სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავად ბრალდებული ნიკა მელია სასამართლოში არ გამოცხადებულა.
პროკურორი მიხეილ სადრაძე იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია კანონის შესაბამისად იმოქმედებს და შესაბამის უწყებაში გამოცხადდება.
„რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ დაავალა სპეციალურ ორგანოს აღსრულება, ამ გადაწყვეტილებებს შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში“, – აცხადებს პროკურორი, თუმცა ვადას არ აკონკრეტებს
16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა.
კომენტარები