fbpx
საზოგადოებასაქართველო

ჩაირთო აცრაზე რეგისტრაციის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა

ჩაირთო ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა.

როგორც ცნობილია, „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია პორტალზე გუშინ,  3 ივლისს, 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა პორტალი გაითიშა და მსურველებმა რეგისტრაცია ვერ შეძლეს.

ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლების პირველი ნაწილებით.

285-ე მუხლი კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა, მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შეძენა, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს, 286-ე მუხლი კი – კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანებას, წაშლას, შეცვლას ან დაფარვას ითვალისწინებს.

ჩინური წარმოების ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი – „სინოვაკი“. ჯერჯერობით რეგისტრაცია მიმდინარეობს „სინოფარმის“ ვაქცინაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა 2 კვირაზე იქნება გახსნილი „სინიოფარმის“ ვაქცინაზე, დააკვირდებიან, როგორი იქნება აქტიურობა და შემდეგ უკვე მთელი თვის და მთელი ზაფხულის პერიოდზე გაიხსნება დაჯავშნა არა მარტო „სინოფარმზე“, არამედ „სინოვაკზე“ და „ფაიზერზეც“.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, პირველი დოზით ვაქცინირებულთა ნაწილისთვის ისევ გაურკვეველია, როდის შეძლებენ მეორე დოზის მიღებას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ დოზები საკმარისია, რათა 10-12 კვირის თავზე ყველა აიცრას მეორე დოზით, მისივე თქმით, „იუნისეფიდან“ დაპირებული ვაქცინები რამდენიმე დღეში შემოვა.

„დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფიდან“, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა. ჯერჯერობით ვაქცინების დღევანდელი დოზები საკმარისია იმისთვის, რომ 10-12 კვირის თავზე ყველა აიცრას მეორე დოზით და ასევე იცრებიან ის პირები, რომელთაც გადაუდებელი საჭიროების გამო მოგზაურობისთვის ჰქონდათ ბილეთები აღებული და სჭირდებოდათ „ასტრაზენეკათი“ აცრა“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close