საზოგადოებასაქართველო

საქართველო: სად ვერ შევლენ მოქალაქეები დღეიდან „მწვანე პასპორტის“ გარეშე

დღეიდან, პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ე. წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია, რაც ნიშნავს, რომ 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბავშვო გასართობ ცენტრებში შესასვლელად „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოიხსნა, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა კი 30%-იდან 50%-მდე გაიზარდა.

მონიტორინგს შერჩევის პრინციპით განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო. ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება.

მოქალაქეს „მწვანე სტატუსი“ ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

• არის სრულად ვაქცინირებული;
• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;
• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია – CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს.

აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს.

საზღვრის კვეთის შემდეგ პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.

აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.

ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან ან Google Play-დან ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.

ელექტრონული QR კოდის გააქტიურების შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის. ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდსერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ამოქმედებულია ცხელ ხაზის შემდეგი ნომრები – 1505, 144, 1522 და ასევე, ვებგვერდი – www.provax.ge.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close