული Qatar Airways-ი 2026 წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა და პირველობა Singapore Airlines-ს დაუთმო.

მიუხედავად ამისა, კატარის ავიაკომპანია რამდენიმე მნიშვნელოვან კატეგორიაში კვლავ გამარჯვებულია. მათ შორისაა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესკლასის ავიაკომპანიის ტიტული, რომელიც Qatar Airways-ს უკვე მე-13-ედ ერგო. კომპანიამ ასევე პირველად მიიღო მსოფლიოს საუკეთესო საბორტო Wi-Fi-ს ჯილდო – რეიტინგს ეს კატეგორია წელს პირველად დაემატა.

როგორ ადგენენ რეიტინგს?

World Airline Awards-ის შედეგები Skytrax-ის გლობალურ სამგზავრო გამოკითხვას ეფუძნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხვის მონაწილეთა პასუხები მოწმდება და მეორდება ან საეჭვოდ მიჩნეული მონაცემები გამოირიცხება.

რეიტინგი მხოლოდ ავიაკომპანიის ცნობადობას არ აფასებს – Skytrax-ის პროგრამა მგზავრების გამოცდილებასა და მომსახურების სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. ცალკე ჯილდოები გაიცემა პირველი, ბიზნესისა და ეკონომკლასების, ბორტზე კვების, Wi-Fi-ს, ეკიპაჟის, ლაუნჯებისა და სხვა მიმართულებებისთვის.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close