fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: მიცოტაკისის გუშინდელი განცხადების შემდეგ 7-ჯერ გაიზარდა პირველ აცრაზე დარეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა რიცხვი

60 წელს გადაცილებული მოქალაქეების სავალდებულო აცრასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის გუშინდელი განცხადების შემდეგ საბერძნეთში აცრაზე დარეგისტრირებული ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა რაოდენობა 7-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

30 ნოემბრის 19:00 საათისთვის აცრაზე დარეგისტრირებული იყო 60 წელს გადაცილებული 6000 მოქალაქე, ხოლო პრემიერის განცხადებიდან 24 საათში კი  – უკვე 17 500, რაც თითქმის 7-ჯერ მეტია წინა დღეების მაჩვენებლებზე: მანამდე, ბოლო 10 დღის განმავლობაში პირველ აცრაზე 60 წელს გადაცილებული 2600-მდე მოქალაქე რეგისტრირდებოდა.

ცოტა ხნით ადრე მინისტრთა კაბინეტის სხდომამდე, რომელზეც მიცოტაკისმა „ბომბის აფეთქების“ ტოლფასი განცხადება გააკეთა აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 100 ევროთი დაჯარიმების თაობაზე, პრემიერი ჯერ კიდევ სწავლობდა მონაცემებს და ცდილობდა, მაქსიმალურად ეფექტიანი გამოსავალი მოეძებნა. მთავრობის ვერდიქტი, რომელმაც გადაწყვიტა ავსტრიის მაგალითი გაეზიარებინა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო  და, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, შესაძლოა მიცოტაკისის და მისი მთავრობის პოლიტიკური რეიტინგი მნიშვნელოვნად შეამციროს. ამის მიუხედავად საბერძნეთის პრემიერმა არჩია, არაპოპულარული გადაწყვეტილება მიეღო და ქვეყანა კორონავირუსის მორიგი აფეთქებისა და ჩაკეტვისგან და ეკონომიკა ვარდნისგან დაეცვა.

პრემიერის ამ არაპოპულარული განცხადებიდან რამდენიმე საათში პირველ დოზაზე დარეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა რაოდენობა გასამმაგდა. შესაძლოა ასეთი მკვეთრი ზრდა დროებითი იყოს და მაინც, ექსპერტები, რომლებიც სტატისტიკაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ეს თვალსაჩინო მაგალითია და გადაწყვეტილება ეფექტიანი აღმოჩნდა.

მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მოუწოდებენ ხანდაზმული ასაკის მოქალაქეებს, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, კარგად აწონ დაწონონ ყველაფერი და მიიღონ არა მარტო თავიანთი თავისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

როგორც მოგეხსენებათ, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც აცრაზე უარს იტყვის, 100 ევროთი დაჯარიმდება ყოველთვიურად და ამ სანქციას ვერავინ აიცილებს თავიდან. „ეს იმის ანალოგიური არ არის, როდესაც საგზაო ინსპექტორი გამოგიწერთ ჯარიმის ქვითარს  და ამ ქვითარს მოისვრით. ეს ჯარიმა დადასტურებული იქნება AADE-ს (სახელმწიფო შემოსავლების სამსახური – რედ.) მიერ“, – აცხადებენ სამთავრობო წრეებში.

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კორონავირუსის გავრცელების და აცრის მაჩვენებლებმა სხვა ევროპულ ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა საბერძნეთის ანალოგიურია.

60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციის მაჩვენებელი შეადგენს:

პორტუგალიაში (10.31 მლნ) – 96%-ს, დანიაში (5.831 მლნ) – 99,1%-ს, ხოლო საბერძნეთში (10.72 მლნ) – 83%-ს.

ამ ფონზე დანიასა და პორტუგალიაში სიკვდილიანობა და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საბერძნეთში;

საბერძნეთში კოვიდით ყოველი 10 გარდაცვლილიდან 9 – 60 წელს გადაცილებული ადამიანია; ინტუბირებულ ყოველ 10 პაციენტს შორის 7 პაციენტი 60 წელზე მეტი ასაკისაა და 10-იდან 8 – არ არის ვაქცინირებული.

ბერძნული მედიის ცნობით, თესალონიკის საავადმყოფოები იტყობინებიან, რომ არ ჰყოფნით საწოლები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და რომ ძალიან ბევრია ინტუბირებული პაციენტები, რომლებიც ჩვეულებრივ პალატებში იმყოფებიან. თესალონიკის პროკურატურა იკვლევს შემთხვევებს, როდესაც უცნობები კოვიდ-19-ით დაავადებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების ახლობლებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საწოლს 3500 ევროდ და უფრო ძვირად სთავაზობენ.

ბოლო ასეთი ინციდენტი ერთ-ერთი პაციენტის ცოლს შეემთხვა, რომელიც აგიოს პავლოსის საავადმყოფოშია მოთავსებული; პაციენტი ინტუბირებულია, თუმცა რადგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილი არ არის, ჩვეულებრივ პალატაში წევს. პაციენტის ცოლს უცნობმა ქალმა დაურეკა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მისი ქმრის გადაყვანის სანაცვლოდ 3500 ევრო მოსთხოვა.

რაც შეეხება სტატისტიკას: ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში კოვიდ-19-ით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა; გამოვლინდა 6196 ახალი შემთხვევა, ინტუბირებულია 690 პაციენტი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close