ემიგრანტების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ემიგრანტები ასაჩივრებენ გასული წლის ბოლოს მიღებულ ცვლილებას საარჩევნო კოდექსში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს.
საია აცხადებს, რომ ეს შეზღუდვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას.
„ის ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს – ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით – რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს, პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ შრომის ფასად მიღებული შემოსავალი ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც თავად ემიგრანტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა
„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 17 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთის 42 სახელმწიფოში გახსნილ 67 საარჩევნო უბანზე მმართველმა პარტიამ ძალიან დაბალი მაჩვენებლები დააფიქსირა. ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთ მყოფი იმ 34 290 ამომრჩევლიდან, რომლებმაც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, „ოცნებას“ მხარი დაუჭირა დაახლოებით 13,4%-მა. უბნების უდიდეს უმრავლესობაში მმართველი პარტია დამარცხდა, თუმცა მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა მეზობელ ქვეყნებში – თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ყველაზე ცოტა ხმა „ოცნებამ“ მიიღო გერმანიაში (5,3%) და აშშ-ში (7%).
საიაში აცხადებენ, რომ ამ სარჩელით არ შემოიფარგლებიან და უახლოეს მომავალში ორგანიზაცია გეგმავს, ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოება გაგრძელოს.



